მსოფლიო იარაღის ბაზარი და ახალი ლიდერები მსოფლიო იარაღის ბაზარი და ახალი ლიდერები />


  10:50:58     30-06-2011

მსოფლიო იარაღის ბაზარი და ახალი ლიდერები

a7542.jpg

2008 წელს, დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, უარყოფითად ბევრ რამეზე აისახა. მომდევნო წელსაც კი, მსოფლიოს აირაღის ბაზარზე, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს, რადიკალური ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. მეტიც, მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა ახალი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენაზე უარი თქვეს. ზოგიერთმა კი გაფორმებული კონტრაქტებიც გააუქმა.

2010 წელს ამ მხრივ პირველი რადიკალური ცვლილებები შეინიშნა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შარშან 7.2 მილიარდი დოლარის საერთო ოდენობის შეიარაღების გაყიდვით, ქვეყანა მსოფლიოს ოთხეულში მოხვდა. უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და გერმანიას აქვს. მაგრამ უახლოეს მომავალში ოთხეულში ცვლილებებია მოსალოდნელი და თანაც რადიკალური.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქამდე არნახული ტემპებით ვითარდება. მეტიც, თუ აქამდე ჩინეთის სამხედრო მრეწველობა ძირითადად შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული, ახლა უკვე თავისი ნახელავი ექსპორტზეც გააქვს. რამდენად ხარისხიანია ჩინური სამხედრო პროდუქცია ეს მეორე საკითხია, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რომელიც მის სასარგებლოდ თამაშობს სიაფეა. მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის კი ეს მისწრებაა. ასე რომ უახლოეს მომავალში ზემოთხსნეებულ ოთხეულში შემავალ ქვეყნებს ჩაჩოჩება მოუწევთ.

თავად ისრაელი სულ სხვა ციფრებს ასახელებს. მისი მტკიცებით გაყიდული შეიარაღების ღირებულება 9.6 მილიარდი დოლარია (შედარებისთვის საქართველოს ბიუჯეტი 7 მილიარდია). ზემოთხსენებული 7.2 მილიარდი ექსპორტზე გატანილი იარაღი და ტექნიკაა. ხოლო დარჩენილი 2,4 მილიარდი - საკუთარი თავდაცვის უწყების შენაძენის საერთო ღირებულებაა.

მსგავსი მზარდი ტენდენცია უკევ რამოდენიმე წელია შეიმჩნევა. ყოველწლიურად ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული პროდუქციის 80 % ექსპორტზე გადის.

მაგალითისთვის 2005 წელს უცხოელი მყიდველებისთვის მიყიდული სამხედრო პროდუქციის საერთო ღირებულებამ 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მომდევნო წელში ის 4.9 მილიარდამდე გაიზარდა. 2008-ში კი უკვე 6.6 მილიარდს მიაღწია. ეს ციფრები სამხედრო ექსპორტის დინამიური გაზრდის ნათელი მაჩვენებელია.

ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო და შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდული პროდუქციის ძირითად ნაწილს უპილოტო საფრენი აპარატები (ამ სექტორში ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია), შეიარაღების ისეთი სისტემები როგორიცაა მართვადი მოდულები, რადარები, სენსორები წარმოადგენენ. ისრაელისგან იარაღის იმპორტიორის რიცხვში საქართველოც არის. ამ ქვეყნისგან ჩვენ შევიძინეთ Hermes-450-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, Wolf-ის ტიპის ჯავშანმანქანები, Grad-LAR-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები,  Tavor-ის ტიპის ავტომატები და Negev-ის ტიპის ტყვიამფრქვევები, სხვადასხვა სახის კავშირგაბმულობის საშუალებები, Spyder-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. ჩამოთვლილი იარაღი თუ სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა წელს რუსთაველზე, სამხედრო აღლუმზე იყო ნაჩვენები.

უპილოტოსთან შედარებით, უმნიშვნელო ადგილი ისრაელის სამხედრო ექსპორტში პილოტირებად ავიაციას უკავია. კერძოდ კი Kfir-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს. დღეისთვის მისი ოპერატორები ისრაელის გარდა კოლუმბია, შრი-ლანკა და ეკვადორი არიან. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ეს თვითმფრინავი ებრაელების შექმნილი ნამდვილად არ არის. თავის დროზე ისრაელმა საფრანგეთისგან Mirage III-ის ტიპის თვითმფრინავები შეიძინა. შემდგომ ცოტათი გადააკეთა, საკუთარ მოთხოვნებს მოარგო და დღეს იარაღის ბაზარზე როგორც საკუთარ გამოგონებას ასაღებს.

მეტიც გასულ წელს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ თამამ ნაბიჯზე წავიდა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამიერიდან ექსპორტზე მთავარი ებრაული ტანკის Merkava Mark IV-ის გატანა შეიძლება. ცნობისთვის ეს მსოფლიოში ერთადერთი ტანკია რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. დღეისთვის ის ისრაელის გარდა არც ერთი ქვეყნის შეიარაღებაში არ არის. მის გარდა ექსპორტს ექვემდებარება ჯავშანტრანსპორტიორები და საინჟინრო მანქანები.

ამ ნომენკლატურაში ტაქტიკური დანიშნულების რაკეტასწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Iron Dome (ქართულად "რკინის გუმბათი") მოხვდა. მართალია თავად ისრაელს დაგეგმილი ოციდან ამ კომპლექსის მხოლოდ ორი ბატარეა აქვს შეძენილი. თუმცა თუ ის მართლაც ექსპორტზე გაიყიდა, ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება.

"რკინის გუმბათი" ისრაელის ტერიტორიას ღაზას სექტორიდან ნასროლი უმართავი რაკეტებისგან იცავს. მისი მოქმედების დიაპაზონი 4-დან 70 კმ-მდე დისტანციით განისაზღვრება.

შარშან, 2010 წელს მსოფლიოს მთავარი სამხედრო ექსპორტიორი აშშ გახდა, რომელმაც 31.6 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გაყიდა. ექსპორტის მოცულობის მიხედვით, მეორე ადგილი ათი მილიარდით რუსეთმა დაიკავა. მესამე ადგილზე კი გერმანიაა. მართალია 2010 წლის ოფიციალური მონაცემები მას ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ თუ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს ციფრებს ვენდობით, იარაღის ექსპორტმა 8.7 მილაირდი დოლარი შეადგინა.

იმავე 2009 წელს თუ გადავხედავთ, მსოფლიოში გაყიდული მთელი შეიარაღების 30 % აშშ-ზე მოდიოდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილი რუსეთს ეკავა – 24 %, მესამე გერმანიას - 11 %, მეოთხე საფრანგეთს - რვა პროცენტით. ხუთეულის ბოლო ადგილი დიდ ბრიტანეთს 4 პროცენტით ეკავა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩინეთს, რომელიც მსოფლიო იარაღის ბაზარზე ბოლო წლებია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მართალია რეალურად საკუთარი რესურსებით ჩინელები არაფრის შემქმნელები არ არიან. 95 %-ის შემთხვევაში ისინი უცხო ქვეყნების სამხედრო ტექნიკასა და იარაღს აკოპირებენ "აუმჯობესებენ" და მერე შეიარაღებაში იღებენ. უმეტეს წილად ისინი საბჭოურ ან რუსული ტექნიკას "აქსეროქსებენ".

დღეს ჩინეთი უცხოურ ქყვეყნებს აქტიურად სთავაზობს, საზენიტო რაკეტებს, საარტილერიო კომპლექსებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას. საუბარია FC-1, J-10 და  J-11-ის ტიპის გამანადგურებლებზე, Y-8-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებზე, ჯავშანმანქანებზე ZBL-09, სარაკეტო კომპლექსები SY-400 და HQ-16.

ასე რომ უახლოესი წლების განმავლობაში იარაღის ექსპორტიორი ქვეყნების პოზიციები შესაძლებელია კოორდინალურად შეიცვალოს. ლიდერად უდაოდ აშშ დარჩება, დანარჩენებს კი ჩაჩოჩება მოუწევთ.

0

ავტორი: