13:16:15     29-06-2011
მერაბ კოსტავას "მეცხრე სიმფონია"
დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს უნდა გავახსენო, ახალგაზრდებს კი უნდა გავაცნო საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას წერილი "მეცხრე სიმფონია".
მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ რამდენად განათლებული და ნიჭიერი გმირები ჰყავდა საქართველოს, მათ შორის XX საუკუნეში.
მერაბ კოსტავა მხოლოდ დისიდენტი არ ყოფილა, თუმცა ეს ცოტა არაა, იგი მრავალი ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. ჩვენს მკითხველს 26 მაისს, მერაბის დაბადების დღეს შევახსენე მისი რამდენიმე ლექსი. დღეს, როდესაც ხელოვნების პროფანაცია, მორალური და შემოქმედებითი დეკადანსი მოეძალა ქართულ სინამდვილეს, მერაბ კოსტავა თავისი გმირული ცხოვრების მაგალითით, შესანიშნავი ლექსებით თუ წერილებით მუსიკაზე და სხვადასხვა საკითხზე, ისევ საქართველოს ღირსების სადარაჯოზე დგას. საბედნიეროდ მას ჰყავს ღირსეული გამგრძელებლები, რომელთაც ჩვენ ნელ-ნელა წარმოვაჩენთ.
წინამდებარე წერილში გადმოცემულია ერთი ღირსშესანიშნავი საღამო მაშინდელი საქართველოს (და სომხეთის) მუსიკალური ცხოვრებისა. ეს დიდი ნაციონალისტი, ნამდვილი ინტერნაციონალისტიც იყო. წერილში კარგადაა დანახული ტალანტი ახალგაზრდა დირიჟორისა. მკითხველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მერაბ კოსტავა შესანიშნავად წერდა, მშვენივრად ფლობდა ქართულ ენას. იყო ძალიან კარგი მუსიკათმცოდნე და ზოგადად ხელოვნებათმცოდნე... რაც მთავარია, ამ წერილში მკითხველი იპოვის მერაბ კოსტავას, უდიდესი ჰუმანისტის ცხოვრებისეულ კრედოს.
მეცხრე სიმფონია
ამას წინად, საქართველოს სიმფონიური ორკესტრისა და სომხეთის სახელმწიფო კაპელის ერთობლივი ძალებით თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ხალხით გაჭედილ დიდ დარბაზში აჟღერდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.
ადვილი როდია ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან, სიმფონიური მუსიკის ამ მართლაც გვირგვინთან ხელდახელ შებმა. მსოფლიოს უდიდესი დირიჟორები ერთ-ერთ უკანასკნელ ეტაპად მიიჩნევდნენ ამ ზღუდემაგარი გოდოლის აღებას, თვითგამობრძმედისა და გამოცდილების მაქსიმუმს რომ მოითხოვს. ჯანსუღ კახიძე თუმცა ჯერაც ახალგაზრდა დირიჟორია, მაგრამ შიშველი ხელებით არ შეჭიდებია ამ სიძნელეს. იგი კარგა ხანია შეეთამაშა კიდეც და წარმატებითაც ბერლიოზის, ბრამსის, რიჰარდ შტრაუსის და სხვათა ურთულეს პარტიტურებს, რაც მცირე განაცხადი როდია. ისიც ცნობილია, რომ ევოლუციურობა, როგორც ნიჭისა და შრომისმოყვარეობის ბედნიერი თავშესაყარი, მისი შემოქმედებითი ცხოვრების უმთავრესი ნიშანთვისებაა. ასე რომ, კეთილი სურვილებითა და ცხოველი ინტერესით ელოდა ჩვენი საზოგადოება ამ ორთაბრძოლას.
ამჟამად, გარდასულ შთაბეჭდილებათა განჭვრეტისა და ესთეტიკური ანალიზის შედეგად შემიძლია დავსძინო, რომ ჯანსუღ კახიძის ხელოვნების დემონსტრირებას ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში უდავოდ წარმატება ახლდა. არსად დილეტანტიზმი, არც კონტაქტის შენელება მსმენელთან, ან ჩავარდნები ამ სიტყვის ულმობელი გაგებით, თუმცა ბეთჰოვენის გენიასთან მისმა ჭიდილმა ყველგან როდი მიიღო ტიტანური სიმძაფრე და გაქანება, არამედ უკუდარტყმებსაც ჰქონდა ადგილი.
განსაკუთრებით ეს სიმფონიის პირველი ნაწილის შესრულებაზე ითქმის. ტრაგიულობა მეცხრე სიმფონიის სონატური ალეგროსი თითქმის პრომეთეს ტრაგედიის მასშტაბებს უტოლდება. მაგრამ პრომეთეს მარტვილობის მისტერია ხომ ჭეშმარიტი ვაჟკაცობის დემონსტრიტებაცაა, რომლის უკიდეგანო ოკეანესაც მეცხრე სიმფონიის სონატური ალეგრო წარმოადგენს. მთავარი თემის აღმოცენება ქაოსიდან და ძლევამოსილებით გაჟღერება, მთელი ორკესტრის უნისონში პუნქტირული პულსით და კამარებით ერთ ფოკუსში მოქცეული, ერთი მიზნისაკენ წარმართული ნებელობის ლავა არ არის განა? ძალა არისო ყველაფრისაგან განსხვავებული ადამიანური ზნეობა, დასძენდა ბეთჰოვენი და ამგვარ ძლიერებაშიაო ჩემი ზნეობაც. სწორედ ეს ძალა აკლდა კახიძის შესრულებით სიმფონიის პირველ ნაწილს.
დირიჟორი თავდაპირველად ინტერპრეტაციის ფურტვენგლერისეულ გზას დაადგა და რამდენადმე ნელი ტემპით წაიყვანა სონატური ალეგრო, მაგრამ ამ ჩანაფიქრის ბოლომდე გამართლება მხოლოდ უნისონური ეპიზოდების მასირებული ხმოვანების და მკვეთრი პულსაციის ხარჯზე თუ შეიძლებოდა. თითქოს ინსტრუმენტების სინაკლებეაო ორკესტრში, თითქოს კლანჭები დააცვდა, რისხვის ძალა გამოუნელდაო ლომს, - ჟღერადობამ ვერ შესძრა, ბოლომდე ვერ აღავსო დარბაზი... მთლიანობა რამდენადმე დაარღვია ლირიკული ეპიზოდების ზედმეტად შენელებულმა ტემპმა. არც კოდაში იგრძნობოდა მთელის სისრულით საწუთროს ბედუკუღმართობით აღძრული მწუხარება და სასოწარკვეთა სულით ვნებული გმირისა.
უკეთ წაიყვანა დირიჟორმა მეორე ნაწილი, გრანდიოზული სკერცო: სათანადო ტემპით, მკვეთრი რიტმით, წრეგადასული ექსტატიკით, ელინური დიონისურობის ჯანსაღი სუნთქვით. ეს იყო ვაკხანალია კუდიანების გარეშე, უკიდეგანო დიონისურობა, რომელსაც ჯერ არ მოვლენია მეფისტოფელი თავისი როკაპებით, შემდგომში ბერლიოზისა და ლისტის შემოქმედებას რომ შემოეხიზნენ. ტრიოში რამდენადმე უღიმღამოდ ჟღერდა ვალტორნის სოლო.
სიმფონიის მესამე ნაწილი (ადაჟიო) ჯანსუღ კახიძემ ლირიკოსის მაღალი ნიჭითა და დირიჟორობის რომანტიული ხელწერით წარმოგვიჩინა. ფაქიზი და ამასთან სავსე ხმოვანებით ააჟღერა მან თემები ვარიაციებით, ისე რომ ამ ერთობ ვრცელ, უკონფლიქტო, ნელ ნაწილში არსად გამოუჟონავს დუნე, მოსაწყენ ერთფეროვნებას. რთული პოლიმელოდიური ფაქტურის ყოველი ხმა თავისუფლად სუნთქავდა ამაღლებული ლირიკისა და მშვიდი ჭვრეტის ღვთაებრივ ატმოსფეროში. ალბათ ამგვარი განწყობილებისათვის უთქვამს გოგოლს ოდესღაც, რომ მხოლოდ დამშვიდებულ ზღვას თუ ძალუძსო აირეკლოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.
და მაინც, შესრულების პროფესიული დონით მეტადრე სიმფონიის ფინალი გამოირჩეოდა. სიხარულისადმი, ელიზიუმის ამ უბიჭო ქალწულისადმი (შილერი) აღვლენილი ეს მონუმენტური დითირამბები, მუსიკისა და პოეზიის სინთეზი, მანამდე უცნობი საშუალებების გამოყენებით (ორკესტრი, გუნდი, ვოკალური კვარტეტი), ურთულესი ფორმით (ვარიაციის, რონდოს, ფუგისა და სონატური ალეგროს ნაზავი), ჟანრული მრავალფეროვნებით (სასიმღერო, საცეკვაო, მარში და ა. შ.) დირიჟორისგან საფუძვლიან საინტეპრეტატორო წრთობას მოითხოვს. წინამდებარე ნაწილთა თემების თანმიმდევრული გატარებით მუსიკის ისტორიაში აქ პირველად გვხვდება განჭვრეტა წარსულისა. მაინც საიდან იშვა გამკივანი, გულისგამწონავი ფანფარის შემდეგ რეტროსპექციის ამგვარი იდეა? გავიხსენოთ ცხოვრების მეორე ნახევარში ბეთჰოვენის ჩაღრმავება ბერძნულ და ინდურ ფილოსოფიაში, ან როგორ ეწაფებოდა იგი ბერძნულ ენას, რათა პლატონი ორიგინალში წაეკითხა.
ასე ცდილობდა ჭეშმარიტებას მოწყურებული ხელოვანი გასაღების მორგებას იმ ეგვიპტური გამოცანა-წარწერისათვის, მთელი სიცოცხლე საწერ მაგიდასთან რომ ჰქონდა გაკრული: "მე ვარ არსებული. მე ვარ აწმყო, წარსული და მყოფადი. არც ერთი მოკვდავის ხელს არ გადაუხდია ჩემთვის საბურველი. იგი მარადია და მას უნდა უმადლოდეს ყოველი თავის არსებობას". პლატონის ფილოსოფიის ძირეული დებულებით კი "ძიება და შემეცნება სხვა არაფერია, თუ არა მოგონება უკვდავი სულისა, რომელიც მრავალგზის იბადება, რომელსაც ყველაფერი უნახავს როგორც აქ, ისე საიქიოშიც და რომელმაც იცის ყველაფერი" (პლატონის "მემნონი"). სწორედ მოგონების ამ იდეას უნდა დაემჩნია კვალი მეცხრე სიმფონიის ფინალისათვის. მაგრამ ყოვლისმომცველი ცნობიერება ხომ წარმოუდგენელია იდეალური ჰარმონიის გარეშე, რადგან წარსულის განჭვრეტა ადამიანთა შორის ურთიერთობის გარკვევი, სინდისის გამოღვიძების, სინანულისა და ურთიერთშენდობის საწინდარიცაა. მხოლოდ ამგვარად თუ შეიძლება აღმოცენდეს ძმობისა და ერთობის არა აბსტრაქტული იდეა, არამედ პრაქტიკული განხცორციელების რეალური შესაძლებლობა.
ასე თავისუფლდება ადამიანი თავისი პატარა მეობის, ეგოიზმის ტყვეობიდან და ხდება სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, უზენაესი სიხარულის თანაზიარი, აუცილებლობისა და თავისუფლების შემარიგებელი და გამაიგივებელი. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო სიხარულის თემის გატარება წარსულის განჭვრეტის შემდეგ: ამ მარტივმა, მაგრამ ზეაღმტაცნა მელოდიამ რბილად გაიჟღერა ჯერ სიმაბიან საკრავთა ბანებში, შემდეგ უფრო მაღალი დაწმენდილი რეგისტრებიც მოიცვა. ჯანსუღ კახიძემ ბრწყინვალედ ჩაატარა ეს საორკესტრო ეპიზოდი, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა მივიჩნიოთ არა მარტო მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, არამედ საერთოდ ქართული სიმფონიური შესრულების ისტორიაშიც.
საღამო დაამშვენა სომხეთის სახელმწიფო კაპალამ ჩეკიჯიანის ხელმძღვანელობით. გასაოცარი ერთსულოვნება, რბილი საერთო ტემბრი, ფრაზების ფაქიზი დაბოლოება, კონტრასტების მკაფიო შეგრძნება, აი რით წარმოგვიჩნდება იგი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი, რომელიც კი ოდესმე მოგვისმენია.
მეცხრე სიმფონიის დადგმა თბილისში არა მარტო ურთიერთის ფარდი ორი ხელოვანის წარმატება, არამედ შემსრულებელთა და მრავალრიცხოვან მსმენელთა ზეიმიც იყო. მუსიკა, როგორც ყველაზე ინტერნაციონალური იმპულსების შემცველი, ერთობლივი შემოქმედებისათვის გაცილებით ფართო შესაძლებლობებს იძლევა. სასურველია სომხეთისა და საქართველოს მუსიკოსთა მეგობრობისა და ურთიერთობის საკითხები მუდამ ასეთ მაღალ სფეროებში წყდებოდეს.
0