10:51:56     28-06-2011
ატომური მატარებელი
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, გერმანელები ვერნერ ფონ ბრაუნის ხელძღვანელობით "ფაუ-2"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტაზე მუშაობდნენ. 1943 წლის ჰიტლერის ბრძანებით, მისი სერიული წარმოებაც კი დაიწყო. მაგრამ ამ გამოგონებამ ვერ მოახერხა უკვე განწირული გერმანიის გადარჩენა.
მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მაგრამ დედამიწაზე ახალი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ისტორიაში ცივი ომის სახელით შევიდა. აშშ და საბჭოთა კავშირი პოტენციურ მოწინააღმდეგებად გადაიქცნენ. ორივე მათგანი "ფაუ-2"-ის გაუმჯობესებაზე მუშაობდა, რომ მას ომის დაწყების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის ტერიტორიამდე მიღწევა შესძლებოდა. მაგრამ თავად რაკეტის სასტარტო პოზიციების განადგურება იოლი იყო. ამიტომაც ცოტა ხანში სამხედროებმა რაკეტების კონსტრუქტორებს ისეთი რაკეტების შექმნა დაავალეს, რომლებიც სტარტს მიწისქვეშა შახტებიდან აიღებდნენ. ამ მხრივ რაკეტა უფრო დაცული იქნებოდა.
გავიდა წლები და დღის წესრიგში ბალისტიკური რაკეტის მოძრავი გამშვები დანადგარის შექმნის საკითხი დადგა. საჭირო იყო ისეთი კომპლექსის შექმნა, რომელიც მუდმივად შეძლებდა სასტარტო პოზიციის ცვლილებას.
ამ საკითხში, მოსკოვმა ვაშინგტონს ბევრად გაუსწრო და მსოფლიოში ერთადერთი მობილური სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსი 15П961 Молодец შექმნა. ის РТ-23УТТХ-ს ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით იყო შეიარაღებული. მისი მთავარი უპირატესობა შეუმჩნევადობა იყო. კოსმოსიდანაც კი, ასეთი მატარებლების კვალის მიგნება, არც ისე იოლი საქმე იყო.
მაგრამ მარტივი არც თავად კომპლექსის შექმნა იყო. ერთის მხრივ მარტივი იდეა - რაკეტის ამოღება მიწიდან და მისი ლიანდაგებზე დადება - ძალზე ბევრ ტექნიკურ საკითხის გადაწყვეტას საჭიროებდა.
საჭირო იყო კონკრეტულ შემთხვევაში, ლიანდაგებზე მოქმედი დატვირთვის ცოდნა, რადგან გრუნტი ყველგან არაა ერთნაირი. სპეციალურად იმ შემთხვევისათვის თუ გაშვების მომენტში, მატარებლის თავზე მაღალი ძაბვის საკონტაქტო სადენები იქნებოდა, შემუშავებული იყო სადენების გვერდზე გაწევის სპეციალური მექანიზმი.
დიდ პრობლემას, ლიანდაგზე მოსული დატვირთვის შემცირება წარმოადგენდა. საბჭოთა სარკინიგზო ლიანდაგებზე მოსული ღერძული დატვირთვა 25 ტ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, წინაღმდეგ შემთხვევაში ლიანდაგი ტყდებოდა. სარაკეტო კომპლექსის შემთხვევაში კი, მარტო რაკეტა თითქმის 105 ტ-ს იწონიდა. ამას კიდევ ემატებოდა კონტეინერის წონა - 25 ტ, რაკეტის სასტარტო პოზიციაში მომყვანი მოწყობილობის წონა - 25 ტ და თავად მოდიფიცირებული ვაგონ-რეფრეჟერატორის წონაც - 38 ტ. ასე რომ მთლიანობაში ერთი საბრძოლო ვაგონის წონა თითქმის 200 ტ-ს "უკაკუნებდა".
საქმეს არც ვაგონების დამატებით ორი ურიკით (თითო ურიკა ორღერძიანია) აღჭურვამ უშველა (საბრძოლო ვაგონი რვა ღერძიანია) და გამოსავალის საპოვნელად კონსტრუქტორებმა საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს მიმართეს - მათ სპეციალური "განმტვირთავი" მოწყობილობები შექმნეს, რომლებიც დატვირთვის ნაწილის მეზობელ ვაგონებზე გადაცემდნენ. ასე რომ შემადგენლობაში საბრძოლო ვაგონები ერთის გამოტოვებითაა ჩაბმული.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მატარებელში იმყოფება ხალხი. მათ სჭირდებათ საძინებლები, სასადილო, დასასვენებელი ოთახები და ა.შ. აგრეთვე საჭიროა საწვავის, სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტის მარაგი.
ასე, რომ ზემოთ ხსენებული მარტივი იდეის განხორციელება არც ისე მარტივი ყოფილა. სწორედ ამიტომაც იყო რომ კომპლექსის შექმნაზე 30 სამინისტრო და ორგანიზაცია, და დაახლოებით 130-ზე მეტი საწარმო მუშაობდა.
რაკეტის შექმნისას კონსტრუქტორები ვერ ჩაეტივნენ მოცემულ ზღვრებში და ის სტანდარტულ ვაგონ-რეფრეჟერატორზე გრძელი გამოვიდა. რაკეტის სიგრძის შემცირება შეუძლებელი იყო და მდგომარეობიდან გამოსავალის საპოვნელად ვაგონი საჭირო ზომამდე დააგრძელეს.
პირველი მატარებელი საბრძოლო მორიგეობაზე 1987 წელს, ხოლო ბოლო - მეთორმეტე - 1991-ში დადგა. კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მყარსაწვავზე მომუშავე სამსაფეხურიანი რაკეტის (პლუს საბრძოლო ქობინების დაყოფის საფეხური) ფრენის მანძილი 10100 კმ-ს შეადგენდა. მისი სასტარტო წონა 100 ტ-ს აღემატებოდა და საბრძოლო ნაწილში 0,43 მეგატონის სიმძლავრის ათი საბრძოლო ქობინი თავსდებოდა. დისლოცირდებოდნენ საბრძოლო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსები კრასნოიარსკთან, პერმსა და კასტრომასთან.
სარკინიგზო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
- რაკეტა РТ-23УТТХ-ის სამი გამშვები მოდული (სამი ვაგონი);
- სამუთაურო მოდული, შვიდი ვაგონის ოდენობით;
- ვაგონი-ცისტერნა საწვავ-საპოხი მასალების მარაგით;
- სამი თბომავალი
გარედან ეს სარკინიგზო კომპლექსი როგორც ჩვეულებრივი რეფრეჟერატორებისა და სამგზავრო ვაგონებისაგან შემდგარი შემადგენლობა გამოიყურება. ერთადერთი ვიზუალური განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ვაგონ-რეფრეჟერატორები რვაღერძიანია. მაგრამ ყველას არ შეეძლო ამ განსხვავების დანახვა. მეტიც, დასავლეთის დაზვერვის დასაბნევად, რეფრეჟერატორებზე ცრუ წარწერებსაც აკეთებდნენ: при маневрах не толкать, грузоподъемность 135 тонн, для перевозки легких грузов. მათი წაკითხვა კი ჩვეულებრივ "მშვიდობიან" ვაგონებზეც შეიძლებოდა.
საბრძოლო პატრულირებისას, ბრძანების მიღების შემთხვევაში, რაკეტის გასროლა 24 საათის განამავლობაში იყო შესაძლებელი. შემადგენლობის გაჩერების შემდეგ, ხდებოდა მისი კოორდინატების განსაზღვა. შემდეგ საბრძოლო ვაგონის სახურავი იხსნებოდა და სპეციალურ მოწყობილობას რაკეტის გამშვები კონტეინერი ვერტიკალურ მდგომარეობაში მოყავდა.
1991 წლიდან ამ მატარებლებს აეკრძალათ გასვლა ბაზის ტერიტორიდან. მაშინ საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გარბაჩოვი შევიდა ამერიკელების მდგომარეობაში და მივიდა დასკვნამდე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არ ღირს მათი გაშვება ბაზის ფარგლებს გარეთ. არადა მაშინ საბჭოთა ხელისუფლება პირიქით რომ მოქცეულიყო, პენტაგონს რუსეთის ვეებერთელა ტერიტორიაზე მოძრავ ათასობით შემადგენლობებს შორის თუნდაც ერთი რაკეტული მატარებლის აღმოსაჩენად, რომელსაც 24 საათის განმავლობაში 1000კმ-ის გავლა შეეძლო, ათობით უნდა გაეზარდა თავისი ჯაშუში თანამგზავრების დაჯგუფება, ეს კი ამარიკელებს არაერთი მილიონი დოლარი დაუჯდებოდა.
1995 წელს, საბრძოლო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსი, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის "სტრატეგიული ჯარების შემცირება 2"-ის პროგრამის ფარგლებში მოხვდა. 2000 წელს დაწყებული იყო პირველი სარკინიგზო კომპლექსის უტილიზაცია. განადგურებამდე პრაქტიკულად თორმეტივე შემადგენლობამ, რესრუსის მიხედვით დადგენილი 15 წელი იმსახურა.
2005 წელს კასტრომაში, საბრძოლო მორიგეობიდან უკანასკნელი საბრძოლო სარკინიგზო კომპლექსი მოხსნეს და ბრიანსკის სარემონტო ქარხანაში უტილიზაციაზე გაუშვეს. განადგურებას მხოლოდ საბრძოლო ვაგონები ექვემდებარებოდნენ.
დაჭრას, მხოლოდ ერთი მათგანი გადაურჩა. ის კიდევ ორ დამხმარე ვაგონსა (რა თქმა უნდა არასაბრძოლო მდგომარეობაში) და ერთ ლოკომოტივთან ერთად, პეტერბურგში, ვარშავის სარკინიგზო სადგურში გახსნილ რკინიგზის მუზეუმშია გამოფენილი. 0