17:38:42     27-06-2011
პაოლოს დაბადების დღე (და რამდენიმე ლექსი)
1894 წელს დაიბადა პაოლო იაშვილი. მისი დაბადების ზუსტ თარიღზე ლიტერატურის მცოდნეები დაობდნენ. ზოგი თვლიდა, რომ ის ქვეყანას მოევლინა ზუსტად 115 წლის წინ. თუმცა, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შესანიშნავ პოეტზე, ქართული ლექსის ერთ-ერთ რეფორმატორზე, პაოლო იაშვილზე საუბარი კიდევ არა ერთხელ გევექნება.
პავლე იაშვილი დაიბადა სოფელ არგვეთში, იმერეთში, ბაბილინე ბარონის ასულ მდივნისა და ჯიბრაილ იაშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში. მამა, ჯიბრაილი შეძლებული აზნაური იყო, განათლებული კაცი, ფარმაცევტი, სტუმართმოყვარე ქართველი.
პავლეს გარდა ჯიბოს (ჯიბრაელს) კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.
პავლე (პაოლო) 1900 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქვე სწავლობდნენ მისი მომავალი განუყრელი მეგობრები ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.
1911 წლიდან სწავლა განაგრძო ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში.
1913 წელს გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად. პოეზიის გარდა გატაცებული იყო ფერწერით. პარიზში გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას (მას ხშირად ნახავდით თურმე ვერლენის ძეგლთან მჯდომარეს). პარიზშივე გაიცნო რუსი სიმბოლისტი კონსტანტინე ბალმონტი და სხვები.
1915 წელს პაოლო სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დასახლდა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ - პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული. მისი რედაქტორობით ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”. რედაქციები მამამისის სახლში იყო განთავსებული.
1917 წელა შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი. პაოლო მწერალთა კავშირის წევრი გახდა... მწერალთა კავშირთანაა დაკავშირებული მისი ცხოვრების შეწყვეტაც... თუმცა ამ საკითხზე პაოლოს გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ვისაუბროთ, 22 ივლისს.
პაოლო იაშვილის ტრიოლეტებს, სონეტებს, პატრიოტული თემატიკისა და მიძღვნით ლექსებს ცალ-ცალკე შემოგთავაზებთ. დღეს კი პრესა.გე-ს მკითხველს მინდა გავახსენო პაოლო იაშვილის რამდენიმე ლექსი, ერთგვარი ქრონოლოგიით. ესე საგანგებოდ დავალაგე.
"ზარის ხმა ქარში". ეს ერთ-ერთი ახალი განაცხადია უახლეს ქართულ პოეზიაში.
"ლანდი სიცივეში". ეს ლექსი სიმბოლიზმით გატაცებული სიტყვის ახალი ოსტატის პოეტური ბუნების შესანიშნავი ნიმუშია.
უსათაურო ("თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ"), თითქოს პაოლო იაშვილის ავტობიოგრაფია და წინასწარმეტყველებაა. პოეტმა ინასწარ იცოდა თავისი ნაადრევი გარდაცვალებაც, დიდუბის პანთეონიც, ერის თაყვანისცემაც...
"პოეზია". ეს ლექსი პაოლოს პოეტობის კრედოა (როგორც სხვები, რომელთაც სხვა დროს გავიხსენებთ)...
ზარის ხმა ქარში
ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნანი ნინა...
შორს სადღაცა ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა...
ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა,
ცვარი ბალახს მოსწყდა, სევდით დაიგმინა,
ქარში ზარის ხმა იძახის...
ნაუ ნანი ნინა!
ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:
ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს...
ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს...
ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნანი ნანა...
ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა!
სადღაც ბერი მოკვდა... ქრისტე დაჰგმო, განა,
ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?!
ზარი უფრო კვნესის:
ნაუ, ნანი ნანა...
ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას,
ქვეყნის სირცხვილს, ქვეყნის ჭორებს
ქარი ხელში ათამაშებს,
მოატარებს მთებს და გორებს,
ცოდვილ მიწას არ აშორებს.
ნაუ... ნანი... ნაუ, ნინი! ნაუ ნინა...
მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა,
წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა...
მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა,
შეწყდა ზარის კვნესა:
ნაუ... ნა... ა... ნ... ი... ნა... ნა...
(1913)
ლანდი სიცივეში
წვიმა და წვიმა, ცივი ველი, გამხდარი ლანდი.
ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა,
უნდოდა ბინა... გაციებულს დააგვიანდა,
გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.
სიკვდილი მოდის... სად მიდიხარ, ან სად იყავი?
დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი.
მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,
მწუხარო მგზავრო, ღამე ნახე და აქვითინდი.
არ იცის ქარმა ვის წაუღოს ველის ამბავი,
არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარედ,
მგზავრის ძონძებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი,
მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ!
(1915)
* * *
I
თორმეტი წლიდან აღარ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები...
მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,
თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.
ყოველდღე მოდის სიღარიბე... დილები - ბურით,
გადამიშენდნენ დღეს წითელი ჩემი ხარები,
დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით...
დავეხეტები.
მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას,
ხანჯლიან შუადღეს ვერ ვიხედები,
ვეღარ ვუმღერი შუადღის შადრევანს.
ახ! პოეზია... მეგობრობა... ჩემი სარდლობა,
ასარგადონი... ოლოფერნი... ქალების თმები,
ხმა უმაღლესი და პლანეტის უსამართლობა,
და საზოგადოდ ავი სიტყვა "როდესაც ვკვდები".
II
დამეთანხმეთ, ამეგო წესი;
დღემოკლესავით გარდავიცვალე,
და პოეზია უძვირფასესი
გამომიტირებს ყველაზე მალე.
ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა,
რადგანაც ხშირად ვიყავ მშიერი,
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი.
ქვეყნიერება ადრე დავტოვე,
სულ ზედმეტია ერის ნუგეში,
მომეგებება ჩხიკვაძე ნოე
საიქიოში და დიდუბეში.
III
გაგიჟდა... შემდეგ გარდაიცვალა
პოეტი პაოლო იაშვილი...
პოეზიისთვის ბევრი იწვალა,
მაგრამ არ იყო მისთვის საშველი.
როდესაც იყო სუსტი პატარა,
მკითხავმა უთხრა: იყავ გმირია,
ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარა
და ოცდახუთზე გადაირია.
იყოს უკვდავი მისი სამარე
და იქ შეევსოს ამქვეყნის ნაკლი,
მფარველად ჰყავდეს მეფე თამარი
და მთავარსარდლად მეფე ირაკლი.
(1918)
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: "ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს,
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
(1926)