ფრანგები წყალქვეშა ნავებისთვის ახალ რაკეტებს ცდიან ფრანგები წყალქვეშა ნავებისთვის ახალ რაკეტებს ცდიან />


  15:19:22     23-06-2011

ფრანგები წყალქვეშა ნავებისთვის ახალ რაკეტებს ცდიან

a7332.jpg

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა Scalp Naval-ის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის გაშვება წყალქვეშა მდგომარეობიდან განახორციელა. ინფორმაცია ამის შესახებ, საფრანგეთის შეიარაღების შესყიდვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით, ერთ-ერთმა ევროპულმა სამხედრო გამომცემლობამ გაავრცელა.

რაკეტის საცდელი გაშვება, ჯერ კიდევ 8 ივნისს განხორციელდა, თუმცა საჯაროდ ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გაჟღერდა. გამოცდა ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ილ-დე-ლევანის მახლობლად ჩატარდა და რაკეტა წყალქვეშ მყოფი სპეციალური პლატფორმიდან გაუშვეს. ეს უკანასკნელი წყალქვეშა ნავის იმიტაციას ახდენდა.

გამოცდის მსვლელობისას, საფრანგეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის დემონსტირებული იყო რაკეტის უშუალო გაშვება წყალქვეშა პლატფორმიდან, ჰაერში მისი სამარშო ძრავას ჩართვის პრინციპი და რაკეტის გადასვლა ფრენის კრეისერულ რეჟიმზე. მთლიანობაში, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და სამხედროები კმაყოფილნი დარჩნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს, რაკეტის სახომალდო ვერსიის გამოცდა ჩატარდა.

პერსპექტივაში, ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტების შექმნით, საფრანგეთი კონკურენციის გაწევას ამერიკული "ტომაჰავკებისთვის" გეგმავს. ამ ტიპის რაკეტები აშშ-ს გარდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშიც არის. სხვათაშორის მათი აქტიური გამოყენება, ამჟამად ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ხდება. ეს პროცესი, განსაკუთრებით ინტენსიური, ოპერაციის საწყის ეტაპზე იყო.

პერსპექტივაში Scalp Naval-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოება ორ კონფიგურაციაში მოხდება. ვერტიკალური სტარტის მქონე რაკეტების განთავსება FREMM-ის ტიპის ახალი კლასის ფრეგატებზე მოხდება. ამ ტიპის პირველი ხომალდის მშენებლობა, სახელად Aquitaine ამჟამად მიმდინარეობს. საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში, ის 2012 წელს შევა. არსებული ცნობებით, თვითოეული ასეთი ფრეგატის ბორტზე 16 რაკეტის განთავსება მოხდება.

რაც შეეხება რაკეტის მეორე კონფიგურაციას, ის სპეციალურად წყალქვეშა ნავებზე განსათავსებლად შეიქმნა. გეგმის მიხედვით რაკეტის ეს მოდიფიკაცია, ახალი Barracuda-ს ტიპის მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავის შეიარაღებაში შევა. პირველი ასეთი წყალქვეშა ნავის მწყობრში ჩადგომა 2016 წლისთვის იგეგმება.

რაც შეეხება თავად ფრთოსან რაკეტას, მასზე მუშაობა 1984 წელს დაიწყო. მისი სახელწოდება SCALP-EG იშიფრება როგორც - შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის, ავტონომიური დამიზნების სისტემის მქონე, მრავალმიზნობრივი ფრთოსანი რაკეტა (Systeme de Croisiere conventionnel Autonome a Longue portee Precis – Emploi General purpose).

საწყის ეტაპზე, რაკეტის შექმნის მიზანს, მისით თვითმფრინავების შეიარაღება წარმოადგენდა. გეგმით ის "რაფალისა" და "ევროფაიტერის" შეიარაღების არსენალში უნდა შესულიყო. პროექტირების პროცესში რაკეტით ბრიტანელებიც დაინტერესდნენ, თუმცა მას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს. მოხერხებულმა ფრანგებმა, რეალური შეკვეთის ხელიდან გაშვება არ მოისურვეს და ინგლისელებს რაკეტის ცალკე მოდიფიკაცია შეუქმნეს, რომელსაც Storm Shadow უწოდეს. შემდგომში, 1997 წელს ინგლისელებმა საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალების შესაიარაღებლად 900 ასეთი რაკეტა შეიძინეს.

ამასობაში ფრანგები მიხვდნენ, რომ რაკეტა საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და მისი გამოყენება არა საჰაერო მატარებლებიდან შეიძლება.

1998 წლის იანვარში, საფრანგეთის თავდაცვის სამინიტრომ, მწარმოებელთან 745 მლნ დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2003 წლიდან ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის 500 რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებდა.

რაკეტის სიგრძე 5,1 მ-ია, მაქსიმალური სიგანე კი - 1.6 მ. სტარტისა და ძრავას ჩართვი შემდეგ, რაკეტას ფრთები ეშლება, რომელთა გაქანიც 2.84 მ-ს შეადგენს.
ძალური დანადგარის სახით, მასზე ერთი ტურბორეაქტული ძრავა გამოიყენება, რომელიც მას მაქსიმალურ 1000 კმ/სთ-ის ტოლ სიჩქარეს ანვითარებინებს. SCALP-EG-ის ტიპის რაკეტა 1230 კგ-ს იწონის. რაკეტის გამოყენების მაქსიმალური დისტანცია 250 კმ-ია.

მისი ფიუზელაჟის ცენტრალურ ნაწილში, 2,2 მ-ის სიგრძის ნაკვეთური მდებარეობს, რომელიც საბრძოლო დატვირთვის განსათავსებლად არის განკუთვნილი. მისი სახით სხვადასხვა ტიპის მუხტების გამოყენება შეიძლება. მათ შორის კასეტურის, მსხვრევად-ფუგასურის, ქვეით ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების. არსებობს ბეტონსაწინააღმდეგო საბრძოლო ქობინიც, რომელსაც 5-7 მ-ის სისქის ბეტონის გარღვევა შეუძლია.

SCALP-EG-ის კონსტრუქცია რადიოლოკაციური შემჩნევადობის პრინციპების გამოყენებით არის შექმნილი. რაკეტის კორპუსი ბრტყელი ზედაპირების აგდაკვეთით არის შექმნილი. მათი გადაკვეთის ადგილებში კი კორპუსს მომრგვალებული ფორმები გააჩნია. კორპუსი კი მთლიანად რადიომშთანთქავი მასალით არის დაფარული.

რაკეტის იმ მოდიფიკაციას, რომელიც წყალქვეშა ნავების შესაიარაღებლად იქნება განკუთვნილი, მცირე კონსტრუქციული განსხვავებები ექნება. ეს განსხვავება მყარსაწვავიანი რაკეტული ამაჩქარებლის არსებობაში მდგომარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ რაკეტას რეაქტიული ძრავა აქვს, მისი მუშაობისთვის ჰაერია საჭირო. შესაბამისად წყალქვეშა მდგომარეობიდან მის სტარტს, ორი დენთის ამაჩქარებელი უზრუნველყოფს. ძირითადი სამარშო ძრავა კი უკვე რაკეტის ჰაერში ყოფნისას ირთვება.

არსებული ინფორმაციით, ფრეგატების შესაიარაღებლად განკუთვნილი რაკეტები მზად 2014 წლისთვის იქნება, წყალქვეშა ნავებისთვის კი - 2017 წლისთვის.

0

ავტორი: