იოანე შავთელის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი” იოანე შავთელის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი” /> "/> " />


  13:38:22     22-06-2011

იოანე შავთელის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”

a7284.jpg

დღეს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის იოანე შავთელ-გაენათელის ხსენების დღეს.

იოანე შავთელი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მას რუსთველი ახსენებს "ვეფხისტყაოსანში" - "ლექსი რომ უქესო", ქართლის ცხოვრებაში დახასიათებულია, როგორც "ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“.

იოანე შავთელი, როგორც გახსოვთ მოღვაწეობდა XII-XIII საუკუნეებში. დაახლოებული იყო თამარ მეფესთან და ახლდა მას ბასიანის ბრძოლის დროს ვარძიასა და ოძრხეში, როდესაც ჩვენმა დიდმა დედოფალმა და მეფემ დალოცა ქართული ჯარი და გააგზავნა სამშობლოს დასაცავად, რუქნადინის მიერ მთელს აღმოსავლეთში მოგროვებული 400 000 მეომრის წინააღმდეგ, თვითონ კი მეფე წმინდა ადამიანებთან ერთად სალოცავად დადგა ოზრხეში. როგორც მოგვითხრობს ქართლიც ცხოვრება, ერთ-ერთი წირვის დროს წმინდა კაცი, ევლოგი სალოსი, რომელიც თან ახლდათ მეფეს, კათალიკოსს და სხვა ღირს მამებს, სამგზის დაეცა მიწაზე, ხელები აღაპყრი და შეჰღაღადა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ რაღაც ჩვენება იხილა სალოსმა. გახარებულმა იოანე შავთელმა თამარს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“

მერე, როცა გამარჯვებული ქართული არმია დაბრუნდა ბასიანიდან, შეადარეს და ევლოგი სალოსის გამოცხადების დრო მართლაც დაემთხვა ბასიანში ქართველთა ჯარის მიერ ბრძოლაში გარდატეხის შეტანის დროს, როდესაც სულთნის ლაშქარი გასაქცევად გაემზადა. 

როგორც ჩანს, იოანე შავთელმა ბასიანში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”.

იოანე შავთელი არის ასევე ავტორი "აბდულ-მესიანის" სახელით ცნობილი ნაწარმოებისა, უნდა იყოს სხვა თხზულებების ავტორიც. იგი წმინდანად არის შერაცხილი ქართული ეკლესიის მიერ.

დღეს ღირსი მამის საპატივცემულოდ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". ეს ნაწარმოები საინტერესოა, როგორც პოეტური, ისე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. შესანიშნავი პოეტური ხერხითაა გადმოცემული გამოცხადებანი: "იაკობ კიბედ გიხილა, ხოლო მოსე მაყულად, დანიელ მთად, გედეონ საწმისად…". კარგად ჩანს დამოკიდებულება მწვალებლობისადმი, გამოკვეთილია რწმენა ქრიატიანთა (საქართველოს) გამარჯვებისა და სხვა.
"აბდულმესიანზე" სხვა დროს ვისაუბრებთ.

ტექსტში ვიე შევცვალე ვინ-ინ-ით, ხარი – ხან-ით, იოტა - ინ-ით.

გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი              

თავნი იტყვიან: “ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა, ვითარ შობისა და ქალწულებისა, შემაერთებელო, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ვარძიისა მოსახელესა ტაძარსა შენსა შინა მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიხსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან”.

ზეცით მოჰმადლე
ენასა ბრგუდ მეტყუელსა
სიტყუაი სიბრძნისაი, დედოფალო, რამეთუ
თანანადებსა
ამას სამადლობელსა
დიდებათა შენთასა
ისრაილისა ზღვის განმპებთა მათ
დასთაებრ გიგალობთ!
ეგვიპტე ხორცთაი
ბნელი დამონებისაი
იწროისა მიერ, სხუაი საქმის მაწუეველი
სიბოროტედმი
აღძრვათა მწიკულევანთა,
ადგილო მეუფისა
ღმრთისაო, ადგილად სიწმიდისა
მექმენინ აწ შენ ძლით!
აჰრონის კუერთხი,
ტაკუკი და სასანთლე,
ერთბამად ტაბლა, კიდობანი, მანანაი,
ბესელიელის
უწყებითი კარავი
ლტოლვილისა ერისაი
ორკერძო ხსნითურთ მოგასწავებდეს,
დედასა ღმრთისასა!
ახალმან გზამან
აღზღუდვითა წყალთაითა,
ნავთ მავლობისა ღმრთისაგან გამოსახვით
გვიჩუენა უცხოი
ედემისა გზა-ყოფაი
ლაღისა მის მდოვრისაი,
ოტებულთა შენ მიერ, ქალწულო,
ზესთა კურთხეულო!
თავადი ღმერთი სიმართლისა მსჯავრითა,
ამის სოფლისა კიდეთა მართებელი,
და-რა-ემკვიდრა შენ შორის, მოსცა ძალი
აღმსარებელთა თვისთა
კადნიერებით
ათასეულსა მგმობართასა მიდრეკად!
ციხის ციხეთა და რკინისა საკრველთაით
თანა სკორეთა გლახაკებრივთა ტყუეთა
აღამაღლებს და აღადგინებს ქუეყანით
დავიწყებისაით მხსნელი
ისმაიტელთაი
დამრქველსა ძალსა, ქალწულო უბიწოო!
ეგერა მშვილდი ძლიერთაი მოუძლურდა
ბანაკისა მის სპარ[ს]თა და მიდელთაისა,
არაბთა განჰკფდა ძალი საჭურველისაი,
და უძლურთა შეირტყეს
შენ მიერ ძალი!
ეტყვის მხედრობაი მადლობით უბიწოსა:
ნუ ვინ სიბრძნითა, ნუცა ყოვლად ძალითა
და სიმდიდრითა მოქადულ არს რაითურთით,
არამედ ამას ზედა მოქადულობდინ,
ვითარმედ ღმერთი სრული
იშუა, ქალწულო,
თბითა ჩუენითა საშოისაგან შენისა
ავაკომისი
რაბამ განსაკრთომელი
შორთა საზღუართა მყის წარტაცებაი
ოდეს ხსნასა ტყუეთასა სახე ექმნა.
ბილწთა ყარყინთაით
იაბულოთა თანა,
სძალო ღმრთისაო, შეწევნითა შენითა!
აწ განვისუენო
დღისა მის წილ ჭირისა,
აღსლვასა ჩემსა და მრესახობისაგან
ქალდეველთა მათ სპარ[ს]თა და სომეხთასა,
აგარის ტომთა
ლეგეონი მოიშთვის
წყლითა ოხათა შენთაითა დიდებულო!
ულმობელ იყო
ლოდები პრეტორისაი,
ეცრუა საქმე წყალობისაი ნაშობთა
ბუგდუზიანთა, ქურდთა და უცხოთესლთა,
ისარნი ნათელ,
საჭურველი ელვარე,
აღცრად კორანსა ჯუარი და მოციქულნი!
შეედვა ძრწოლაი
ერსა აღბორგებულსა,
მოაკლდეს მათნი ცხოვარნი სამწყსოისაგან,
არა იცნა რაი ხარმან ხმაჲ, ვირმან ბაგაი.
ეკლესიისაი
რქაი ამაღლდა და განავრცნა.
თმოგვისა შორის ტაძარი დედოფლისაი!
ესაიამან, რომელსა ნაკუერცხალი
ბაგეთა მისთა შეახო სერაბინმან,
”ესე რა შობად ქალწული მიუდგეს”, თქ[უ]ა,
ლამპრებრ მნათობი ღამისათაი, უხრწნელო,
ოხრით
ყურისა მიმართ მორწმუნეთაისა!
ოროგინესი შეიჩუენა სიცბილი,
ლმობაი ეწიენ დავრდომილთაი არიოზს,
აექვინ ენაი ნესტორს სასასა მისსა,
დადუმნა უღმრთოი და მოისპო კაცთაგან,
წყევით,
მკვიდროანისა მყოფთა ისწავეთ!
იესეს ძირი ნანდვილვე აღყ[უა]ვილნა,
დავითის ფიცმან მიიღო აღსასრული,
აღთქუმაი მამათაი ძედ მისდ[ა] იცნეს ყოველთა,
”ოსანნა ძესა დავითისსა” მხმობელთა,
ღამე
მსთუად განმანათლებელ ექმენინ ბნელსა!
რომელმან და ვინ არა იცნას სიმართლე,
თქუა ხმამაღალმან, ვერ-ყოს ჭეშმარიტებაი,
იგინი უკუე ქალწულისა შობასა
სიჩქურ ჰგონებდეს შეცთომილნი ამაოდ,
მტერნი
შობილისა და მშობელისანი!
ოხათა შენთა ძლიერებითა ვიხსენ
ბავთისა მისგან დილეგისა, ვითარცა
ელიაის მიერ პირველ სიკუდილისაგან;
ლოცვითა იხსენ იონა, უბიწოო,
ოხერ იქმნეს რაი ბორკილთა სიმტკიცენი!
ვითარცა მუცლით ჯოჯოხეთისაით გესმა,
ანუ ვითარცა ვეშპით, ვედრებაი ჩემი,
რომლისა კლიტე - საუკუნე მოქლონნი;
ძნელოვანთაგან უბადრუკებისათა
იხსენ ცხოვრებაი ჩემი, ღმრთისა დედაო!
იონა ექმნა სასწაულ ნინეველთა,
სახედ სამ დღისა აღდგომისა მხსნელისა,
აქა მექმნა მე სასწაულ ღმრთივ-დიდებული,
მრავალ ჟამისა კრულებათა განმჭრელსა,
ოთხ ზღუდეთაგან და ებგურთა სივლტოლაი!
სამადლობელთა მოგართუმენ, თანად ერნი
აურაცხელნი ლიტანიობენ შენდა,
ხოლო მე ხმითა ქებისაითა გიმსხუერპლე,
ევაის ცოდვისა დამხსნელო, რაოდენი
ლმობიერებით აღთქუეს ბაგეთა ჩემთა!
ეზეკიაისთა
სახლის წულთა მათ ყრმათა
არცხვინეს რაი პირველად
ტყუეობასა მას უღმრთოსა ღმრთისა
აღმმართებელსა მძლავრსა,
ძე შენი ცხადად
ასწავეს,
რამეთუ იგი არს ღმერთი
საცნაურსა შემეცნებასა!
აღტყინებული
შვიდ წილ მგზებარე ალი
ეტყინებოდა რისხვით
ნათესავთაგან მოსაწყინელთა
სატანჯუელთა, ჩემ ზედა
აწვიმე შენი
შეწევნაი,
იქმენ ჩუენდა მაცხოვარ,
ნათელო და მფარველო ჩემო!
არცა ვიდრემე
მსხუერპლი მუნ და ადგილი,
გარნა სულთქ[უ]მაი ცრემლითურთ,
აპყრობაი ხელთა საკრველიანთაჲ
ლიტანიობით, ვინაი
ოქროისა ძეგლებრ
ბრძმედითა
ელვათა მათ შენთაითა
ლერწმისა მხეცნი შეურაცხ-ჰყვენ!
იგავთა მიერ
ვპოვეთ ჭეშმარიტებაი,
იყო სადმე სახუმილი
ნეტარებისა ღირსთა ჭაბუკთა.
მაშინ არა განმლეველ
ეკლის-სახედთა
შეწუვადთა
ეწუვებოდეს რაი ხორცთა
ნიჭად შენგან ხორცშესხმადისა!
იაკობ კიბედ გიხილა, ხოლო მოსე
მაყულად, დანიელ მთად, გედეონ საწმისად,
ანგელოზისა მოსლვითა შეცურეულთა,
ცეცხლსა მას შინა ქადაგეს ყრმათა, რაჟამს
ხატი ოქროისაი გინებითა კდემულ-ყვეს!
ოხჭანი სავსე სასოებითა მექმნა
ველ დეირისა და სახმილ ქალდეველთა
ნიავი რაი მყუდროი მცვიდა მე, და მიმო-
ეკუეთებოდა ალითურთ რაი შეწევნაი,
დატეხად მხევალთ-მსახურთა ზუაობისა!
აკურთხევს შენგან შობილსა, უბიწოო
მეუფესა და ღმერთსა არსთა ქმნულებაი,
იტყვის ყოველი განწესებაი, ვითარცა
ხმითა, ქებასა მისსა და აღიარებს
საუკუნეთა შემოქმედად ღმერთკაცად!
ენოქ ესვიდა და გარდაცუალა ღმერთმან,
ნოე აცხოვნა ნათესავი ცხოველთაი,
მოსეს ხელითა იხსნნეს ისრაიტელნი,
ეშვი მაღნართაი მძვინვარი და ცეცხლი ძირთა
სატკებნელ ჩემდა იქმნეს კუალად შენ მიერ!
ულუმპიანი მძლეობაი მოგუენიჭა,
ლახუარი მხდომთაი და ფარები შეიფქვა,
ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერხნი,
ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა,
რისხვით დაემხუნეს საყდართაით ურწმუნონი!
იძლევის ბრძენთა მეტყუელებაი და ვითარ
სთქუ, ღმრთისმშობელო, ზეცისა წესთა თანა
აჰა, გნატრის შენ ყოველი თესლები და
ტომნი კაცთანი, რომელთათვის გიხმობ შენ,
ყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი მარადის!
უჩინოთაგან მღვიმეთა სოფლისთა
ექსორიობაი ჩემი აღმოიყვანე,
ორბებ განახლდი სიჭაბუკე სულისაი,
ბრალთაგან მიხსენ ძლიერმან, დიდებულო,
ინებე ყოფად ჩემ შორის უბიწოო!
საგალობელთა ამათ შესხმათა მიერ
ადიდებს სული ჩემი შენგან შობილსა,
გალობს ტაძარი შენი, ყოვლად უხრწნელო,
ადამის ხსნაო და ევაის აღდგომაო,
ნიჭად მომმადლე შენდობაი გამომთქუმელსა!

0

ავტორი: