09:37:23     22-06-2011
მფრინავი ლაზერული იარაღი
1927 წელს, რუსეთში, მწერალმა ალექსეი ტოლსტოიმ მორიგ წიგნზე დაასრულა მუშაობა. რომანი სახელად "ინჟინერ გარინის გიპერბოლოიდი" ფანტასტიკური ჟანრისა იყო. წიგნის სიუჟეტის თანახმად, ფიზიკოსმა პეტრე გარინმა ახალი სახის იარაღი - ლაზერი შექმნა.
მართალია მაშინ ეს წიგნი მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ გავიდა ათწლეულები და ტექნიკურმა პროგრესმა, ადამიანს რეალური ლაზერის შექმნის საშუალება მისცა. ამ ტიპის იარაღის შექმნისთანავე, მისდამი განსაკუთრებული ინტერესი სამხედროებმა გამოიჩინეს. ეს ტენდენცია დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. უკვე წლებია რაც აშშ მფრინავი საბრძოლო ლაზერების, ქვენის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში ინტეგრირებაზე აქტიურად მუშაობს.
საჰაერო ბაზირების საბრძოლო ლაზერ ABL-1-ზე, მუშაობა აშშ-ში ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის ფარგლებში დაიწყო. მაგრამ აქტიურ ფაზაში პროექტი 1996 წელს გადავიდა. გეგმის მიხედვით საბრძოლო ლაზერიან თვითმფრინავს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტები ფრენის საწყის უბანზე უნდა გაენადგურებინა.
პროექტის საწყისი ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ორი პროტოტიპის აშენებასთან ერთად, ხუთი სერიული თვითმფრინავის მშენებლობისთვის საჭირო თანხას მოიცავდა. მაგრამ 2006 წლისთვის ხარჯების რაოდენობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, პროექტის სრულმა ღირებულებამ კი - 7-8 მილიარდს.
საჰაერო პლატფორმად მოდიფიცირებულ სამგზავრო Boeing 747-400-ი გამოყენება. მასზე ფირმა Northrop Grumman-ის მიერ შექმნილი ლაზერი დამონტაჟდა. დამიზნების სისტემაზე კი Lockheed Martin-ი მუშაობს.
ლაზერული სხივის წარმოსაქმნელად, საჭირო ყველა მოწყობილობა ფიზელაჟის შიგნითაა განთავსებული, "ლაზერული ქვემეხი" კი ფიუზელაჟის ცხვირზე მაგრდება. თვითმფრინავზე სამი სახის ლაზერული სხივი გამოიყენება: TILL - სამიზნის აღმოსაჩენად და გასაცილებლად; BILL - გამოიყენება ატმოსფერული ხარვეზების საკომპენსაციოდ და თავად საბრძოლო ლაზერი. პენტაგონის ჩანაფიქრის თანახმად ასეთი თვითმფრინავები მთელს მსოფლიოში, იმ ქვეყნების მახლობლად იქნებიან გადასროლილნი, საიდანაც რაკეტული საფრთხე იქნება მოსალოდნელი.
2007 წლის 16 მარტს, ავიაბაზა ედვარდსზე პირველი გამოცდა ჩატარდა. მის ფარგლებში სამიზნის აღმოსაჩენად და გასაცილებლად განკუთნილმა ლაზერმა წარმატებით აღმოაჩინა, დააფიქსირა და გააცილა სამიზნე, რომელიც რაკეტის მომუშავე ძრავას იმიტაციას ახდენდა.
2010 წლის 3 თებერვალს, ჩატარებული გამოცდა, მყარ საწვავზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტის განადგურებას ისახავდა მიზნად. 11 რიცხვში კი, საჰაერო ბაზირების ლაზერით პირველად იყო განადგურებული როგორც მყარ, ასევე თხევად საწვავზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტები. რაკეტის სტარტის შემდეგ თვითმფრინავის საბორტო დამიზნების სისტემამ სამიზნე მიზანში ამოიღო რის შემდეგაც, თვითმფრინავის ცხვირა ნაწილში, დამაგრებული ლაზერული დანადგარიდან, რაკეტის მიმართულებით ლაზერის ძლიერი სხივი იყო გაშვებული. მთელი ოპერაცია დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. პირველი გამოცდიდან ერთი საათის შემდეგ, კუნძულ სან-ნიკოლასიდან, მეორე - მყარსაწვავიანი რაკეტა გაუშვეს, რომელიც ასევე წარმატებით იყო განადგურებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სახის იარაღის შექმნის თემატიკა აქტუალური საბჭოთა კავშირშიც იყო. 1970-იან წლებში რუსებს, აშშ-სთან ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, ამერიკული ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად, ორბიტაზე საბრძოლო ლაზერის გაყვანის იდეა გაუჩნდათ.
არჩევანი კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი ფილიალის მიერ შექმნილი 1 მეგავატის სიმძლავრის ლაზერულ დანადგარზე შეჩერდა. ნახშირორჟანგზე მომუშავე ეს ლაზერი გამოცდას სატრანსპორტო Ил-76ЛЛ-ზე გადიოდა.
სხვათაშორის, აღნიშნული თვითმფრინავი, ჩვენი თანამემამულის გიორგი ბერიევის (ბერიაშვილი) სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსში სერიული Ил-76МД-ის ბაზაზე იყო შექმნილი.
საშტატო მეტეორადარის ნაცვლად ცხვირზე დიდი ზომის გასშემომდენი იყო განთავსებული. მის ქვევით კი შედარებით მცირე ზომის მეორე გარსშემომდენი, რომელშიც ლაზერის დამიზნების ანტენა განალაგეს.
თავად ლაზერი კი თვითმფრინავის აეროდინამიკის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ფიუზელაჟში იყო დამალული. ცენტროპლანსა და კილს შორის რამოდენიმე საგდულისგან შემდგარი, სპეციალური ლუქი იყო გაკეთებული. ლუქი შიგნით იხსნებოდა და გარეთ ლაზერულ ქვემეხიანი კოშკურა ამოდიოდა.
წარმოებაში, ლაზერის საავიციო ვარიანტი ინდექსით А-60 გავიდა. პირველი თვითმფრინავი, ჰაერში 1981 წლის 19 აგვისტოს აფრინდა. მაგრამ 1989 წლის ზაფხულში ის ჩკალოვსკში, ბაზირების აეროდრომზე დაიწვა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იმავე წლის აგვისტოში, ჰაერში მეორე А-60 აფრინდა. წლების განმავლობაში, პროექტზე მუშაობა შეჩერებული იყო. თუმცა არსებული ცნობებით, 2010 წელს საავიაციო ლაზერულ სისტემაზე (სარეგისტრაციო ნომერი RA-86879) რუსებმა მუშაობა ისევ დაიწყეს.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გაზდა, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაურის, გენერალ ნორტონ შვარცის განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები არ აპირებენ საჰაერო ბაზირების ქიმიური ლაზერების შეძენას, რადგან მყარ საწვავზე მომუშავე ლაზერები შეიარაღების გაცილებით პერსპექტიულ სახეობად მიაჩნიათ. გენერლის თქმით აღნიშნული სისტემა უდაოდ დიდი ტექნიკური მიღწევის სიმბოლოა, თუმცა მას თავისი ნაკლები გააჩნია. ამ გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოთ ეს მყარსაწვავზე მომუშავე ლაზერების გაცილებით მცირე გაბარიტებია. სისტემა ABL-ის B747-400F-ზე დამონტაჟებისას, ის ამ უკანასკნელის მთელს ფიუზელაჟს იკავებს.
0