17:21:20     21-06-2011
რუსეთის ფაქტორი ნატო საქართველოს ურთიერთობებში

„ნატო-ს და რუსეთს შორის ძველებურად არსებობს პრინციპული უთანხმოება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, საქართველო. ნატო ძველებურად მოითხოვს ქართული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ამ მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამ უთანხმოებების განხილვას, თუმცა ამავდროულად, არ უნდა მივცეთ მათ ჩვენი პარტნიორობის პარალიზების საშუალება“. ეს განცხადება, რასმუსენმა მიმდინარე წლის მაისში გააკეთა. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, ნატო-რუსეთის ურთიერთობების პარტნიორულ ჭრილში გადატანას 2009 წლის შემდეგ აქტიურად ცდილობს.
ის თავად აღნიშნავს რომ პარტნიორობის მთავარი მიზეზი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსართხოების განმტკიცებაა. ნატო - რუსეთის ურთიერთობების ანალიზი ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის იმდენად საინტერესოა რამდენადაც რუსეთის ადმინისტრაციის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში ნატოს გაფართოება კვლავ აღიქმება პოტენციურ საფრთხედ. ამის შესახებ, პრემიერმა პუტინმა, მიმდინარე წელს, კიდევ ერთხელ განაცხადა. აღნიშნული კი, სავარაუდოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან გულუბრყვილობა იქნება ჩვენი მხრიდან, ვიფიქროთ რომ ალიანსი საქართველოს წევრობის საკითხის განხილვისას რუსეთის ფაქტორის გათვალისწიენებაზე უარს იტყვის.
ნატო-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობაზე აქტიური საუბარი, სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პირველი პირები, სულ უფრო მეტს საუბრობენ პარტნიორობასა და საერთო ინტერესებზე რუსეთის ფედერაციასთან.
11 აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი. მიხეილ სააკაშვილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მიმართავს:
„თუ ნატო სისუსტის ნიშნებს გამოავლენს, ეს იქნება დაუსრულებელი ისტორია.”
შეშინდა თუ არა ნატო და დასრულდა თუ არა ისტორია მარტივი სათქმელი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების სექციაში რჩება. დოკუმენტის თანახმად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების საშუალებას.
რუსული აგრესიის შემდეგ საქართველო-ნატოს ურთიერთობები ასე განვითარდა:
1. წევრობის სამოქმედო გეგემის ნაცვლად გადავედით ინტენსიური დიალოგის რეჟიმზე
2. შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია
3. მოგვიანებით თბილისში გაიხსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი
4. ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან შენარჩუნებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ტერმინოლოგია.
5. ნატოსთან ყოველწლიური პროგრამების საფუძველზე, მიმდინარეობს სამხედრო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
მიხეილ სააკაშვილის 11 აგვისტოს მოწოდებიდან, თითქმის სამი წლის შემდეგ, საქართველოს პირველი დიპლომატი, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ასე აფასებს:
გრიგოლ ვაშაძე: “როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ მას უნდა, გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი და ჩვენ უკვე გადადგმული გვაქვს ნახევარი ნაბიჯი ამისათვის, - გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, შენ უნდა მოიქცე როგორც ალიანსის წევრი“.
რაც შეეხება ურთიერთობას რუსეთთან. აგვისტოს ომის შემდეგ, ეს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით გაიშალა - ანტინარკოტიკული და ორგანიზაციული დანაშაულის წინაღმდეგ ერთობლივი და დინამიური ნაბიჯები გადაიდგა, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ავღანეთის მიმართულებაზე. მიღწეულია შეთანხმება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მომავალ ჩარჩო პირობებზე, თუმცა ეს სფერო, კვლავ უთანხმოების მთავარ მიზეზად რჩება. ფაქტია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნატო-რუსეთის კომისიის 6 თვიანი პაუზა, მხარეებმა ერთმანეთის მიმართ ისეთი ტერმინების გამოყენებით დაარღვიეს, როგორიცაა - სტრატეგიული და პარტნიორი.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ესაა ურთიერთობა დაპირისპირებისა და თანამშრომლობის ზღვარზე. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორ ვითარდება ნატო-საქართველოს ურთიერთობები ნატო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების ფონზე? და სად გადის ზღვარი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოლოდინსა და ნატო-რუსეთის თანამშრომლობას შორის? მით უფრო მაშინ, თუ მხარეების აზრთასხვადასხვაობას სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იწვევს.
ირაკლი მჭედლიშვილი, ფიქრობს რომ დასავლეთის მხრიდან კომპრომისებსა და რაიმე ტიპის გაცვლებს რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ ადგილი არ ექნება. ამისთვის, მას შემდეგი მაგალითი მოჰყავს:
ირაკლი მჭედლიშვილი: „მაგალითად, შარშან, დეკემბერში ასტანაში ჩატარებული ეუთოს სამიტი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. რა იყო მნიშვნელოვანი,- რუსეთი თანახმა იყო რეზოლუციის ნებისმიერ ტექსტზე, დახმარებაზე ავღანეთში, ტერორიზმთან ბრძოლაზე და ასე შემდეგ. მხოლოდ უნდა მომხდარიყო ფორმულირების შერბილება საქართველოსთან მიმართებაში, ანუ აქცენტი არ უნდა გაკეთებულიყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ან დეოკუპაციაზე. როგორც ვნახეთ, თუნდაც ასეთ შერბილებულ ფორმულირებაზე დასავლეთი არ წავიდა. სამიტი დამთავრდა ისე რომ მოქმედების გეგმა არ მიუღიათ. მხოლოდ დაადასტურეს საჭიროება ეუთოსი - არანაირი კონცეფციის მიღება არ მომხდარა.
თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ ნატო-რუსეთის დაახლოების პროცესი ანგრევს საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილ რუსულ სტერეოტიპებს ნატოზე, მხარეებს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აყენებს და ამცირებს იმ საფრთხეებს რომელიც შეიძლება რუსეთიდან საქართველოს ემუქრებოდეს:
თენგიზ ფხალაძე: „რუსეთის დაახლოება დასავლეთთან, ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არამედ თავისთავად დაამდაბლებს იმ საფრთხეებს რომელიც მოდის ჩვენს წინააღმდეგ რუსეთიდან. ქვეყანა, რომელიც თავად თანამშრომლობს ნატოსთან, ნაკლებად აღიქვამს საფრთხედ ჩვენს თანამშრომლობას. საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს რუსეთის ტრანსფორმაციას. თუ განხორციელდა ეს ტრანსფორმაცია პერსპექტივაში, ბუნებრივია რომ საფრთხეები რაც არსებობს აღარ იარსებებს.“
ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ საექსპერტო წრეში გავრცელებულ მოსაზრებას თითქოს ალიანსის წევრობა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში აღარ არის არ ეთანხმება:
თენგიზ ფხალაძე: „თანამშრომლობა ნატოსთანაც და ევროკავშირთანაც ძალიან აქტიურად ხორციელდება. შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება რჩება, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვესმის ის რიტორიკა, რომელიც არსებობდა ბუქარესტის სამიტამდე, როდესაც იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გაზრდილი მოლოდინები, მოხდა ამ მოლოდინების ჰიპერბოლიზაცია... ამან კი ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია იმედგაცრუება. დღეისათვის, ზედმეტი რეკლამის გარეშე მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა. უფრო მეტიც, ამას არ სჭირდება ზედმეტი რეკლამა, იქ არის საკმაოდ კონკრეტული სამუშაო პროცესი და არ კი არ უნდა ვიყვიროთ თუ როგორი წარმატებულები ვართ, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე რაც გასაკეთებელია დროულად გაკეთდეს და გაკეთდეს ხარისხიანად.“
ექსპერტის მოსაზრებას, ბრიუსელი, რუსეთთან კომფრონტაციას თანამშრომლობას ამჯობენებს, თორნიკე შარაშენიძეც ეთანხმება. ფიქრობს რომ ამ გზით შესაძლებელია რუსეთის რაციონალურ რელსებზე დაბრუნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიციების დაახლოებას გამოიწვევს.
თორნიკე შარაშენიძე: „ამ ეტაპზე უამრავი გამოწვევა არსებობს დასავლეთში. შესაბამისად, მიიჩნიეს რომ გაცილებით „რბილი“ გამოწვევაა როგორიცაა რუსეთი ცდილობენ როგორმე შემოირიგონ და ჩართონ ნატოში თანამშრომლობის გზით. ამით კი ბუნებრივია, ძალიან ბევრს მოიგებს დასავლეთი, გამომდინარე იქიდან რომ რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია... მისი მოქმედების არეალიც გაიზრდება. ყოველშემთხვევაში თუ რაც მე ვთქვი არ შეესაბამება სიმართლეს, ის მაინც ფაქტია რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის დამშვიდებას, ის, ირაციონალურია და მუდმივად ცდილობს ამტკიცოს რომ ის ძლიერია... ამის შედეგად გამოვა რომ ყველამ მოიგო და მოიგებს, მათ შორის საქართველომაც. გამომდინარე იქიდან რომ განმეორებითი რუსული სამხედრო აგრესია თავიდან ავიცილეთ.“
რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით ფიქრობს რომ:
თორნიკე შარაშენიძე: „რუსეთი არ გაიყვანს უახლოეს მომავალში თავის ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან, შესაბამისად ჩვენ ნატოში ვერ შევალთ, ბრიუსელში კი ხვდებიან რომ ამის გამო „ჭიდაობას“ რუსეთთან აზრი არ აქვს და ამიტომაც არჩევენ თამაშის ამ წესს, ცდილობენ მასთან დაახლოებას და მის ცივილურ მოთამაშედ ქცევას.“
შესაბამისად, უნდა ვთქვათ რომ არსებული სტატუსქვო ექსპერტებს შორის ბუნებრივად აჩენს კამათს თემაზე - როგორ დავაბალანსოთ რუსეთი? ოფიციალური პასუხი რომ „რუსეთს აბალანსებს დასავლეთის ზეწოლა“ სულ ცოტა ნაკლებად დამამშვიდებელია.
0