აკაკის დაბადების დღე აკაკის დაბადების დღე />


  14:45:12     21-06-2011

აკაკის დაბადების დღე

a7231.jpg

ქართველები მიხვდნენ, რომ მამულიშვილს სიცოცხლეშივე სჭირდება დაფასება და მოფრთხილება. ქართველი ხალხი შეშინდა ილიას მკვლელობით. ილიას მკვლელობამ მამულიშვილების ფასი გაზარდა. ჩემი აზრით, ამანაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. მოხუც მხცოვან მგოსანს ქართველმა ხალხმა უზარმაზარი სიყვარული დაანახა, ეს სიყვარული სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება იყო. იმ დროს "აკაკი საქართველო" გახლდათ.

გია მამალაძე

დღეს აკაკი წერეთლის დაბადების დღეა.

171 წლის წინ, იმერეთში, სოფელ სხვიტორში დაიბადა დიდი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სულისჩამდგემელი - აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ერთ-ერთი უდიდესი ქართველთაგანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში...

აკაკი წერეთლის შესახებ უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მე მგონი სჯობს გავიხსენოთ აკაკის ცხოვრების ერთი სასიამოვნო მონაკვეთი. კერძოდ, 1908 წელს აკაკის მადლიერმა ქართველმა ხალხმა 50 წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი და მამულიშვილური მოღვაწეობის იუბილე აღუნიშნა.

საქართველოში დიდი ადამიანის დაფასება, საერთოდ, იშვიათი მოვლენაა. აკაკი სიცოცხლეშივე შეუყვარდა ქართველ ხალხს, აკაკის ახალგაზრდობიდანვე აფასებდა მშობელი ხალხი.

ქართველები ძალიან დიდი მოყვარულები ვართ პოეზიისა და ამიტომაც, ალბათ. აკაკი წერეთელმა ახალი ჟღერადობა შესძინა ქართული პოეზიის ჩანგს თუ ჩანგურს. აკაკის პოეზია ძალიან მუსიკალურია, უბრალო და სახალხო.

გარდა ამისა, მისი რითმა ულამაზესია. ქართველებს, ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებით მოგვწონს დახვეწილი, უმაღლესი ხარისხის რითმა. რუსთველისა და გურამიშვილის მერე ასეთი რაფინირებული რითმა არვის ჰქონია, (ხოლო მერე გალაკტიონს, ამიტომაც გალაკტიონი აკაკის მემკვირეა, ქართული პოეზიის სამეფო ტახტზე. გალაკტიონი აღმერთებდა აკაკის).

გარდა ამისა, აკაკი ყველა ქართული საქმის ერთ-ერთი წამომწყები და ლიდერი იყო.

ამასთან, უბრალო ქართველებს, მშორმელებს, გლეხებს, ღარიბებს, ახალგაზრდობას, შეგნებულებს, რომელთაც თავისუფლებისა და თანასწორობის დიდი წყურვილი ჰქონდათ, აკაკი თავის პოეტად მიაჩნდათ. მიუხედავად მისი თავადური წარმოშობისა, ის უბრალო და ნაღდი, მშრომელი ქართველების იდეალებისა და მისწრაფებების გამომხატველი და დამცველი, ნამდვილი ქართველი კაცი იყო.

კიდევ მრავალი დადებითი თვისებისა და დამსახურების გამო უყვარდათ აკაკი და სიცოცხლეშივე დააფასეს, გადაუხადეს დიდი იუბილე და რაც მთავარია, დიდი სიყვარული დაანახეს სიცოცხლეშივე.

ერთი მიზეზი კი ილიას მკვლელობა იყო. ქართველები მიხვდნენ, რომ მამულიშვილს სიცოცხლეშივე სჭირდება დაფასება და მოფრთხილება. ქართველი ხალხი შეშინდა ილიას მკვლელობით. ილიას მკვლელობამ მამულიშვილების ფასი გაზარდა. ჩემი აზრით, ამანაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. მოხუც მხცოვან მგოსანს ქართველმა ხალხმა უზარმაზარი სიყვარული დაანახა, ეს სიყვარული სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება იყო. იმ დროს "აკაკი საქართველო" გახლდათ.
 
აკაკის საიუბილეოდ დაიბეჭდა მრავალი ლექსი თუ წერილი, მიძღვნილი დიდი მგოსნისადმი.

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე მათგანს (ყველას ვერ გავწვდებით): ვაშა-ფშაველას ლექსს "აკაკის საიუბილეოდ"; კონსტანტინე გამსახურდიას ლექსს "აკაკის" და გრიგოლ რობაქიძის ესეს "აკაკის ბუნება".

აქვე გთავაზობთ აკაკის ლექსს, რომელიც დაიწერა სწორედ ამ იუბილეს გამო. აკაკი, შუამავალი ზეცასა და ხალხს შორის, საოცარი თავმდაბლობით უდგება თავის იუბილეს და ხალხის მიერ მისი პერსონის დაფასებას.

ამ ლექსში კარგად ჩანს, რომ აკაკი პროფეტული იმედითაა განმსჭვალული საქართველოსადმი და მოელის დიდ მომავალს. აქ შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს მინიშნება და აკაკი იქნებ ამბობს, რომ მასზე დიდი პოეტი და მოღვაწე მოვა, თუმცა ეს სხვაგვარადაც შეიძლება გავიგოთ, აკაკი საქართველოს დიდ მომავალს წინასწარმეტყველებს, როგორც სხვა ლექსებში.
 
აქვე გთავაზობთ ჩვენი საყვარელი მგოსნის კიდევ რამდენიმე ლექსს, რომლებიც სხვა მის გენიალურ ლექსებთან ერთად გამოხატავენ აკაკის ბუნებას და დანიშნულებას.

რა თქმა უნდა, აკაკი წერეთელზე საუბარი კვლავ გვექნება.
 
ვაჟა-ფშაველას ლექსი:

აკაკის საიუბილეოდ              

მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!
თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.
დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!
(1908 წ.)

კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი:

აკაკის

მგოსანო ჩაგრულ ენისა!
შენ გაგვინათე ბნელია.
შენ გვიძღვებოდი ბელადათ,
გზა გაგვიკაფე ძნელია.
თუმცა სიბერემ გიწია -
თმაი შეგექმნა ჭაღარა.
გმირებს კვლავ ეძებს,
მტერთ
აფრთხობს,
შენი დაფი და ნაღარა.
(1908)

გრიგოლ რობაქიძის ესე:

აკაკის ბუნება

მეტად რთულია აკაკის ბუნება: მასში იდუმალ არიან ხლართულნი მისი პიროვნება და მისი შემოქმედება. მართალია: აკაკის პიროვნება და შემოქმედება სხვა და სხვაა, მაგრამ ისიც მარათალია, რომ ისინი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელ არიან.

აკაკის ბუნება ქართველების ბედის ნატეხია. ყოველი ერი წარმოადგენს სულიერ რეალობას: იდეა პლატონისა, მონადა ლეიბნიცისა. იგი ხორციელდება, ესე იგი, ვითარდება, სრულდება, ისტორიას განიცდის. ამ პროცესში იგი თვალს იხსნის, ცნობას აღწევს, ენას იდგამს, მეტყველებას იღებს. ეს არის ერის პირველი დაბადება, გარნა, შესაძლებელია, რომ მან დროებით მიიძინოს: მაშინ ერს თვალი ებინდება, ცნობა ეკარგება, ენა უჩლუნგდება, მეტყველება უძნელდება. ხანგრძლივ ძილის შემდეგ ერი იღვიძებს: თვალს ისევ ახელს, თავს ისევ სცნობს, ენას ისევ ამოძრავებს, ისევ მეტყველებს, ეს არის მისი მეორე შობიერება.

აქ შეიძლება აიხსნას აკაკის ბუნება. მოვიყვანოთ საგულისხმიერო პარალელი: აკაკი და პუშკინი.

პუშკინი რუსობის პირველ დაბადების შვილია; აკაკი – ქართველობის მეორედ დაბადებისა.

პუშკინი მოევლინა რუსეთს მაშინ, როცა რუსობის სული დილის ბინდში იყო ხვეული; აკაკი აღმოჩნდა მაშინ, როცა ქართველობა საღამოს ბინდით იყო მოცული.

პუშკინამდე რუსობის სულს მზე არ უნახავს, მაგრამ გრძნობს კი, რომ ამოვა, – და პუშკინიც ელოდება მის ბრწყინვალე ამოსვლას; აკაკიმდე ქართველობის სულს მზე კიდეც უნახავს და აკაკიც სევდით ელის მის მეორე ამოსვლას.

პუშკინამდე რუსთა ძალა ბარბაროსობაში იმყოფებოდა: მაშინ პუშკინიდან იშვა თავი კულტურისაკენ; აკაკიმდე ქართველთა ძალას უკვე უგრძვნია თავი კულტურაში: აკაკიდან მას უნდა მხოლოდ განაგრძოს იგი.

პუშკინი პირველი სიტყვაა ახლად გამოსულ ხალხისა; აკაკი მეორე სიტყვაა გაღვიძებულ ხალხისა.

პუშკინი მომავალს სიხარულით შესცქერის, აკაკი სევდით გასცქერის წარსულის ხანასა.

პუშკინის ჩანგის ჰანგი შვება-ლხენაა; აკაკის სტვირის მოტივი ნაღველი და კაეშანია.

პუშკინის ჩანგი ჟღერს და მღერს; აკაკის სტვირი მოსთქვამს და სტირს.

პუშკინის მუზა ლაღია: მას ბევრი რამ ახარებს, – ამისათვის იგი მრავალფეროვანია; აკაკის მუზა ნაღვლიანია: მას ერთი რამ აწუხებს, – ამისათვის იგი ერთფეროვანია.

აქ სწყდება პარალელი. ის “ერთი რამე”, რაც აკაკის აწუხებს, არის სწორედ ამხსნელი მის ბუნებისა. ქართველობა თავის მეორე შობიერებაში ტრაგიზმს განიცდის – და მისი ღვიძლი შვილი აკაკი ამ ტრაგიზმის საგულისხმიერო მატარებელია. ქართველობის მებრძოლი სული აკაკის ბუნებაში განსახიერდა, ხოლო ამისათვის მისი პიროვნება ქართველთა სახის მსხვერპლად იქცა. აქ არის ჩამარხული საიდუმლოება აკაკის პიროვნებისა და მის შემოქმედებისა: აკაკი ნამდვილი პიროვნებაა მხოლოდ მაშინ, როცა ჰქმნის, ამ საიდუმლოებას მხოლოდ მომავალი გახსნის.

ეხლა კი უნდა ითქვას: შესწყვიტონ ლაპარაკი აკაკის პიროვნების შესახებ “თავისუფლად” მსაჯულებმა, თორემ ისტორია მათ უფრო გასაჯავს!

ჩვენ ვდღესასწაულობთ აკაკის იუბილეს არა მარტო იმიტომ, რომ აკაკი პოეტია (როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია), არამედ იმისთვისაც, რომ აკაკი ქართველობის იდუმალი თან მეტყველი სახეა.

ქართლის მომავალი ბედი ამ სახის გამოცნობაშიაც სდევს.

(გაზეთი “აკაკის დღე საქართველოში”,N1, 1908 წელი.)

აკაკის ლექსები:

იუბილე  
           
ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?
სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?

ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?
რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?

ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,
გაურჩევლად ტომისა და წოდების,
აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი
ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..

მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..
სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..
მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,
იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!

ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..
საამისო, აბა, რა მომიცია?
ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს
და იმისი არის რეპეტიცია!

მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას
შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:
“ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”
ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..
(1908 წ.)

პოეტი              

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.

ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.

ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.

ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!


თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
(1886 წ.)

ხანჯალს              

შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.
(1882 წ.)

ჩანგური              

ვუძღვნი ან. მუსხელიშვილისას

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!

ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!

აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმის,

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს!

მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!

გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...

რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, -
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!

(1871 წ.)

0

ავტორი: