18:04:15     16-09-2010
საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სფეროზე - საერთაშორისო ვალდებულება თუ აუცილებლობა
თავდაცვის რეფორმების აუცილებლობასა და ნატოსთან და აშშ-თან აღებული ვალდებულებების შესახებ, დიდი ხანია გვესმის საუბრები. თუმცა ძირითადი აქცენტი ამ კუთხით მხოლოდ თავდაცვის უწყების მიერ გასატარებელ ისეთ ღონისძიებებზე კეთდება, როგორიცაა სამხედრო სისტემაში საგანმათლებლო საკითხები, შეიარაღების მოდერნიზირება, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ათვისება, სტრატეგიული დოკუმენტების დახვეწა.
რატომღაც ყველას ავიწყდება კიდევ ერთი რამ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში დასავლურ სტანდარტს დავუახლოვდეთ. ნატოს და განვითარებული სხვა ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით აუცილებელია დემოკრატიული კონტროლის განხორციელება შეიარაღებულ ძალებზე.
ვიდრე ვიტყოდეთ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ამ ვალდებულებას, მანამადე განვმარტავთ, თუ რა არის დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, როგორია ქართული და დასავლური პრაქტიკა, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და რა პრობლემებია კანონების განხორციელების კუთხით ჩვენს ქვეყანაში.
ვეცდები მოკლედ მოვახდინო ამ ყველაფრის აღწერა.
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები განსაზღვრულია საქართველოს კანონნმდებლობით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე.
ამასთანავე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პასუხისმგებელია თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ საპარლამენტო დებატებისათვის რეკომენდაციების მომზადებაზე. თუმცა, საგულსხმოა ის გარემოება, რომ პარლამენტის კომიტეტს არ მიუწვდება ხელი თავდაცვის უწყებების დეტალურ ბიუჯეტზე მის დამტკიცებამდე. მიუხედავად ამ დებულებისა, სამწუხაროდ არ მახსენდება ამ მოწვევის პარლამენტში არცერთი ამგვარი დებატი საკანონმდებლო ორგანოში, რაც შესაძლებელია ამ სფეროსადმი საპარლამენტო ოპოზიციის უინტერესობითაც იყოს გამოწვევული.
რაც შეეხება დასავლურ პრაქტიკას, დემოკრატიული ქვეყნებისაგან (აშშ, ნატოს წევრი ზოგიერთი სხვა ქვეყანა) განსხვავებით, საქართველოს პარლამენტს არ აქვს უფლება დებატები გამართოს თავდაცვის სფეროში შესყიდვების გეგმებსა და პოლიტიკაზე და მთავრობა კანონით არ არის ვალდებული მოახსენოს პარლამენტს ან შესაბამის კომიტეტის წევრებს შეიარაღების განსაკუთრებით დიდი მოცულობით შესყიდვების შესახებ. მხოლოდ საპარლამენტო “ნდობის ჯგუფის” წევრებს შეუძლიათ შეამოწმონ თავდაცვის ხარჯების დეტალები.
ზემოთ აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით დავძენდი, რომ 2007 წელს როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი პროცენტულად ყველაზე მაღალი იყო (მილიარდნახევრამდე ლარი) და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%-ს შეადგენდა, თავდაცვის ბიუჯეტის დახურული მუხლების ჯამური თანხა დაახლოებით 500 მილიონს შეადგენდა, რაც თავისთავად თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა და ამ თანხების განკარგვის მიზანშეწონილობა მხოლოდ ნდობის ჯგუფს შეეძლო განესაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ 2007-2008 წლებში საქართველო მთავრობა ახორციელებდა ფარტომასშტაბიან სამხედრო სამშენებლო პროექტებს და ძირითადი სამხედრო შესყიდვებიც ამ წლებში განხორციელდა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ნდობის ჯგუფის წევრები დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული პროექტების მიმდინარეობის თუ მიზანშეწონილობის შესახებ. შესაბამისად, წინა მოწვევის პარლამენტში “ნდობის ჯგუფის” მუშაობის შესახებ ინფორმაცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისი შეკრების შესახებ ინფორმაციით.
ეს ტენდენცია ამ მოწვევის პარლამენტშიც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში 2 ოპოზიციონერი დეპუტატია, შეიძლება ითქვას, რომ ის კვლავაც ნაკლებ ეფექტიანად ფუნქციონირებს. კერძოდ, ნდობის ჯგუფი ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა და ეს იმის გათვალისწინებით, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან მხოლოდ ორი წელია გასული.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ პალატის საქმიანობის 2008 წლის ანაგარიში და მოხსენება 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვით შესრულების შესახებ. ამ დოკუმენტებში არ არის განხილული თავდაცვის უწყებაში საბიუჯეტო ხარჯების შესრულება კანონთან შესაბამისობის კუთხით. აღნიშნული დოკუმენტები არც ფართო და არც ვიწრო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა, ისევე, როგორც უცნობი დარჩა კონტროლის პალატის მიერ თავდაცვის სამინიტროში ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის დეტალები.
თავდაცვის სფეროში საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ბერკეტია მონიტორინგი იმისა, თუ როგორ ხორციელდება თავდაცვის პოლიტიკის მიმდინარეობის აღსრულება. ამ მიმართულებას არეგულირებს კანონი თავდაცვის დაგეგმვის შესახებ. კანონის მეათე მუხლში ვკითხულობთ, რომ უწყებრივ დონეზე თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების დეტალები და პროცედურები (პასუხისმგებელი რგოლები და ვადები) განისაზღვრება “თავდაცვის დაგეგმვის დებულებით”, რომელსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი 2006 წელსაა მიღებული, პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ არსებობს თავდაცვის დაგეგმვის დებულება, რაც თავის მხრივ აფერხებს კანონიდან გამომდინარე ვადების დადგენას და ასუსტებს საპარლამენტო კონტროლის ბერკეტებს, თუმცა ამის მიუხედავად პარლამენტს არ დაუყენებია დღის წესრიგში ამ ნაკოვანების გამოსწორება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა თავიანთ მოხსენებებში საპარლამენტო კონტროლის შესახებ აცხადებენ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ფორმალურად უდგება თავის უფლება-მოვალეობას-გაუწიოს ზედამხედველობა თავდაცვის სექტორს. ამასთანავე კომიტეტის სხდომებზე საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი კანონპროექტების, ან სხვა თემებისადმი მიძღვნილ საკომიტეტო მესმენებზე უკვე რამოდენიმე წელია აღარ იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხარისხზე ამ სფეროში.
ამ მხრივ საპარლამენტო ოპოზიციის აქტიობაც შეიძლება უარყოფითად იქნას შეფასებული, რაც გამოიხატება კიდეც თავდაცვის კომიტეტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენების დროს დებატების არარსებობით მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
2010 წლის 25 იანვარს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გელაშვილმა აშშ-ს კონგრესის ყოფილ წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი სამონიტორინგო მუშაობის დახვეწაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კონგრესის ყოფილ წევრებთან შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ამერიკულ მხარესთან გაფორმებული თანამშრომლობისა და პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მონიტორინგის განხორციელება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მონიტორინგის საკითხი. როგორც გელაშვილი აცხადებდა, რომ მონიტორინგი ხორციელდება პარლამენტის მხრიდან.
მისი თქმით საგაზაფხულო სესიის შემდეგ პარლამენტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმავდა ემუშავა მონიტორინგის დახვეწის მექანიზმებზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე პარლამენტმა საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა, ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის და მათ შორის თავდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცნობია რა ეტაპზეა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სამინისტროზე მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების პროცესზე.
პარლამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები შემუშავებული. ვფიქრობ, მხოლოდ კონტროლის განხორციელების მექანიზმების შესრულების თაობაზეა შესაძლებელი თავდაცვის კომიტეტმა მიაწოდოს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს.
შესაბამისად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოადგილის განცხადება იმის შესახებ, რომ “დასახვეწია საპარლამენტო მონიტორინგის მუშაობა” - გადაჭარბებულია და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, შეიძლება ითქვას, თავიდანაა დასაწყები ზოგადად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ცხოვრებაში განხორციელება. თუმცა როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნებასა და საერთაშორისო ვალდებულებებით გამოწვეულ ფაქტორებზეა დაფუძნებული.
მინდა იმედი ვიქონიო, რომ თუნდაც იმის გამო, რომ გარკვეული საუბრები დაიწყო აშშ-ს კონგრესმენებთან ამ მიმართულებით, საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრება, მეტი ყურადღება მიექცევა ამ საკითხებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და გარკვეული დოზით, საპარალამენტო კონტროლის მექანიზმები კარჩაკეტილ სამხედრო უწყებაზე ამოქმედდება.
0