ნოდარ ჯალაღონიას რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნეების პოეზიიდან) ნოდარ ჯალაღონიას რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნეების პოეზიიდან) />


  11:45:11     20-06-2011

ნოდარ ჯალაღონიას რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნეების პოეზიიდან)

a7179.jpg

შესანიშნავი პოეტი ნოდარ ჯალაღონია, ასევე შესანიშნავი ადამიანია, ეროვნული მოძრაობის წევრი და დიდი პატრიოტი.

როგორც მკითხველს ახსოვს, ჩვენ წამოვიწყეთ რუბრიკა - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს შემოგთავაზებთ XX-XXI საუკუნეების ქართველი პოეტის, ნოდარ ჯალაღონიას ლექსებს, რომლებიც შეიქმნა XXI საუკუნეში (მის ძველ ლექსებს სხვა დროს მივუბრუნდებით). XXI საუკუნის ქართული პოეზია ღირსეული გაგრძელებაა XX საუკუნის დიდებული ქართული პოეზიისა, რისი მეტყველი მაგალითიც არის ნოდარ ჯალაღონია თავისი შემოქმედებით, როგორც წინა, ისე ახალ საუკუნეში.  

ვინც იცნობს ბატონ ნოდარს, დაგვეთანხმება, რომ ის ბავშვივით გულწრფელი და ალალი ადამიანია, ნამდვილი პოეტი თავისი შემოქმედებითა და ცხოვრებით. ოცდაათამდე წიგნის ავტორია. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქართველი პოეტი უნდა იდგეს - სამშობლოსათვის, სიკეთისათვის, მეწინავე მებრძოლთა შორის, თვისი პოეზიით, მთელი თავისი შეგნებით...

პოეტურია მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი, სამყაროსა და შემოქმედისადმი. ის პოეზიით და პოეზიისთვის (სიყვარულისთვის, სამშობლოსთვის, ახლობლებისთვის) ცოცხლობს და ღმერთმა დიდხან გვიცოცხლოს.

როგორც ვთქვით, დღეს გთავაზობთ ნოდარ ჯალაღონიას რამდენიმე ლექსს, რომელიც XXI საუკუნეში შეიქმნა, მის სხვა ლექსებს სხვა დროს გავიხსენებთ.

პოეტი

თუმცა პოეტი გიჟია ბევრი სულელის თვალში, -

პოეტი ღმერთის მაცნეა, პოეტი დიდი ბავშვი,

ნაღდი სიტყვა და სტრიქონი, მჯერა იწყება ციდან,

თვით ღმერთი იყო პოეტი, როცა სამყაროს ქმნიდა.

(2007წ. იანვარი)

 

* * *

სხვაგან არ ვიცი რა ხდება,

რა კანონი და წესია,

საქართველოში სამშობლო

ლექსის ძირი და ფესვია.

ჩვენში მამულის ღირსება

მამულის ნებით მოწმდება,

ანთეოსივით მოკვდება,

თუ მშობელ მიწას მოწყდება.

(2007 წლის მარტი)

 

* * *

გავუძლებ ყველა ჭირსა და ვარამს,

სიავეს: მტრობას და დუხჭირ ყოფას,

მაგრამ სიკვდილზე უფრო მაშინებს

უსამშობლოდ და ულექსოდ ყოფნა.

(2007, ოქტომბერი)

 

თუ სისხლმა აღარ გიყივლა, თუ გული არ ჩაერია

სწავლის და ცოდნის ძიებას, გაგიხარია, ფასი აქვს,

რომ მოიარო ევროპა, ამერიკა და აზია.

მაგრამ ოქსფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდიც არაფერია,

თუ სისხლმა აღარ იყივლა, თუ გული არ ჩაერია.

თუკი მამულის ტკივილი არ გტკივა და არ გაწვალებს,

შენი სამშობლოს სიყვარულს მარტო წიგნი ვერ გასწავლის.

თუ უცხო ცათა შემყურემ სამშობლოს ცა არ ინატრე,

თუ შენი ქვეყნის ხატება სულში არ დააბინადრე,

თუ არ მოგესმა ხანდახან ყეფა ალგეთის ლეკვების,

არ მოგენატრა წინანდლის ვარდი კი არა, ეკლებიც,

თუ შენი გული და ფიქრი კრწანისმა აღარ დანაღმა,

თუ არ მოგინდა დიდგორის და ბასიანის დანახვა,

თუ ენამ რუსთაველისამ შენი სათქმელი არა თქვა,

თუ აღარ გაგადიდგულა იმ 9 ძმამ და იმ მარაბდამ,

თუ გულს ჭრილობად არ დარჩა ის 9 აპრილის იარაც,

თუკი "შავლეგოს" სიმღერამ ძარღვებში არ გაგიარა,

ამაო არის ყოველი სწავლა, გარჯა და წვალება,

მამულზე ფიქრი მარტოდენ წიგნებით არ ისწავლება.

უნდა შენს ხალხთან ილხინო, უნდა შენს ხალხთან იწვალო

და სიყვარული სამშობლოს შენი ხალხისგან ისწავლო.

(2007, აპრილი)

 

ქართველები

წარწერა ტარიელ ფუტკარაძის წიგნზე - "ქართველები"

დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით,

აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები.

ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ,

ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.

რადგან ჩვენს გაჩენაში უფლის ხელი ერია,

ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია.

ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები,

შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,

კოლხები და ლაზები, იბერები, ქართები,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით.

ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით

ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.

ჩვენი ოქროს საწმისით, ლეგენდებით, მითებით,

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს,

შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.

ჩვენი ჯიშით, ჯილაგით, რწმენითა და ფიქრებით

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით!

(2007)

 

მეც რეზერვისტად ჩამთვალეთ

დღეს, როცა ყველა კაი ყმა აბჯარ-მუზარადს იფერებს,

"ჰაი, დედასა მტრისასა", რა დროს მეწვია სიბერე.

მაგრამ ჩვენში ხომ ქართველ კაცს არც სიბერისთვის სცალია,

ქვეყნისთვის ფეხზე დადგომა ყველა ქართველის ვალია.

რისი წლები და ასაკი, თუკი სამშობლოს დასჭირდა...

მოხუცი მეფე ერეკლეს მახვილი განა არ ჭრიდა?!

როცა მამული გეძახის, შორით ყურება ძნელია,

მეც რეზერვისტად ჩამთვალეთ, სიბერე რა სათქმელია.

როცა სისხლ-ოფლი სჭირდება სამშობლოს თავისუფლებას,

საქართველოში ქართველ კაცს არ აქვს სიბერის უფლება.

(2006, აგვისტო)

 

ფიქრები გალაკტიონზე

ბევრი გვირგვინი და ბევრი დაფნა

წაიღო ჟამმა და წლებმა დაფლა.

ბევრი დიდება და ძეგლთა წყება

წაიღო დრომ და დამარხეს წლებმა.

ის კი, ის არის დღეს ერთადერთი,

ქართული სიტყვის და ლექსის ღმერთი,

ვინც კვლავ მოარღვევს წლებს და უკუნეთს,

მოაქვს თავის დრო და საუკუნე.

(2007 წ. ოქტომბერი.)

0

ავტორი: