12:10:14     18-06-2011
ნოიშვანშტაინის “ზღაპრული სასახლე”
ნოიშვანშტაინის სასახლე გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით, იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში.
სასახლის საძირკველში პირველი ქვა 1869 წლის 5 სექტემბერს დაიდო. 1884 წლისთვის, იქ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა ჯერ კიდევ ლუდვიგ II-სიკვდილის დროს, 1886 წელს სასახლე არ იყო ბოლომდე დასრულებული. ლუდვიგმა აქ მხოლოდ 172 დღე იცხოვრა. ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ სრულად არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს სამეფო ტახტის არარსებობა სატახტო დარბაზში.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც ომის ბოლო დღეებში უცნობ ადგილზე იქნა გადატანილი. გადმოცემის თანახმად, იქვე ახლო მდებარე ალატის ტბაში იქნა ჩაძირული, თუმცა ამ ოქროს ვერ მიაკვლიეს.
0