21:45:20     17-06-2011
„თბილისის მიკროავტობუსები“: სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაიზრდება

ივლისიდან შესაძლოა, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება გაიზარდოს. ამ ინფორმაციას მძღოლები ავრცელებენ. გავრცელებულ ხმებს არც „თბილლაინის“ ხელმძღვანელობა უარყოფს. მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი დავით ასანიძე ამბობს, რომ მათ კომპანიაში საუბარი მიდის მგზავრობის 80 თეთრამდე გაზრდის შესახებ. თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავ კომპანიებად შპს „თბილლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ-ქარი“ და შპს „ფაბლიქ-ქარი“, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაასახელა. კომპანიებს განაწილებული აქვთ სამარშრუტო ხაზები უბნების მიხედვით. ვაკე–საბურთალოსა და გლდანი–ნაძალადევის ლოტებზე სამარშრუტო ტაქსების შემოყვანას „თბილლაინი“ უზრუნველყოფს, ძველი თბილისი–დიდგორის რაიონში „კაპიტალ გრუპი“, ისანი–სამგორში „ფაბლიკ ქარი“, ხოლო, დიდუბე–ჩუღურეთში „თბილქარი“. კომპანიები განაწილებული რაიონებისა და უბნების სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფას ივლისის თვეში დაიწყებენ.
მგზავრობის საფასურის მოსალოდნელ გაზრდას აპროტესტებს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მძღოლებს კი სხვა პრეტენზიები აქვთ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიმართ. თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია. მძღოლების თქმით იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყონ ახალ სამარშრუტო ტაქსზე, უნდა გადარიცხონ 500 ევრო. გარდა ამისა, მათთვის დაწესებულია ყოველდღიური შენატანი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე, რაც 18 ევრომდეა. მძღოლების ნაწილი კი ამბობს, რომ 1–ლი ივლისიდან, მათ ფიქსირებული ხელფასი დაენიშნებათ და მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ იმუშავებენ მთელი თვის განმავლობაში. მერიის სპეციალური კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ერთი მენეჯმენტ კომპანია „თბილისის მიკრო ავტობუსები“ მართავს.
„თბილისის მიკრო ავტობუსების“ პიარმენეჯერის, თეონა ნიორაძის თქმით, სამარშრუტო ტაქსები ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ ჯერ არ არის შემოყვანილი თბილისში. „სავარაუდოდ თვის ბოლოს იგეგმება მათი შემოყვანა ქვეყანაში, ხაზზე კი ივლისის შუა რიცხვებში გავლენ. მენეჯმენტ კომპანიაში ფასების ზრდასთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ მიდის და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან მგზავრობის საფასური არ გაიზრდება“ – განუცხადა „პრესა.ჯი“–ს თეონა ნიორაძემ.
– მას შემდეგ, რაც გამოვლენ მარშუტკები ხაზზე, თუ გაიზრდება მგზავრობის ღირებულება?
– არც ივლისის შუა რიცხვებიდან მოიმატებს ფასი. ფასების ზრდაზე კომპანიაში საუბარი არ მიდის. ერთადერთი, რაც შეიძლება მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზი გახდეს, არის საწვავზე ფასების მომატება. მხოლოდ ამ შემთხევაში შეიძლება მოიმატოს მგზავრობის ღირებულებამ.
– მძღოლები ამბობენ, რომ მათ დაენიშნებათ ფიქსირებული ხელფასი...
– არ ექნებათ ფიქსირებული ხელფასი. ისინი ისევ გამომუშავებაზე დარჩებიან.
– თუმცა მძღოლებს დაურიგდათ ხელშეკრულებები, სადაც ეს ყელაფერი მითითებულია...
– ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი არ არსებობს, ამიტომ გამორიცხულია ვინმეს ხელმოსაწერად ჰქონდეს ჯერ ხელშეკრულება. გარდა ამისა, ხელშეკრულების ამ ვარიანტშიც არ წერია, რომ მათ ფიქსირებული ხელფასი ექნებათ. ეს გავრცელებული ჭორია მხოლოდ.
– ხელშეკრულების მიხედვით მძღოლი ვალდებულია დეპოზიტზე 500 ევრო ჰქონდეს. რისთვისა საჭირო ეს თანხა და ვინ გამოიყენებს?
– 500 ევრო არის სადეპოზიტო თანხა, რომელიც იქნება მძღოლის ანგარიშზე.
– მას ექნება საშუალება, ეს თანხა გამოიყენოს?
– რა თქმა უნდა, მძღოლს შეუძლია ეს თანხა შემდეგ გაიტანოს. ეს არის მხოლოდ სადეპოზიტო თანხა და ამ ფულს მძღოლს არავინ არ ართმევს.
– რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს. ისინი ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ძველ სამარშრუტო ტაქსებს, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება?
– ეს მოხდება ეტაპობრივად, 2012 წლის ბოლომდე კი, ყველა „მარშუტკა“ ჩამოვა ქალაქში. დახლოებით 2 000 სამარშრუტო ტაქსზეა საუბარი.
რაც შეეხება მიუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროს. საზოგადოების ინტერესი დიდია იმასთან დაკავშირებით, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ღირებულება მუნიციპალურ ტრანსპორტზე. როგორც „პრესა.ჯი“–ს დედაქალაქიის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალურ ტრანსპორტზე და მეტროზე მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება.
„დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტითა და მეტროთი მგზავრობის ფასი არ მოიმატებს. ამას სრულიად დარწმუნებით გეუბნებით. ამ საკითხზე ზედაპირული საუბარიც კი არ ყოფილა. რატომღაც სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოიმატებს მგზავრობის ღირებულება. საზოგადოება კი სამარშრუტო ტაქსებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს ერთმანეთთან აიგივებს. მეტროსა და ე.წ. „ყვითელი ავტობუსებით“ მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება“– განუცხადეს „პრესა.ჯი“–ს დედაქალაქის მერიაში.
0