ვალერიან გაფრინდაშვილის სონეტები ვალერიან გაფრინდაშვილის სონეტები />


  17:38:55     16-06-2011

ვალერიან გაფრინდაშვილის სონეტები

a7061.jpg

გუშინ პრესა.გე-ს მკითხველს შევახსენეთ სონეტის განმარტება, სონეტის დამკვიდრებისა და კვლევის მოკლე ისტორია საქართველოში და გამოვაქვეყნეთ ვალერიან გაფრინდაშვილის შესანიშნავი ესე "სონეტის პრობლემა".

როგორც მკითხველს შევპირდით, დღეს ვბეჭდავთ ვალერიან გაფრინდაშვილის, სონეტის დიდოსტატის, რამდენიმე სონეტს. სონეტის ფორმის ლექსები ჩვენს ძვირფას ცისფერყანწელს სხვაც არა ერთი აქვს დაწერილი, მაგრამ დღევანდელი მასალისთვის ავარჩიეთ მხოლოდ ისეთები, რომელთაც სათაურში სონეტი ჰქვია.

ვიწყებთ "ყრუ სონეტით", რომელსაც ვალერიანი თავის ესეში ახსენებს. "ყრუ სონეტი" მართლაც უჩვეულოა და ერთგვარი მოდერნიზებაა სონეტისა, თუმცა ძალინ საინტერესო და ნიჭიერი.

ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ სხვა ქართველი პოეტების სონეტების გამოქვეყნებას, ვალერიან გაფრინდაშვილი ამბობდა, ქართველი პოეტები ყურადღებით ეპყრობიან სონეტსო. მართალაც. ქართველმა პოეტებმა არა ერთი ბრწყინვალე სონეტი შექმნეს.

“არც ერთ პოეზიაში არ არის იმდენი მრავალსახეობა სონეტისა, როგორც ჩვენს პოეზიაში... მოკლე მიმოხილვაც საკმაოა, რომ დავრწმუნდეთ, როგორი ყურადღებით ეკიდება ქართული პოეზია სონეტს. ჩვენ, ქართველები, ელლინების, რომაელების და ფრანგების მემკვიდრეები ვართ ფორმის სიყვარულში. ჩვენი ბუნება იმდენად მჭერმეტყველია, რომ შეუძლებელია აქ ფორმის პრიმატის დაგმობა და უარყოფა. ქართველ პოეტებს სწამთ სონეტი, როგორც უნივერსალური ფორმა შემოქმედებისა. სონეტი ამნაირად გაგებული უახლოვდება სიმბოლოს და მის მაგივრობას ასრულებს" - ამბობდა სონეტის დიდოსტატი ვალერიან გაფრინდაშვილი (როგორც გუშინდელი წერილიდან გახსოვთ).

გავიხსენოთ სონეტის ქართველი დიდოსტატის რამდენიმე სონეტი:

 

ყრუ სონეტი

 

მინდა მოგმართო ყრუ სონეტით, უხმო სონეტით...

(გოტიეს ლანდო, მაპატიე ეგ სითამამე!)

სნეულ საღამოს ვაცილებდი ღამის წყვდიადში,

როცა შენ გნახე, სანანებელ ბინდის ქალწულო.

 

შენი თვალების შეაჩერე ლურჯი ისრები.

გვიანი კოცნით ვეამბორე შენს რუხ ხელთათმანს.

და როცა გავჩნდით საქარწილოთ მორთულ კაფეში,

სარკის პირდაპირ ჩვენ დავსხედით დადუმებული.

 

ჩვენი ლანდები მიგვიწვევდენ საიქიოსკენ,

და ვერ ვბედავდით სიცოცხლისთვის გვეთქვა უარი,

რომ შეყვარებულთ დაგვეწერა ჯვარი სიკვდილზე.

 

შემდეგ დავშორდით სამუდამოთ. ვზივარ კაფეში.

კაფეს სარკიდან გამოვიხმე შენი აჩრდილი,

და მას მივმართავ ყრუ სონეტით, უხმო სონეტით.

(4 სექტემბერი, 1916 წ.)

 

სონეტი

 

დღეს კლავიშები დაუფარავს მთრთოლვარე ტილებს.

როცა თითები, როგორც ნაზი ამორძალები

იწყებენ ჯირითს რუხ მინდორზე, მათი რკალები

უკანასკნელად აკვნესებენ ცოცხალ წერტილებს.

 

ღრუბლიან ნოტებს დადუმებულთ და დაფერდილებს

ამღვრევენ ისევ ფერწასული შენი თვალები,

- სცვივა ტილები ნოტებიდან და მოკრძალებით

მათი წკმუტუნი ესალმება თითების ჩრდილებს.

 

მაღალ კუბოში გააღვიძებ შუმანს და ვერდის,

კრთის, როგორც უცხო ყელსახვევი ღამე ხავერდის,

და კვიპაროზთა თალხი გუნდი წყვდიადობს ბაღში.

 

როს გათენდება, მე შემოვალ შენთან ოთახში,

მე დაგიკოცნი ცოდვილ თითებს-ტილების მკვლელებს,

და მზე მეფური შენს ბაგეებს აამეტყველაბს!

(25 დეკემბერი, 1916 წ.)

 

სონეტი

 

ისევ ტორტმანობს ტრამვაების შავი ბაზარი,

ღამის მელანში კუბელიკის კრთის ჭიანური,

ჭლექი ასულის მოჩვენება ქაიანური,

აელვარდება ლურჯ ჰაერში, როგორც ფაზარი.

 

ღამის სარკიდან გამოდიან ლანდნი საზარი

და იმათ ჩემი ესალმება ხმა გვიანური,

ისევ სინათლე გამახარებს მე დიანური,

და ვარსკვლავების ფარჩეულობა შორს მულღაზარი.

 

ქალაქის მხრებზე ასვენია ღამის ქათიბი,

დავდივარ მარტო - უანგარო და მგლოვიარე,

ჩემ ჩრდილთან ერთად მე ქუჩები შემოვიარე.

 

და კიდევ ბევრი მე ფიქრები მაქვს გასათიბი.

გზაში ვარ კიდევ და არ ვიცი ჩემი მიზანი,

მინდა რომ ვიყო იდუმალი და გულთმისანი.

(11 თებერვალი, 1918 წ.)

 

დაგვიანებული სონეტი

 

სიმონ ჩიქოვანს

 

მე მაგონდება დაისის ბაღი

და იქ ორი და ცისფერ თვალებით,

მათრთოლებს რაღაც იდუმალებით

ეს მოგონება - ნაკლებად საღი.

 

მტკვარი გარბოდა ვეფხვივით ლაღი,

ირგვლივ ქალაქი ფეთქდა ალებით,

თითქოს იცვლიდა ფერს გამალებით

ნორჩ ვარსკვლავებით სავსე ცის თაღი.

 

ო, ეს საღამო, ორი დის ცქერა

ჩვენ თავს დაგვნათის, როგორც ქიმერა,

ვით სიჭაბუკის ნაზი ოცნება.

 

ტალღებთან ტრფობა ტკბილი ყოფილა.

ჩვენ სამუდამოთ დაგვაძმობილა

ქალის ღიმილმა და ჯადოსნობამ!

(ივნისი, 1932 წ.)

 

ზეციური სონეტი

 

იგი ავდარში, ვით უფსკრული სჩანს, დამხობილი.

იწევს სულ მაღლა, აზიდულა თეთრ ვარსკვლავებით.

ცა უწმინდესი სუნთქავს ნისლით და უკვდავებით,

მისთვის არ კმარა ათას ერთი საგალობელი.

 

მე მახსოვს იგი - გრიგალის დროს ბრმა, ულმობელი,

აბღავლებული, მოვარდნილი ცეცხლით, ზვავებით,

და მიყვარს იგი მთვარის გზნებით და იგავებით,

როცა ნიავი უნაზესი არის დობილი.

 

ამ ქვეყანაზე ორ დიდებას ყოველთვის ვხედავ,

ეს არის ზეცა და კიდევ ზღვა - მსგავსება სარკის:

ამათრთოლებენ ორივენი, ისე ვით ნარგიზს.

 

ყველაზე მეტად მაჯადოებს გამოთქმა - ნეტავ!

ნეტავი ლურჯი ზღვა აიმართოს მწველ პარადიზად,

ნეტავ გვხიბლავდეს ცის ლაჟვარდი სამარადისო!

(24 სექტემბერი 1939 წ.)

 

სონეტის ქალაქი

 

რომს სახელგანთქმულს მე ვეძახი სონეტის ქალაქს,

სადაც პეტრარკამ ტკბილ ბგერებში ჰპოვა ლაურა,

მიქელ-ანჯელო მოქანდაკე გაეხმაურა

მგზნებარე ლექსით სილამაზის უძლეველ ძალას.

 

აქ ყოველი ქვა სონეტების იწვევს ამალას

და რომი რითმებს მოაგელვებს, ვით ბედაურებს,

ტერცინებს აწვდის ქალბატონებს - ვით სამკაულებს,

სუნთქავს წარსულით და ღრუბლებში სახეს იმალავს.

 

რომი კვლავ სცოცხლობს, კიდევ გრგვინავს მისი საყვირი,

სონეტის ქალაქს მე მივმართავ დიდ ძვრათა დროში:

"იბრძოლე მუდამ ხალხისა და სპარტაკის დროშით.

 

სონეტის ღირსად აღიარე შენ მხოლოდ გმირი,

ათასწლოვანი შენი ლექსი ჭექდეს მკვეთავი,

როგორც გრაკხების ტრიბუნიდან ხმა გამბედავი!"

(იანვარი, 1940 წ.)

0

ავტორი: