ჩეხეთმა ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე უარი თქვა ჩეხეთმა ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე უარი თქვა />


  13:48:35     16-06-2011

ჩეხეთმა ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე უარი თქვა

a7049.jpg

რამდენიმე დღეა, რუსული ფორუმების განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა, აშშ–ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხთან დაკავშირებით, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შექმნილი გაუგებრობაა. ფორუმელები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი. ერთი ნაწილი ამ უთანხმოებას რუსეთისთვის პოზიტიურად თვლის და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, ამერიკას, აღმოსავლეთ ევროპაში ნდობას დაუკარგავს, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ შექმნილი გაუგებრობა, ამერიკას აიძულებს გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების გეგმას უფრო დაალაგებს და ნათელს გახდის.

საუბარი კი იმაზეა, რომ ჩეხეთმა უარი განაცხადა, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების იმ პროგრამაში მონაწილეობაზე, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა უნდა მოიცვას. ამის შესახებ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდრ ვონდრამ განაცხადა. მინისტრი პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილეს უილიამ ლინს 15 ივნისს შეხვდა. შეხვედრაზე, ჩეხეთის მხარემ, ის როლი გააპროტესტა, რაც ვაშინგტონმა პრაღას არგუნა ამ რეგიონის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში. ამასთან ერთად, ვონდრამ აღნიშნა, რომ ჩეხეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა იმ პირობებში, რასაც მათ ვაშინგტონი სთავაზობს.

თუ რა რეაქცია ჰქონდათ ამერიკელებს ალექსანდრ ვონდრას განცხადებაზე, ჯერ–ჯერობით უცნობია. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მხარეები მზად არიან ხელახლა განიხილონ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკითხი, რომ ვაშინგტონსა და პრაღას გარკვეული იდეები აქვთ, რომელთა გახმოვანებისგან ჯერ თავს იკავებენ.

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების პროგრამაში, ჩეხეთის მონაწილეობაზე მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ აშშ–ს წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დროს დაიწყო. პირველადი გეგმის მიხედვით, ჩეხეთის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო რადარი, მეზობელ პოლონეთში კი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის 10 რაკეტა. 2008 წლის ივნისში, ჩეხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწრეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ბრდის პოლიგონზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები უნდა განთავსებულიყო.

თუმცა, შემდეგ ამერიკელებმა გადახედეს თავიანთ გეგმებს, ამ სისტემის ელემენტების სიმრავლესთან დაკავშირებით. 2009 წლის სექტემბერში, ბარაკ ობამას ახალმა ადმინისტრაციამ, ჩეხეთის მთავრობას, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების ახალი გეგმა შესთავაზა. უფრო კონკრეტულად კი, ამერიკამ ჩეხეთში რადარის სანაცვლოდ, რაკეტული საფრთხის ადრეული შეტყობინების ცენტრის განთავსება გადაწყვიტა, რითიც გამოიწვია ჩეხური მხარის უკმაყოფილება.  2011 წლის აპრილში პრაღამ განაცხადა, რომ იმ სამხედრო პოლიგონის დახურვას აპირებს, სადაც მანამდე ამერიკული რადარის განთავსება იყო გათვალისწინებული. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, ჩეხეთისა და აშშ–ს მჭიდრო თანამშრომლობის იმედს მაინც გამოთქვამს.

0

ავტორი: