ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს - ინტერვიუ დეა გოშხეთელიანთან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს - ინტერვიუ დეა გოშხეთელიანთან />


  11:31:57     10-08-2018

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს - ინტერვიუ დეა გოშხეთელიანთან

a81397.jpg

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი,  დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

გოგონა შიშობს, რომ ყოფილი მეუღლის ციხიდან გამოსვლის შემდეგ,  მისი ოჯახის წევრები  საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან.
 
„პრესა.ჯი“ აღნიშნულთან დაკავშირებით,  ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, დეა გოშხეთელიანს ესაუბრა.

-თქვენ თქვით, რომ სასამართლო პროცესი ხელონურად ჭიანურდება, რას უკავშირებთ ამას და რატომ ფიქრობთ ასე?

-ამის თქმის საფუძველი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი, რომელზეც მე უნდა დავკითხულიყავი, გადაიდო ზედიზედ ოთხჯერ. აბსურდული და ძალიან ბანალური მიზეზებით, დაცვის მხარე უკვე ზედიზედ მეოთხედ ითხოვდა სასამართლო პროცესის გადადებას. ჩემდა გასაკვირად და პროკურორის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ასეც მოხდა.

ვფიქრობ , რომ მათ ხელოვნურად უნდათ გავიდეს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა , რომელიც უკვე ფაქტობრივად  იწურება. ბრალდებულს სურს ამ ვადის გასვლის შემდგომ ბრალის ჯერ კიდევ დაუმტკიცებლობის ფონზე გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დიდი ზეწოლა მოახდინოს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე.  ასევე,  მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ისევ რამეს დაგვიშავებს , მაგრამ ამჯერად ყველაფერი ფატალურად დასრულდება და მე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი ვიქნებით მსხვერპლნი. ვითხოვ, აღსრულდეს ეფექტური მართლმსაჯულება და აღარ დაუშვან ისეთი ფაქტი, რომ პროცესი კიდევ ერთხელ, ხელოვნურად გაჭიანურდეს.

-თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ შვილის წართმევით გემუქრებოდნენ, ეხლაც ხდება თუ არა, მსგავსი რამ?

-ბავშვთან დაკავშირებით, მის ბებიას და ბაბუას აქვთ შეტანილი სასამართლოში სარჩელი,  თუმცა, ამ 8 თვის მანძილზე , არც ბებიას და არც ბაბუას ერთხელაც არ უთხოვიათ ბავშვის ნახვა,  არც კი უკითხავთ მისი მდგომარეობა.

სოციალურ მუშაკთან საუბარში კი ბავშვის ბებიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ მას მანამ არ სურს ბავშვთან ურთიერთობა, სანამ მისი შვილი არ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ეს რაზე მიუთითებს ? იმაზე, რომ მან ზუსტად იცის მის შვილს ძალიან მალე გამოუშვებენ?  აბა რატომ მედავება სასამართლოში იმ ფონზე,  როდესაც მის შვილს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება?

არ გამოვრიცხავ, რომ ამ 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, განმეორდეს იგივე-  მათ ისევ მომტაცონ ბავშვი, იმანიპულირონ მისით, კვლავ შეარყიონ მისი ფსიქიკა და მოახდინონ ზეწოლა მოწმეებზე - ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე.

-გაქვთ თუ არა, იმის იმედი, რომ სასამართლო თქვენს ყოფილ მეუღლეს გაამართლებს?

ბრალდებულის და მამამისის მხრიდან ყოფილა არაერთი მუქარა, რომ გამოიყენებდნენ ყველა სანაცნობოს და საახლობლოს, მათ შორის,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ სადაც,  ვერც პოლიციით გავხდებოდი რამეს და ვერც ჩემი საუბრით .

ამ ფაქტების საფუძველზე , მაქვს რეალური შიში , რომ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა მართლა გავა, ისიც თავის მუქარებს აასრულებს და ჩვენი (მე და ჩემი ოჯახის წევრების) სიცოცხლე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.

-ციხიდან ხომ არ დაურეკავს მას ამ პერიოდის განმავლობაში მას?

-    კი, ის ციხიდან დამიკავშირდა აპრილის თვეში, თუმცა მასთან კონტაქტში არ შევედი და მისი ხმის გაგონებისთანავე გავთიშე, კიდევ მირეკავდა რამდენიმე წუთში თუმცა, აღარ ვუპასუხე.

ასევე,  ბრალდებულმა ცოტახნის წინ, სოციალურ სააგენტოსთან მიმართვით მოითხოვა, რომ მე,  ჩემი მცირეწლოვანი შვილი შემეყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის სანახავად . ბავშვს ამ ფაქტის შემდგომ,  ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

ბავშვისთვის, ციხის გარემოს და დედის მიმართ აგრესიის აღქმა  მისი  ფსიქო-სოციალური მდგომარეობისთვის იქნება საშინელი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მიღვივებს იმის ეჭვს , რომ ისინი ამზადებენ ფონს, რათა ზეწოლები განახორციელონ პირადად ჩემზე  და ჩემს ოჯახზე.

მე ამ ყველაფრის ფონზე მივმართავ პირადად იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, საქართველოს სახალხო დამცველს,  ნინო ლომჯარიას, ყველა შესაბამის კომპეტენტურ უწყებას , რათა დაცული იყოს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე და უსაფრთხოება, რათა არ შეეშალოს ხელი ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას,  გამოტანილ იქნას სამართლიანი გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მთავარია,  არ შეილახოს ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები მისი მშვიდ და ჯანსაღ გარემოში განვითარებისთვის. 0

ავტორი: