კონსტანტინე ბალმონტი, "ვეფხისტყაოსანი" და მისი ლექსები ქართულად კონსტანტინე ბალმონტი, "ვეფხისტყაოსანი" და მისი ლექსები ქართულად /> "/> " />


  11:15:51     15-06-2011

კონსტანტინე ბალმონტი, "ვეფხისტყაოსანი" და მისი ლექსები ქართულად

a6989.jpg

1867 წლის 3 (ახალი სტილით 15) ივნისს დაიბადა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ფილოლოგი-თეორეტიკოსი და მთარგმნელი კონსტანტინე ბალმონტი.

ჩვენთვის კონსტანტინე ბალმონტი საინტერესოა, როგორც შესანიშნავი პოეტი, რომელსაც აქვს საოცრად დახვეწილი ლექსები. მასზე ამბობდნენ, "ბროლის რითმები აქვსო". ის ითვლება რუსული სიმბოლისტური პოეზიის უფროსი თაობის წარმომადგენლად და ბრწყინვალე პოეტად. ჰყავდა მიმდევრები ("ბალმონტის სკოლა"), რომლებიც ბაძავდნენ არა მარტო პოეტური ფორმებით, არამედ ცხოვრების წესით, ჩაცმითა და ვარცხნილობითაც.

საინტერესოა მისი ბიოგრაფია.. რამდენიმე ლექსი მიუძღვნა რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ II, რომლის დროსაც დემონსტრაციებზე ხალხს ხოცავდნენ ("პატარა სულტანი", "ჩვენი მეფე"). ლექსში "ჩვენი მეფე", ბალმონტმა იწინასწარმეტყველა რომ იმპერატორს ეშაფოტი ელოდა... მოუწია ემიგრაციაში ყოფნა 1906 წლიდან. 1913 წელს დაბრუნების უფლება მისცეს იმპერიაში. ბოლშევიკებსაც არ გაუჩერდა რუსეთში, 1920 წელს ცოლის ავადმყოფობა მოიმიზეზა და ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1942) ცხოვრობდა სიღატაკეში.

მაგრამ, ჩვენთვის ქართველებისათვის კონსტანტინე ბალმონტი ყველაზე საინტერესო იმითაა, რომ შეყვარებული იყო საქართველოზე, სწავლობდა ქართულ ენას და თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". არა ერთი ლექსი, წერილი თუ თბილი სიტყვა მიუძღვნა საქართველოს და ქართულ ლიტერატურას. თავის მიერ ნათარგმნი წიგნის (Шота Руставели. Витязь в барсовой шкуре) შესავალში წერდა: "თუ გაეცნობი რუსთველის რამდენიმე ლექსს, შეგიყვარდება. ვისაც შეუყვარდება, შეეცდება ჩაწვდეს, თუნდაც ნაწილობრივ მას. ასე დამემართა მეც."

წიგნის ბოლოს გამოქვეყნებული აქვს წერილი სათაურით: "დიადი იტალიელები და რუსთველი". ამ წერილის დასაწყისში ბალმონტი წერს, რომ სიყვარულის შესახებ ჩვენს ათასწლეულში ყველაზე უკვდავი სიტყვები აქვთ ნათქვამი რუსთველს, დანტეს, პეტრარკას და მიქელანჯელოსო. შემდეგ ამბობს, რომ ამ ბრწყინველე ოთხეულში, მისი აზრით, ყველაზე მეტად რუსთველია ამაღლებული.

"მე მინდა ვიყო ამის დამამტკიცებელიო" და შეუდგება მტკიცებას საოცარი არგუმენტებით... ის შოთა რუსთველის პოემას აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე დასავლეთ ევროპულ სარაინდო რომანებს (ფონ ეშენბახის "პარსიფალს", კრეტიენ დე ტრუას "ლანსელოტს" და სხვებს), რომლებშიც მისი აზრით, ჩანს გატაცება ავანტურისტულ-სათავგადასავლო მომენტებით.

კონსტანტინე ბალმონტი მკითხველს უამბობს, რომ რუსთველის შესახებ მას შეუტყვია ოკეანეში, სადღაც კანარის კუნძულებთან ახლოს, ინგლისურ გემზე, "ათენაზე", სადაც გაიცნო ოლივერ უორდროპი, რომელმაც წააკითხა მისი დის, მარჯორი სკოტ უორდროპის მიერ ინგლისურად ნათარგმნი ნაწყვეტები "ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ჯერ საკორექტურო სახით ჰქონდა. ბალმონტისათვის ეს ყოფილა დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
 
1914 წელს აპრილში კონსტანტინე ბალმონტი ჩამოვიდა საქართველოში. ქუთაისში მას დიდი პატივით დახვდნენ, თვით აკაკიმ მიმართა მისასალმებელი სიტყვით (ქართველებმა კარგად ვიცით მეგობარი რუსების, პატიოსანი ადამიანების დაფასება, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვას ამბობს დღევანდელი რუსული იმპერიალისტური პროპაგანდა). ბალმონტმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა. უნდა ითქვას, რომ ქართულ ენას მან ალღო აუღო, გაუგო და ძალიან გამომსახველად და ლამაზად მიაჩნდა კიდეც. ამას წერს აღნიშნულ წერილშიც.

ბალმონტის სიტყვებით, "ვეფხისტყაოსანი" არის სიბრძნისა და პოეზიის უიშვიათესი ნაზავი, სიყვარულისა და მეგობრობის საუკეთესო ჰიმნი... თამარის საქართველო კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების საუკეთესო მიღწევა იმ დროში და სხვა. უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე ბალმონტის ეს წერილი არის საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნის, ობიექტური კაცისა და დიდი პოეტის გულიდან ამოფრქვეული ბრწყინვალე ესე და ისტორიული ნარკვევი.

ერთ-ერთ ლექციაზე რუსთველის შესახებ, მოსკოვში ბალმონტს უთქვამს: "სიყვარული გრძნობაა, რომლითაც იზომება სიდიადე ნაციის. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებული ხალხი. რიცხვით ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ რუსთველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად, მათი გულები არ არის ცარიელი და პატარები, რადგან მათ შეუძლიათ ავსება დიდებული სიყვარულის კივილით" (ტიციან ტაბიძე).

დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ კონსტანტინე ბალმონტის რამდენიმე ლექსს. პირველი სამი ლექსი პაოლო იაშვილის მიერ არის თარგმნილი (კრებულიდან, 1975). ბოლოს კი გთავაზობთ ნინო სვანიძის მიერ თარგმნილ ლექსს, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში და ძალიან მომეწონა.

მიმავალი ლანდები

(თარგმნა პაოლო იაშვილმა)

მე ოცნებით ვკრეფდი ერთად - ლანდებს, მთისკენ მინაშურებს,
ლანდებს მთისკენ მინაშურებს, ფერდაკარგულ, ბნელი დღისას,
სიხარულით მივყვებოდი მოცახცახე საფეხურებს,
მოცახცახე საფეხურებს დიდი კოშკის სიმაღლისას.

და რაც ზევით ავდიოდი, უფრო ცხადად ირკვეოდა,
უფრო ცხადად ირკვეოდა შემოხაზვა შორი გზისა,
და რაღაცა უცხო ხმები ჩემს გარშემო იბნეოდა,
ჩემს გარშემო იბნეოდა ხმები მიწის, ხმები ცისა.

და რაც ზევით ავდიოდი, ანათებდა მეტად სხივი,
ანათებდა მეტად სხივი შორს ამართულ მთის მწვერვალებს,
და ნათება შორეული თვით სინაზე ღვთაებრივი,
ვით სინაზე ღვთაებრივი უხაროდა დაღლილ თვალებს.

ქვევით ღამე მიდიოდა, ქვევით ღამე იყო ბნელი,
ბნელი ღამე მოეფინა მიწას, ძილის სიზმრით გართულს;
ჩემთვის კიდევ ანათებდა დღის მნათობი საყვარელი,
დღის მნათობი საყვარელი სცილდებოდა მთას ამართულს!

მივხვდი როგორ უნდა კრეფა ლანდებს, მთისკენ მინაშურებს,
ლანდებს მთისკენ მინაშურებს ფერდაკარგულ ბნელი დღისას.
მე სულ ზევით მივყვებოდი მოცახცახე საფეხურებს
მოცახცახე საფეხურებს საოცნებო სიმაღლისას.

საქართველო

(თარგმნა პაოლო იაშვილმა)

ო, მაკოცე: მოდი მკოცნე, მკოცნე მალე,
შენი კოცნა ჩემთვის არის ნეტარება.
შავ თვალთ ცქერა არი ალის სიმხურვალე,
ეგ რაშის და არჩვის, ვეფხვის სულის გზნება,
და, ასულო, ხმაგრძნეული მოწკრიალე,
ყველაფერში მოჩანს ძალა და დიდება.
როცა ჰქმნიდა ის, ამ ქვეყნის მბრძანებელი,
და რომ დადგა ყველა წამზე ტურფა წამი,
მან მოღუნა კლდე ვით სუსტი, წვრილი წკნელი.
და მყინვარი ზე ასტყორცნა; ცას თამამი
ზევით თოვლი, ძირს კი ჰყვავის ყვავილნარი.
შენ გსურს ღმერთი? ამოქროლდი, ის აქ არი,
ოღონდ ქროლვით მთების არწივს დაედარე,
ხრამის ზევით სიმაღლეა მოელვარე,
ოდნავ თეთრად ილანდება იქ ტაძარი.
იქ გრძნეულობს კვლავ ყურანის სიტყვა ბრძნული
უშორესი, ატყორცნილი ცად რომ არი,
როცა ველებს დასტრიალებს თავზე რული,
სახე უჩანს აქ მზის სხივსა მოღიმარეს;
დგას მყინვარი, ძირს ნათელას - ტკბილ მძინარეს
უგავს სახე საქართველოს, წმინდა მხარეს,
ვინც ბარის ხალხს ძირს შესწირა
თავის მთების სიდიადე ამაყური,
რომ ცხოვრება მათი დიდი, უდაბნური
და კეთილი, იყოს ქვევით გადაშლილი.
და ეს მთები იყოს ხაზი განაპირა,
რომ გრეხილი თეთრი ცაში ტანს იტანდეს,
და მის ქვევით უსახური გველი ჩანდეს.
იგრძნოს ყველამ: წმინდა გველი სულ სხვა არის
და სხვა არის შავი გველი, მიმპარავი,
ნუ იქნება ძლევით სავსე ჯადოქარი,
მწველ კოცნაში ბნელ ღალატის დამფარავი.
- საქართველო! ცოცხლობს, ცოცხლობს, ცოცხალია.
მღერის თერგი და არაგვიც ამას მღერის.
მე ეს მესმის, და მეც მჯერა, მართალია.
და მაშ რისთვის, ვით ბალახი ბინძურ მტვერის,
ვისიც გულში ცოცხლობს მხოლოდ გრძნობა მტერის.
ჰბედავს კიდევ მოსვლას წმინდა ქვეყანაში,
სადაც ხალხი ცხოვრობს მზიურ ოცნებაში.
ვინც ტაძარში შედის, იმას ეს ახსოვდეს:
ფრთხილად, როცა სილამაზე შურს ითხოვდეს.
გაიგონეთ კრულვით თქმული ჩემი ლექსი:
უმაღლესსა ყურადღება უმაღლესი.
თორემ თუ დღეს სძინავს მყინვარს, ასულს ცაში,
ძლიერ ხშირად იცის ხოლმე ელვა-მეხით
თავის უკვდავ ნაპრალებზე მან თამაში.
და პირველად აქ რაინდებს წმინდა ჯვრისა
უმღერიათ, რომ უმიზნოდ მეხსა საშიშს
არ უპყრია თეთრი ქუდი მყინვარისა.
 
მსურს

(თარგმნა პაოლო იაშვილმა)

მსურს ვიყო ლაღი, თავხედი მარად,
მწიფე მტევნებით შევკრა გვირგვინი.
მსურს მოგახვიო შენ ტანსაცმელი
და თეთრ სხეულზე დავითრო ჟინი.
მსურს სითბოება მხურვალე მკერდის,
მსურს ორი სუნთქვა მე შევაერთო,
მე და ის ერთად ვართ ბედნიერი.
მაშ წადი, ხალხო! მაშ წადი, ღმერთო!
დე იყოს შემდეგ სიცივე, ბნელი,
დღეს გულით მინდა ცის სხივი წმინდა.
მე მელის სიყრმე, მე ბედი მელის,
მსურს ვიქნე ლაღი! მე ასე მინდა.

* * *

(თარგმნა ნინო სვანიძემ)

დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს,
ნაზად და უხმოდ ნაამბორევი,
თითქოს ღრუბლების ვისმენდი სუნთქვას
და რა ღრმა იყო იმ ზღვის მორევი.

არ უხვეწნია - "კმარა, არ გინდა",
ჩემგან არც აღთქმას ელოდებოდა,
და რა საამოდ მერე აგრილდა -
ღამე სარკმელს რომ ეთხოვებოდა.

არ აშინებდა არც საზღაური,
არც უფიქრია - ისე მომენდო.
ცაზე კი ზღაპრულ ღამის დასტური -
მარადიული ვარსკვლავი ენთო.

0

ავტორი: