ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომლითაც ის აღკვეთის ღონისძიების სახედ ტოხოსაშვილის პატიმრობას მოითხოვდა. როგორც პროკურორმა ნანა ხუნჯუამ პროცესზე განაცხადა, გამოვლინდა, რომ მალხაზ ტოხოსაშვილი არის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გამზიარებელი, ვინაიდან გამოძიების ფარგლებში მტკიცდება, რომ ტოხოსაშვილს ინტერნეტკავშირი აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან.
ბრალდებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული. როგორც მალხაზ ტოხოსაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით აღმოჩენილი საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის.
„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს. გამოკითხვის შედეგად, თუ ვინმე ოდესმე საეჭვოდ დამახასიათებს, გავიზიარებ თქვენს ბრალდებას. ამოღებული ვაზნებიდან ზოგი დაშლილი, ზოგი მულაჟი იყო", - განაცხადა მალხაზ ტოხოსაშვილმა პროცესზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, ტოხოსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არანაირი ფორმა არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს 2 000 - ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
სუს-მა ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მალხაზ ტოხოსაშვილი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრევა. ამ საქმეზე გამოძიება ასევე ტეორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზეც მიმდინარეობს.
0
ავტორი: