11:14:44     15-06-2011
სონეტი და ვალერიან გაფრინდაშვილის "სონეტის პრობლემა"
ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონის მიხედვით (თბილისი, 1966): "სონეტი (იტალ. სიმღერა) - ლირიკული ნაწარმოების კომპოზიციური სახეობა; თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი ნაწილი შედგება ორი ოთხთაეპიანი სტროფისაგან, მეორე ნაწილი კი სამტაეპიანი სტროფისაგან. კატრენებში უმთავრესად რკალური რითმებია abba, ხოლო ტერცეტებში პირველის მესამე ტაეპი ერითმება მეორე ტერცეტის მესამე ტაეპს ccd, cdc.
არსებობს სონეტის გვირგვინი, რომელიც ერთმანეთთან გარკვეული წესით დაკავშირებული თხუთმეტი სონეტისგან შედგება. ამ ციკლის უკანასკნელი სონეტი, რომელსაც მაისტრალური, ანდა მაგისტრალია ეწოდება, მოიცავს სხვა სონეტთა პირვალ ტაეპებს.
სონეტი წარმოიშვა იტალიაში, სადაც იგი გავრცელებული იყო XII-XIV საუკუნეებში. სონეტის დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ცდილობდნენ "ცისფერყანწელები".
ვიკიპედიის მიხედვით: "სონეტი (იტალ. sonneto), მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 ტაეპს და ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია (კატრენი), მეორეში კი – ორი სამტაეპედი (ტერცეტი), ძირითადად სონეტის სამი სახეობაა გავრცელებული: 1) "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde; 2) "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან ccd ede; 3) "ინგლისური" (შექსპირული) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16, 17 ან 20 ტაეპოვანი სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ იტალიაა მიჩნეული, XVI საუკუნიდან მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ ევროპულ საერთო პოეტურ მოვლენაზე.
სონეტი (იტალიურად – sonneto – «პატარა სიმღერა») დასაბამს კუნძულ სიცილიიდან იღებს, ის პირველად XIII საუკუნეში მოღვაწე პოეტის, ჯაკომო ლენტინის შემოქმედებაში გამოჩნდა. სონეტის სრულყოფა ერთი საუკუნის შემდგომ ტოსკანაში გაგრძელდა, თავდაპირველად გვიდო კავალკანტის ლექსებში დაღვინდა და საბოლოოდ სონეტის, როგორც პოეტური მოვლენის ზეობის ხანა ფრანჩესკო პეტრარკას ქმნილებების სახით გაეცნო და შეიძლება ითქვას შეერია იმ საერთო დინებას, რასაც რენესანსის ეპოქა ჰქვია..."
ბოლო ხანს, სონეტის ისტორია ქართულ პოეზიაში დაწვრილებით შეისწავლა და მიმოიხილა თამარ ბარბაქაძემ და გამოსცა წიგნი - "სონეტი საქართველოში". მასში ნათქვამია, რომ "...ამ ევროპული კანონიკური სალექსო ფორმის თაობაზე პირველი სიტყვა ილია ჭავჭავაძემ თქვა თავის სადებიუტო წერილში "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძე ერისთავის კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა": "ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი".
1910-იანი წლებიდან სონეტის შესახებ საქართველოში დისკუსია მიმდინარეობდა. 1919 წელს ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებში" გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ესე "სონეტის პრობლემა"... სონეტის შესახებ ფიქრი და კვლევა პერიოდულად მიმდინარეობდა ქართულ სინამდვილეში სხვადასხვა შესანიშნავი მკვლევარის მიერ (ჩემი თაობის საყვარელი პედაგოგი აკაკი ხინთიბიძე და სხვები)...
დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ვალერიან გაფრინდაშვილის ესეს "სონეტის პრობლემა", რომელიც დაიწერა 1919 წლის თებერვალში (კრებულიდან, 1990). ესე ძალიან საინტერესოა, მასში განხილულია სონეტის ისტორია, თეორია, შინაარსი, მოდერნიზების ცდები და სხვა. რამდენიმე დღეში მკითხველს გავახსენებთ ქართულ სონეტებს.
სონეტის პრობლემა
სონეტი - თეორემაა. შეიძლება მისი ავტორი მათემატიკოსი იყო და არა პოეტი. სონეტს უხვად უანდერძეს თავისი სახელები შექსპირმა, მიკელ-ანჯელომ, ტეოფილ გოტიემ, პეტრარკამ, მარია-ტერეზამ. ბუალო ამბობს: "ჭეშმარიტი სონეტი გრძელ პოემად ღირს", არის კიდევ ერთი მაგალითი ლიტერატურის ისტორიაში, როდესაც პოეტმა მთელი თავისი შემოქმედება შესწირა სონეტს. ეს არის ფრანგი პოეტი, სახელოვანი პარნასელი ხოზე-მარია-ერედია. ბოდლერის ლექსი "მშვენიერება" სონეტის სახით მოევლინა კაცობრიობას. სტეфან მალარმეს დაუვიწყარი "გედიც" - სონეტია. სრულებით არ არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებით საფრანგეთში განვითარდა სონეტი: ფორმის კულტი არსად არ არის ისე გავრცელებული, როგორც საფრანგეთში. იმ მონოგრაფიაში, რომელიც დაიწერება სონეტზე, ღირსეულ ადგილს დაიჭერენ პარნასელები. თუმცა გერმანიას ჰყავდა სონეტის ოსტატი პლატენი, ეს ფორმა სრულებით არ არის სავალდებულო გერმანიისათვის, ისე, როგორც ის არ ახასიათებს რუსეთს. ჟორჟ ბრიომელი სწერდა სონეტებს და დენდიზმი წარმოუდგენელია უსონეტოთ. დენდიზმის ესთეტიურ პროგრამაში შედის სონეტი, როგორც ყელსახვევი. სონეტი არის არსიტოკრატიული ფორმა და მეფეებმაც მოიხადეს თავისი ვალი მის წინაშე. მეფეები წერდნენ სონეტებს და ინგლისის დედოფალი ელისაბედი მფარველობას უწევდა სონეტს. სონეტი ფენომენია. იგი მუსიკაა და იგი მარმარილი არის. ბევრმა საუკუნოებმა მიიტანეს იერიში სონეტზე, მაგრამ იგი სდგას ვით ციხე ხელუხლები და ახლა ადვილია იმ პრინციპის აღიარება, რომ სონეტი უკვდავია, როგორც ფორმა, როგორც ნივთიერება და იარსებებს უკუნისამდე. ლაფორგის ტრაურულ მარშში, როდესაც მსოფლიო იღუპება და ისევ პირველყოფილ ქაოსად უნდა იქცეს, ნგრევის გაბრაზებულ სტიქიას მოაქვს ჰეგელის წიგნებთან საალერსო სონეტი.
ჩვენ ვიცით სხვადასხვა ლირიკული ფორმები - მაგალითად სეკსტინა, ოკტავა, ტრიოლეტი, რონდო, ვიცით კიდევ სხვა ელასტიური ფორმები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ისე დასრულებული, ისე თაღბშეკრული, არც ერთი ისე არ შემორკალავს შემოქმედებას, როგორც ღვთაებრივი სონეტი. შინაარსი და ფორმა თუ გარმონიულად არ არიან განვითარებული სონეტში - სონეტი მარცხდება ფორმის და შინაარსის მხრით. სონეტი ჰგავს ალბრეხტ დიურერის რაინდს, რომელიც არის დატვირთული მძიმე დერიდახოლებით, მაგრამ ღირსეულად ატარებს თავის რკინის ტანსაცმელს. ვისაც არ შესწევს ძალა, არ უნდა ჩაიცვას სონეტის რკინის პარანგი, თორემ უსათუოდ ამ სიმძიმის ქვეშ ჩაიკეცება და ვერ გაშლის ფრთას. არც ერთი ფორმა არ მოითხოვს იმისთანა გარმონიას შინაარსთან, როგორც სონეტი. აქ ფორმა ქმნის შინაარს. უნაკლო სონეტი სასწაულის შთაბეჭდილებას ახდენს. ქართველ ფუტურისტის, არჩილ მიქაძის სიტყვით, სონეტი უფრო ხშირად ოდაა, მას უფრო ხშირად წარსულისაკენ უჭირავს თვალი. სონეტი, როგორც ოდა, ძვირად ეხება ყოველდღიურს, მისი საგანი რაიმე განსაკუთრებულია: სიყვარული, რევოლუცია, ისტორია მისი გმირებით. ხშირად სონეტი არის პორტრეტი რომელიმე პიროვნებისა, ხშირად პოეტები მიმართავენ ერთმანეთს სონეტებით. როგორც არ იციან ვინ გამოიგონა სამყარო, ისე არ იციან ვინ გამოსჭედა პირველად 14 სტრიქონი სონეტისა. საბერძნეთის მითოლოგია მოგვითხრობს, რომ ათინა დაიბადა სრულიად შეიარაღებული ზევსის თავიდან და შეიძლება ამნაირი იყო სონეტის დაბადებაც. არც ერთი ფორმა ლექსისა არ უწვალებიათ ისე, როგორც სონეტი. ბევრი პოეტი ცდილობდა გამოეცვალა სონეტის სახე და მიეთვისებია სონეტის რეფორმატორის სახელი. აქ პერსპექტივაც მეტად ცბიერი და მიმზიდველი იყო. ეს ფორმა მეტად კონსერვატიული ფორმაა, ცვალებადობის კანონს არ ემორჩილება. არქიმედი ამბობდა: მომეცით დასაყრდენი წერტილი და მე მთელ დედამიწას გადავაბრუნებ. პოეტები, რომელნიც ცდილობდნენ აეფეთქებინათ სონეტი და მის ნანგრევებზე ახალი ფორმა აეშენებინათ, გრძნობდნენ თავის თავს არქიმედებად სონეტის წინაშე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გაუმარჯვია ამ ბრძოლაში. საქართველო, რომელიც ბევრ რამეში ენათესავება საფრანგეთს, გატაცებულია ახალი სონეტის პრობლემით. ჩვენ გაბედულათ ვამბობთ ერთ პარადოკსს, რომელსაც მომავალი გაამართლებს: იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ სონეტის ბრწყინვალე ისტორიაში მესამე ადგილს დაიჭერს საქართველო. არსად სონეტს არ ჰყავს ისეთი თავგამეტებული რაინდები, როგორც საქართველოში. უცნაურია, მაგრამ სასიხარულო ის არის, რომ მთელი დასი ქართველ პოეტებისა ავადმყოფია სონეტით, იმათ სონეტი ეჩვენებათ როგორც უნივერსალური ფორმა შემოქმედებისა. არტურ რემბოს მოულოდნელი და საშინელი მეტაფორა მთელ პლანეტების კატასტროფას იტევს. პოეტს შეუძლია ამოსწუროს რევოლუცია ერთ მეტაფორაში. ერედიას სონეტებში ატორტმანდენ საუკუნეები.
არც ერთ პოეზიაში არ არის იმდენი მრავალსახეობა სონეტისა, როგორც ჩვენს პოეზიაში. გადაბრუნებული-ყირამალა სონეტი, კოჭლი სონეტი ტიპიურია ჩვენი პოეზიისათვის, ჯერ არ არის ქართულ პოეზიაში "სონეტების გვირგვინი".
გრიგოლ რობაქიძემ შექმნა ახალი ფორმა სონეტისა, რომელშიც ყოველი სტრიქონი წერტილით თავდება. ყოველი სტრიქონი სრულ ქანდაკებას წარმოადგენს და არსად კავშირი "და" სონეტში არ იხმარება. ამის გარდა ქართულ სონეტისთვის ის სავალდებულოდ ხდის თოთხმეტმარცვლოვან ლექსს და ქალურ-ვაჟურ რითმების მორიგეობას, სონეტები: "ფრანგ პოეტს", "აქლემი". გარდა იმისა, რომ პირველი კლასიკური სონეტი დასწერა ელენე დარიანმა ჩვენში, პაოლო იაშვილ შეჰქმნა შემდეგი სონეტები: ელამი სონეტი, სონეტი ამორძალი და სონეტი უნაგირით. ჯერ კიდევ დაუბეჭდავია ტიციან ტაბიძის - სონეტი ჰერმაფროდიტი. ეს სათაური წინამორბედია არაჩვეულებრივი სონეტისა: შეიძლება ამ სონეტმა გადააგვაროს ძველი სონეტის აღნაგობა და დაამკვიდროს ახალი სონეტი. კოლაუ ნადირაძეს აქვს იდეია ორიგინალური სონეტისა: - მისი სახელწოდება არის - სონეტი ქამრით. ამ სტრიქონების ავტორმა დაწერა ყრუ სონეტი, რომელშიდაც წინააღუდგა ხმოვანების კანონს და რიტმიულ, მაგრამ ურითმო 14 სტრიქონში სონეტი დააყრუა. ეს სონეტები ჩვენ დეტალურათ არ გაგვირჩევია, მაგრამ მოკლე მიმოხილვაც საკმაოა, რომ დავრწმუნდეთ, როგორი ყურადღებით ეკიდება ქართული პოეზია სონეტს. ჩვენ, ქართველები, ელლინების, რომაელების და ფრანგების მემკვიდრეები ვართ ფორმის სიყვარულში. ჩვენი ბუნება იმდენად მჭერმეტყველია, რომ შეუძლებელია აქ ფორმის პრიმატის დაგმობა და უარყოფა. ქართველ პოეტებს სწამთ სონეტი, როგორც უნივერსალური ფორმა შემოქმედებისა. სონეტი ამნაირად გაგებული უახლოვდება სიმბოლოს და მის მაგივრობას ასრულებს. ერთი ქართველი ბელეტრისტი ამბობს, რომ ჩვენს უძველეს პოეზიაში არსებობდა ფორმა სონეტისა. ამის დამტკიცება ძნელი იქნებოდა, მაგრამ ამისთანა ლეგენდაც საინტერესოა. თუ ჩვენს წარსულ პოეზიაში არ ყოფილა სონეტი, იყო ისეთი ფორმები, რომელნიც ეშურებიან სონეტს.
სონეტის ფორმა მარადია ისე, როგორც თვით ლიტერატურა. როგორ მოხდა, რომ ადამიანის გონებამ ისე დააწყო 14 სტრიქონი, რომ სონეტის შეუდარებელი გოტიკა სავალდებულო შეიქნა ყველა საუკუნოებისათვის? ჩვენ რომ დავშალოთ სონეტი ცალკე სტრიქონებათ, ჩვენ რომ დავამახინჯოთ იგი, მაინც შეუძლებელია მისი სიკვდილი და იგი ყოველთვის აღორძინდება, როგორც ფენიკსი. სონეტი ჯერ კიდევ არ არის დაფასებული. ყოველივე, ის რაც ამ ფორმაში იმალება, მხოლოდ მომავალში იქნება აღმოჩენილი. ედგარ პომ თავისი "ყორანის" ლაბორატორიაში შეგვიყვანა, დაგვანახა თავის განმარტებაში, როგორ შექმნა მან "ყორანი". შაპელენმა ბერძნულ ტრაგედიაში აღმოაჩინა სამი ერთობის პრინციპი და ეს პრინციპი თავის I’Art Poetique-ში დააკანონა ბუალომ. მომავალში ახალი შაპელენი აღმოაჩენს სონეტში მთელ თეორიას და მანამდი კი ეს ფორმა აუხსნელი სფინკსი იქნება ჩვენთვის. შეიძლება ყველა ცდა ახალი სონეტისა იყოს გამოწვეული ერთი სურვილით, რომ გავიგოთY უკანასკნელად მომხიბლავი ძალა და აუცილებელი მკაცრი კანონები სონეტისა. უსათუოდ ფორმა სონეტისა მიუდგომელი და ძლიერი, გვიტაცებს ჩვენ და იმავე დროს, ჩვენ გვინდა ეს ფორმა დავიმორჩილოთ, რომ მისი იდუმალება რამენაირად ცხად-ვყოთ, მოვხადოთ მას ნიღაბი. საგულისხმოა, რომ სონეტი გაჩნა ალხიმიკოსების დროს და დღესაც სონეტი ლიტერატურული perpetuum mobile არის. ბევრი ფიქრობს, რომ სონეტის ფორმა უბრალოა, მაგრამ სონეტის მარტივობა უფრო რთულია, ვიდრე სეკსტინის კაზმულობა. აქ ადვილად მოტყუვდება თვალი. სონეტში ხომ 14 სტრიქონია, სონეტი ხომ ჰამლეტის გამოცანა არ არის! სონეტის ფორმის იდეია აქამდის გაუგებარია, სონეტის ფორმის თეორია ჯერ კიდევ არ დაწერილა. ჩვენ ვიცით ბუალოს პრინციპი: ერთი და იგივე სიტყვა სონეტში არ უნდა მეორდებოდეს, რითმები ოთხეულებში (ჯვარედინი და მოღვედილი რითმები) და ტერცეტებში უნდა იყოს აგებული ისე, როგორც ამას გვიკარნახებს თვით ბუალოს და ან პეტრარკას სონეტი. მაგრამ განა ეს ამოსწურავს სონეტის ფორმის შინაარსს და სონეტის იდეას? იმან, ვინც ეს ციხე ააშენა, გადაკეტა ამ ციხის კარები და გასაღები ზღვაში გადაისროლა.
0