10:37:06     15-06-2011
ომი სუდანში, ნავთობისა და ძალაუფლებისთვის
სუდანის არმიამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე იმ სოფლებზე მიიტანა იერიში, რომელიც სამხრეთ სუდანის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, შეტევისთვის “მიგ” და “ან” ტიპის თვითმფრინავები იქნა გამოიყენებული. დაიბომბა დასახლებული პუნქტები, შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელ ხანს, სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქვეყნის სამთავრობო ძალებმა ქალაქი აბეი დაიკავეს, სადაც ნავთობის მსხვილი საბადოებია განლაგებული.
როგორც ცნობილია, 1983 წლიდან 2005 წლამდე, მუსულმანურ ჩრდილოეთ-ცენტრალურ ნაწილსა და ქვეყნის სამხრეთს შორის, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ, სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამხრეთელებმა ხართუმისაგან დამოუკიდებლობის მიღწევა შეძლეს.
2011 წლის იანვარში, სამხრეთ სუდანში ჩატარდა რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. რეგიონის მოსახლეობის უმარვლესობამ, სუდანისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. 9 ივლისს, მსოფლიო რუკაზე უკვე ოფიციალურად გაჩნდება ახალი სახელმწიფო – სამხრეთ სუდანი.
0