13:17:16     14-06-2011
ნადირაძისეული "ტოპოლის" შემცვლელი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, მასსა და აშშ-ს შორის არსებული ცივი ომი და სამხედრო პაექრობა წარსულს ჩაბარდა, თანამედროვე რუსეთისა და აშშ-ს შემთხვევაში, ორივე ქვეყანა ძალიან დიდ მნიშვნელობას პოტენციალური შემაკავებელი ფაქტორის - ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია-გაუმჯობესებას ანიჭებს.
ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში, მთავარი აქცენტი სახმელეთო ბაზირების სტატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტებზე კეთდებოდა. ეს ტენდენცია ათწლეულების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა.
მაგრამ დღეს, რუსეთს აშშ-სთან შედარებით, გაცილებით ნაკლები სტრატეგიული ბომბდამშენი და სტრატეგიული წყალქვეშა ნავები ჰყავს.
2010 წლის შემოდგომის მდგომარეობით, რუსეთს რეგულარულ საბრძოლო მორიგეობაზე ბალისტიკური რაკეტების მატარებელი მხოლოდ 10 წყალქვეშა ნავი ყავს. აქედან ოთხი 667БДР Кальмар-ის პროექტისაა. თითოზე Р-29Р-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 16 გაქმშვები შახტაა. თითო რაკეტას სამი განცალებადი ქობინი მიაქვს.
დანარჩენი ექვსი წყალქვეშა ნავი კი, 667БДРМ Дельфин-ის პროექტისაა. წინამორბედის მსგავსად მათ გამშვები შახტების ანალოგიური რაოდენობა გააჩნიათ, რომლებშიც Р-29РМ ან Р-29РМУ2 Синева-ს ტიპის ოთხი განცალებადი ქობინის მქონე რაკეტაა განთავსებული.
შედარებისთვის აშშ-ს "ოჰაიოს" კლასის 14 სტარტეგიული ატომური წყალქვეშა ნავი ყავს და თითოზე "ტრაიდენტის" ტიპის 24-24 რაკეტაა განთავსებული. გამოდის რომ 14 ნავზე აშშ-ს 336 სტრატეგიული რაკეტა აქვს, რუსეთს 10-ზე კი - მხოლოდ 160 რაკეტა. რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია.
რაც შეეხება ავიაციას, რუსეთს საერთო ჯამში ორი ტიპის 78 ბომბდამშენი ყავს, აშშ-ს განკარგულებაში კი სამი ტიპის 154 სტრატეგიული ბომბდამშენია. როგორც ჩანს ბირთვული ტრიადის საზღვაო და საჰაერო კომპონენტებში რუსეთი აშშ-ს საგრძნობლად ჩამორჩება, ამიტომაც ყველანაირად სახმელეთო კომპონენტის გაძლიერებაზე მუშაობს.
არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა შეიარაღებაში ახალი სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс მიიღეს. გეგმის მიხედვით ისინი ეტაპობრივად მონობოლური საბრძოლო ქობინით აღჭურვილ РТ-2ПМ2 Тополь-М-ებს უნდა ჩაენაცვლნონ. თუმცა იქამდე ამ ტიპის რაკეტები, რომლებიც თავის დროზე ქართველმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ შექმნა, შეიარაღებაში 2020 წლამდე დარჩებიან.
მიუხედავად იმისა რომ დღეს აშშ და რუსეთი ერთგვარ მეგობრობის როლს თამაშობენ, ატლანტიკის გაღმა მხარეს მყოფი ქვეყანა ევროპაში თავისი ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე კვლავ მუშაობს.
ამაზე კი რუსეთის პასუხი, შეიარაღებაში ინდივიდუალური დამიზნების განცალებადი ქობინებიანი რაკეტის მიღება წარმოადგენს.
რა თქმა უნდა Ярс-ი ნულიდან არ შეიქმნა და მარტივად, რომ ვთქვად ის ახალი საბრძოლო ნაწილის მქონე "ტოპოლ-მ"-ის ვარიანტია. თავად ნიშნული РС-24 ხელშეკრულება СНВ-1-ის ფარგლებში შეიქმნა, რომლის თანახმადაც 2009 წლამდე აშშ-სა და რუსეთს არ ქონდათ თავიანთ რაკეტებზე მონობლოკური საბრძოლო ქობინების განცალებადზე შეცვლის უფლება. თუმცა ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ახალ ნაკეთობაზე და რუსეთმა სწორედ ამით ისარგებლა.
თავად "ტოპოლი" საბჭოთა კავშირმა, 1970-იან წლებში, აშშ-ს მიერ საბრძოლო მორიგეობაზე გაზრდილი სიზუსტის მქონე რაკეტების დაყენების საპასუხოდ შეიმუშავა. იმ პერიოდში წითელ იმპერიას არ შეეძლო ანალოგიური სისტემების შექმნა და ამიტომაც აქცენტი კომპლექსის მობილურობაზე გაკეთდა.
1990-იან წლებში რუსეთმა "ტოპოლებს" მოდერნიზაცია ჩაუტარა და შეარაღებაში მისი გაუმჯობესებული ვარიანტ "ტოპოლ-მ"-ის, როგორც მობილურ ასევე შახტური ვარიანტი მიიღო. მიღებული იყო, რომ მობილურობის წყალობით ნადირაძის მიერ შექმნილ კომპლექსი უფრო დაცული იყო და რაკეტას მეტი შანსი ქონდა მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო სისტემის გადასალახად.
1990-იანი წლებში, აშშ-ს კოსმოსურ არსენალში რადიოლოკაციური დაზვერვის "ლაკროსის" სერიის თანამგზავრები გამოჩნდა, რომლებისთვისაც რაკეტების აღმოსაჩენად, სიბნელე და ღრუბლები ხელის შემშლელ ფაქტორს აღარ წარმოადგენდა.
შესაბამისად მობილურობის ფაქტორი ეფექტს კარგავდა. სხვათა შორის თავის დროზე აშშ-მ უარი თქვა კომპლექს "მიჯეტმენის" მობილური ვარიანტის შექმნაზე და მთელი ძალისხმევა უკვე არსებული რაკეტების შახტების დაცულობის გაზრდასა და მათ გარშემო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა-გაუმჯობესებაზე გადაიტანა.
Ярс-ის შესახებ, რომლის შემქმნელიც მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტია, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანი ინფორმაცია არსებობს და მისი ზუსტი მახასიათებლები გასაიდუმლოებულია, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ განცალებადი ქობინების გამოყენებისას საჭიროა მათი რაკეტისგან მოშორების დამატებითი საფეხურის გამოყენება. მანევრირებისა და ინდივიდუალური დამიზნებისთვის კი თითოეულ ქობინს, საწვავის საჭირო რაოდენობა უნდა გააჩნდეს.
რაკეტის პირველი გაშვება, პოლიგონ კურას მიმართულებით, 2007 წლის 29 მაისს პლესეცკის კოსმოდრომიდან მოხდა და წარმატებით დასრულდა. მეორე და მესამე საცდელი გაშვებები, შესაბამისად 2007 წლის 25 დეკემბერსა და 2008 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა. სამივე შემთხვევაში რაკეტამ პოლიგონზე არსებული პირობითი სამიზნე წარმატებით გაანადგურა.
Ярс-ი შეიარაღებაში უკვე მიღებულია. კომპლექსის წარმოება მხოლოდ მობილურ ვარიანტში ხდება. 2011 წლის 4 მარტის მდგომარეობით, საბრძოლო მორიგეობაზე ამ რაკეტებით შეიარაღებული პირველი პოლკი დადგა.
0