უილიამ ბატლერ იეიტსი - ირლანდიური აღორძინების უმნიშვნელოვანესი პერსონა უილიამ ბატლერ იეიტსი - ირლანდიური აღორძინების უმნიშვნელოვანესი პერსონა />


  13:02:21     13-06-2011

უილიამ ბატლერ იეიტსი - ირლანდიური აღორძინების უმნიშვნელოვანესი პერსონა

a6920.jpg

1865 წლის 13 ივნისს დაიბადა დიდი ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი უილიამ ბატლერ იეიტსი (William Butler Yeats), 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

მამა, ჯონ ბატლერ იეიტსი განათლებით იურისტი იყო, თუმცა მერე მხატვრობამ გაიტაცა. დუბლინიდან გაემგზავრა ლონდონში ფერწერის შესასწავლად. ხატავდა პორტრეტებს. უილიამის უმცროსი ძმა, ჯეკი მამის გზას გაჰყვა და ცნობილი მხატვარი გამოვიდა. 1880 წელს ოჯახი დაბრუნდა დუბლინში. იქვე დაამთავრა უილიამმა სკოლა და სამხატვრო სასწავლებელში მოეწყო.

ლექსების წერა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. 1885 წელს გაიცნო ჯონ ო’ლირი, "შინ ფეინის" წევრი, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნდა ირლანდიაში. იეიტსის ლექსები და სტატიები პატრიოტული თემატიკითაა გაჯერებული. მის შემოქმედებაში ჩანს ძველირლანდიური, კელტური ფესვები.

სამწუხაროდ, ირლანდიელებმა ვერ შეინარჩუნეს მშობლიური ენა სალიტერატურო ენად. ამიტომ, იეიტსი ინგლისურად წერდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი ეპოქისა და შემდგომი დროის ლიტერატურულ პროცესში, როგორც ირლანდიაში, ისე ინგლისსა და მთელ მსოფლიოში.

დაინტერესებული იყო მისტიკით, ოკულტიზმით. სამხატვრო სკოლიდან მეგობრობდა პოეტთან და ოკულტისტთან ჯორჯ რასელთან. მათ დაარსეს ჰერმერტული ორდენი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იეიტსი. 1880 წელს დაუკავშირდა თეოსოფისტებს, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით (არ მოეწონა, ალბათ, ბლავატსკაიას იდეები).

დიდი გატაცებით იღწვოდა ირლანდიის თავისუფლებისათვის. ეწეოდა ირლანდიური ფოლკლორის, ძველი და ახალი ლიტერატურის პოპულარიზაციას. წერდა პიესებს, აქტიურად მონაწილეობდა პირველი ირლანდიური თეატრის ჩამოყალიბებაში, იყო მისი დირექტორი. ის ითვლება ირლანდიური (კელტური) აღორძინების ერთ-ერთი უთვალსაჩინოეს ფიგურად. 1890 წელს შევიდა "ოქროს განთიადის" ორდენში, რომელიც ჩამოაყალიბა მაკგრეგორმა.

1917 წელს იყიდა ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრე - კოშკი, რომელსაც მერე ხშირად ახსენებდა თავის შემოქმედებაში. იმავე წელს დაქორწინდა ჯორჯია ჰაიდ ლიზე და შეეძინა ქალიშვილი და ვაჟი. 1922 წელს გახდა დამოუკიდებელი ირლანდიის სენატორი.

1923 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1939 წლის 28 იანვარს.

უილიამ ბატლერ იეიტსის წიგნი-კრებული "კელტური მიმწუხრი” თარგმნა და გამოსცა ცნობილმა მთარგმნელმა მედეა ზაალიშვილმა. წიგნში შესულია ლექსები, პოემები, პროზაული ნაწარმოებები. ქალბატონ მედეას ხუთი წელი მიუძღვნია ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმისთვის, რაც დასაფასებელია. წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ბოლო დროის თარმნილ წიგნთა შორის. რედაქტორია როსტომ ჩხეიძე, რომლის წერილიც უძღვის წიგნს წინასიტყვაობად.

წინასიტყვაობაში მოთხრობილია, რომ კოლაუ ნადირაძისთვის ვიღაც უცნობს გამოუგზავნია იეიტსის წიგნი. კოლაუ ნადირაძე არ იცნობდა იეიტს და გაკვირვებული დაჰყურებდა თურმე მისამართს. შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო დიდი ირლანდიელი, რომელსაც ვაჟასა და ვასილ ბარნოვს ადარებს როსტომ ჩხეიძე. "იეიტსისეულ ირლანდიაში ქართველი მკითხველი საქართველოს დაინახავს, რადგან ირლანდიის საწუხარით დამძიმებულ შემოქმედს იგივე დარდი და ტრაგედია ჰქონდა, რაც მაშინდელ საქართველოსა და ქართველ მწერლებს" - ამბობს წიგნის რედაქტორი.

2010 წლის ბოლოს "ჩვენმა მწერლობამ" "კელტური მიმწუხრის” გამოსვლას მიუძღვნა შეხვედრა, სადაც მასთან ერთად აღნიშნული წიგნის თარგმნის მნიშვნელობაზე, მთარგმნელის ოსტატობაზე და ირლანდიელი პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს: როსტომ ჩხეიძემ, პაატა ჩხეიძემ, ნანა კუციამ, ნინო ვახანიამ, გია ჯოხაძემ, ზვიად კვარაცხელიამ, თემურ ნადარეიშვილმა და სხვებმა (ქვემოთ გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერის ნაწყვეტს ამ შეხვედრიდან).

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს უილიამ ბატლერ იეიტსის რამდენიმე ლექსს. ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით დიდი პოეტის შემოქმედებას და მისი შემოქმედების მთარგმნელებს.

ქურთუკი, ნავი და ხამლები

(ინგლისურიდან თარგმნა - მედეა ზაალიშვილმა)

,,რას კერავ ასეთს, ასე რომ ელავს?“

,,მე ვკერავ ქურთუკს მწუხარებისას,

მისი დანახვა მოხიბლავს ყველას,

შევკერავ ქურთუკს მწუხარებისას,

მოხიბლავს ყველას“.

,,რას აგებ ასეთს, გაშლილი აფრით“

,,მე ნავს ავაგებ მწუხარებისას,

სწრაფად იცურებს დღისით და ღამით,

იცურებს ნავი მწუხარებისა

დღისით და ღამით“.

,,ასე ქათქათა მატყლით რას ბეჭავ?“

,,მე ვბეჭავ ხამლებს მწუხარებისას,

რათა იაროს მსუბუქ ნაბიჯით.

არ შეაწუხებს კაცთ სმენას ბეჩავს,

მსუბუქ ნაბიჯით.“

მას სურს სამოთხის ტანისამოსი                              

(ინგლისურიდან თარგმნა - გია ჯოხაძემ)

სამოთხის ბაღის ყველა ფერი ტანზე რომ მეცვას,

ოქროს ძაფი რომ ელვარებდეს ზედ მირიადი,

ცისფერით, მკრთალით, მუქით, თალხით შევტრფოდე ზეცას,

ღამის წყვდიადის, შუადღისა და განთიადის,

ფეხქვეშ დაგიფენ, არ მოვყვები კერვას და კემსვას,

თუმც, რაც არა მაქვს, ისედაც ხომ შენია ყველა;

ძირს მიმოვაბნევ სათითაოდ ზმანებებს ჩემსას,

ოღონდაც, ფრთხილად, შენ ახლა ჩემს ოცნებებს თელავ.

არსადაა მეორე ტროა                    

(ინგლისურიდან თარგმნა- გია ჯოხაძემ)

რისთვის გავკიცხო? რომ არსება ამივსო წყევლით?

რად შეითვისა, ტანჯვისგან რომ მართლაც სჯობს გაცლა?

კაცთაგან რომ არ მიიბოძა პატივი მხევლის

და ფართო ქუჩა რომ ინდომა ვიწრო გზის ნაცვლად?

არა აქვს ნება, რომ სურვილი ჩვენსავით კლავდეს?

თავის ბილიკზე თვითნებურად ვიდოდეს კვალად?

განა არა სჯობს, მდგმურად შლეგი გონება ჰყავდეს,

ვიდრე დიდებამ და პატივმა მოხაროს რკალად?!

ხომ სასაცილო იქნებოდა, ვარდად შლილიყო?

მარტოსულობა, ცაში ფრენა შვენის მის ასაკს,

რომ რაც დღეს არის, ისევ იმად დარჩენილიყო.

სხვა ტროა თუა ნეტავ სადმე? გადავწვავ მასაც.

შავი კოშკი                                     

(ინგლისურიდან თარგმნა- გია ჯოხაძემ)

უთხარით ყველას, რომ შავ კოშკში ეს სული ლხინობს,

საუზმის ნაცვლად აქ თეფშებზე მხოლოდ მტვერია,

ცარიელია ყველა ჯიბე, მჟავეა ღვინოც,

მაგრამ იცოდეთ, აქ მხედრისთვის ყველაფერია.

აქ დგას ჩაუქი გარნიზონი, ერთგული ფიცის,

სხვისი დროშების დაბლა დახრა რომელმაც იცის.

საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.

თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,

აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.

ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.

გვაწყდება მტერი, სპამრავალი, ბილწი, ძლიერი,

ბრიყვები ხართო, მეომრები მგლებივით ყეფენ.

დაგვიწყნიათო თვით ხელმწიფე კანონიერი...

აბა, ბრძოლაში, რა აზრი აქვს, ვინ არის მეფე?!

თუ ბრიყვები ვართ, რად წკმუტუნებს სული ფინიად,

ჩამქრალი ღველფის ასე ძლიერ რად გეშინიათ?

საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.

თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,

აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.

ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.

მზარეულს ჩვენსას საჭმლის შოვნა სურდესო თითქოს,

თან ჩიტებს უმზერს, და თან ფეხსაც საეჭვოდ ითრევს,

სამეფო ბუკის ხმა ისმისო და განგაშს ითხოვს,

ბიჭები აბჯრით მოასწრებდნენ შეჯავშნას ვიდრე.

ან სხვას რას მოსთხოვ? საქათმისთვის კვლავ იცლის მელა.

ჩვენ შეძახილი არ გვჭირდება, მწყობრში ვართ ყველა.

საფლავის კუპრი ჩვენს თვალებთან კისრულობს ბრძოლას.

თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,

აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.

ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.

 

ვიდეო 1 ნაწილი

ვიდეო 2 ნაწილი

0

ავტორი: