10:55:50     29-06-2018
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მისი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურფიას პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა განუცხადა, ის სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურორ თამარ მესაბიშვილის განცხადებით კი ის ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით იშუამდგომლებს.
შაბაშვილის განმარტებით, კონფლიქტი ნოზაძესა და ჯანჯღავას შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა. როგორც ის აღნიშნავს, ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი 250 ლარის ოდენობით ჰქონდა. რაც შეეხება მესამე პირს - მამაკაცს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს, როგორც პროკურორი თამარ მესაბიშვილი განმარტავს ის გამოკითხულია და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება, რადგან მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.
რაც შეეხება იმას, აღნიშნული მამაკაცი მისი სურვილით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში თუ ის სამართალდამცავებმა დაიბარეს, პროკურორი არ პასუხობს.
0