საქართველოში ბოლო დროს შექმნილმა ვითარებამ მთავრობის ფორმირება გამოიწვია.
ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი ხორავას ქუჩის ტრაგედიას მიუძღვის, არასრულწლოვნების მკვლელების დასჯის მოთხოვნით ქუჩაში ათეულობით ადამიანი გამოვიდა.
მართალია, მკვლელები დღესაც არ დასჯილან, თუმცა, საზოგადოების პროტესტმა და მათმა აქტიურობამ მთავრობაში ძირებული ცვლილებების აუცილებლობა წარმოშვა.
უნდა დაინიშნოს თუ არა, საპარლემანტო არჩევნები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე „პრესა.ჯი“ აშშ-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ ექიმს, ზურაბ გურულს ესაუბრა.
ზურაბ გურული, რომელიც სოციალური ქსელების ერთერთი აქტიური მომხმარებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“.
- საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მაგალითად, რატომ აფარებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელებს ხელს?
[I=2] ზურაბ გურული: ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნებისმიერმა მოაზროვნე ქართველმა კარგად იცოდა თუ როგორც დასრულდებოდა გამოძიება.
არანაირი დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ სჭირდებოდა ამის მიხვედრას.
ქართული იურისპრუდენციის დეგრადირების აპოთეოზი მაშინ შედგა, როდესაც გენერალურ პროკურორად ყოფილი ჯიბგირის კანდიდატურა წარადგინა პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა და განაცხადა, რომ ნასამართლეობა არ წარმოადგენდა ამ თანამდებობის დაკავებისათვის სერიოზულ პრობლემას.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანი საია-ს ერთერთი დამფუძნებელიც არის, დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხრწნის მასშტაბები.
იუსტიციის სამინისტროს სათავეში კი დგას პიროვნება, რომელმაც პრაქტიკულად დაასამარა ქართული იურისპრუდენციის საერთაშორისო ავტორიტეტი.
აღარაფერს ვიტყვი ასევე დეგრადირებულ სასამართლო სისტემაზე. შესაბამისად, ასეთი პათოლოგიური სტრუქტურის მოქმედების პრინციპები პრაქტიკულად გამორიცხავდა ნორმალურ გამოძიებას, მითუმეტეს რომ ერთერთი მთავარი ეჭვმიტანილის მშობელი თავად სისტემის წონიანი წარმომადგენელია.
გამორიცხავდა, რადგან თავისიანის გაწირვა ავტომატურად გამოიწვევს ე.წ. დომინოს ეფექტს. ამიტომ, გამოძიებამ იმუშავა (და მუშაობს) ზუსტად ისე, როგორც უნდა ემუშავა.
- რამ გამოიწვია თქვენი აზრით, სამთავრობო ცვლილებები?
- სამთავრობო ცვლილებები დააჩქარა სამოქალაქო პროტესტის ქუჩაში გადანაცვლებამ.
ერთია, როდესაც მოსახლეობა ჩუმად დრტვინავს და კომედი-შოუებსა თუ პოლიტიკურ გადაცემებში უშვებს ორთქლს და მეორეა რუსთაველზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეკრებილი პროტესტანტების დემონსტრაცია.
ამის გაგრძელება დიდხანს არ შეიძლებოდა, რადგან მოვლენების ესკალაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა.
ოცნების ლიდერმა პარალელურად აამუშავა პარლამენტის მართული ოპოზიცია (რომლებმაც ე.წ. საპარლამენტო კომისიის გამოძიება მოითხოვეს) და თანამდებობიდან დაუყოვნებლივ მოისროლა საბოტაჟში ისედაც შემჩნეული პრემიერი, თავის ერთგულ მინისტრებთან ერთად.
ამ მანევრმა მიზანს მიაღწია, მოვლენებმა ქუჩიდან ისევ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა და მთავრობის ლოგიკური კრიზისი გარკვეული ხნით შეაჩერა.
- უნდა დაინიშნოს თუ არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს. თან რაც შეიძლება სწრაფად, სანამ კოალიცია "ოცნება" და მისი ლიდერი ისევ მოახერხებს მართული ოპოზიციის რიგების გაზრდას, რეალურ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაციის შეტანას და მართვადი ქაოსის შექმნას, საიდანაც ისევ გამარჯვებულნი გამოვლენ.
არ დაგვავიწყდეს რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრული კონტროლი ამ კოალიციის ხელშია და საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ფულზე ყველაფერი იყიდება.
- როგორ ფიქრობთ, საპრეზიდეტო არჩევნებზე, ოპოზიციამ კანდიდატი როგორ უნდა შეარჩიოს? ხომ არ ფიქრობთ კონრეტულ კანდიდატზე, რომელსაც თქვენი აზრით, ყველანაირი რესურსი აქვს საქართველოს პრეზიდენტობისთვის?
- ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს ერთიანი კანდიდატი წინასწარი შერჩევის პრინციპით. მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ ამომრჩეველთა ყველაზე დიდი სპექტრი ნეიტრალური, ნიჰილიზმში მყოფი პასიური ამომრჩევლები არიან, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან.
შესაბამისად, კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლების ხმები დაქუცმაცდება და "ოცნება" ისევ გაიმარჯვებს.
0
ავტორი: