ზვიად ძიძიგური: არ დავეთანხმები არც ვადამდელ არჩევნებს და არც ვადაგადაცილებულ არჩევნებს ზვიად ძიძიგური: არ დავეთანხმები არც ვადამდელ არჩევნებს და არც ვადაგადაცილებულ არჩევნებს />


  16:41:54     25-06-2018

ზვიად ძიძიგური: არ დავეთანხმები არც ვადამდელ არჩევნებს და არც ვადაგადაცილებულ არჩევნებს

a80295.jpg

„ქართული ოცნების“ წევრების დიდი ნაწილი არ იზიარებს მათივე თანაგუნდელის, დავით ჭიჭინაძის პოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს დაძლიოს კრიზისი და შესაბამისად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აზრი არ აქვს.

Presa.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

- როგორ მოგწონთ, მთავრობის სტრუქტურული რეფორმის მთავარი განაცხადი: 11 სამინისტრო 14-ის  ნაცვლად. რას მოუტანს სამთავრობო რეფორმის ის ვარიანტი, რაზეც შეთანხმდა მმართველი პარტია?

- მცირე მთავრობაზე უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი  ჩემთვის არის მობილური მთავრობა. მობილურ მთავრობას უზრუნველყოფს ის რეორგანიზაცია, რომლის პროექტიც აქვს პრემიერ- მინისტრს წარმოდგენილი. მომსახურების ვადების შემცირება, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა მიიღონ  სამინისტროებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველანი ეკონომიკის სწრაფ ზრდას ვითხოვთ. სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომელიც მამუკა ბახტაძეს ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ზრდის სისწრაფე ერთი, ძალიან პოზიტიური თემაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი და სწორედ ამას მიაღწევს მთავრობა. სიღარიბის დასამარცხებლად  პირველ რიგში, აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა და სამუშაო ადგილებს მსხვილი ბიზნესი არ ქმნის. ძირითადად სამუშაო ადგილები იქმნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით.

- თქვენმა კოლეგა დავით ჭიჭინაძემ საკუთარი მოსაზრება უკვე გააჟღერა და საინტერესოა, რამდენად რეალურია რომ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- დავით ჭიჭინაძეს აქვს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ყველას მთავარი ამოცანაა, რომ კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება ყველა არჩევნების არის ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ძალიან დიდი წინაპირობა. მე არ დავეთანხმები არც ვადამდელ არჩევნებს და არც ვადაგადაცილებულ არჩევნებს. ამ ქვეყანაში, მუდამ ვიყავით იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ხან ადრე ტარდებოდა, ხან - გვიან და ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ უნდა იცოდეს თამაშის წესები. ყველა პარტიამ უნდა იცოდეს, რამდენი წლით წააგო თუ მოიგო არჩევნები და ემზადებოდეს იმ არჩევნებისთვის, რომელიც არის კონსტიტუციით განსაზღვრული.

- დავით ჭიჭინაძემ რაც ადრე თქვა, კვირიკაშვილის მთავრობა გადადგებაო და რამდენიმე საათში მისი განაცხადი რეალობად იქცა. მისი მხრიდან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილის მესიჯი, რომელიც მისი მეშვეობით გახმოვანდა?

- ვინმეს თუ ჰგონია, რომ მმართველ გუნდს პრობლემა აქვს საკუთარი გეგმების შესახებ პირდაპირ განაცხადოს, არ არის ეს სწორი მიდგომა. საპარლამენტო უმრავლესობის აზრია, რომ საპარლამენტო და სხვა არჩევნებიც უნდა ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.

- საინტერესოა, „ქართული ოცნების“ ბოლო კონსულტაციაზე, სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად პერსონალიებზეც თუ იყო მსჯელობა, იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების შედეგად,  თეა წულუკიანის მინისტრობიდან წასვლა-არწასვლის ინტერესი არსებობს როგორ ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან? 

- არ ყოფილა პერსონალიებზე საუბარი და არც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ნდობა იმიტომ არ გამოვუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენ  არ ვასახელოთ მინისტრობის კანდიდატები. ისინი პრემიერ- მინისტრმა უნდა წარმოადგინოს და ჩვენ კიდევ უნდა განვიხილოთ მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები.

- ერთსულოვნება არც თავად უმრავლესობაშია და საინტერესოა, ემხრობით თუ არა თეა წულუკიანის მინისტრად დარჩენას სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ?

- თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული და პირდაპირი კამპანია. მინდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები არ არის მათი მხრიდან დასაყენებელი. მათ უნდა დააყენონ ისეთი მოთხოვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეფერება. თუ ვინმეს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება სურს, ამისთვის არსებობენ პოლიტიკური პარტიები. ისინი ან უნდა გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად, ან პოლიტიკურმა პარტიებმა ილაპარაკონ ასეთ თემებზე.
0

ავტორი: