ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, რატომ მოხდა ფარდულის დემონტაჟი, სადაც დავით სარალიძემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო.
„საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ფარდული უკვე აღებულია. ფაქტობრივად, ფარდულის არც ნაჭრებია, არც სახურავი აქვს. რატომ არ დაილუქა ფარდული ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდებოდა? მას შემდეგ რაც ჩატარდებოდა ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გვექნებოდა ფარდულის ზომები, ასევე გვექნებოდა საშუალება, რომ ფიგურანტები მიგვეყვანა ადგილზე და მათ აეხსნათ ყველაფერი. ასეთი ადგილები, როგორც წესი, მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. რა იყო მიზეზი, რომ ფარდული არ დაილუქა და მოხდა მისი დემონტაჟი?“ -განაცხადა ოთარ კახიძემ.
აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სირაძემ განმარტა, რომ ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კახა სირაძის თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დასურათება სრულად მოხდა და შესაბამისად, ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.
„მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია იქამდე, ვიდრე შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. ამასთან, დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ. ეზო მოიცავს ფარდულსაც და შემთხვევის ადგილი იყო მთლიანად ეზო. საყოველთაო სარგებლობის ფართიცაა. ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და მოსახლეობაც წუხდებოდა. რაც შეეხება მის პარამეტრებს, ამ ტერიტორიას გააჩნია კონტურები, რადგან ის მიწაშია შეჭრილი და მისი აღდგენა არ გაჭირდება“, -განაცხადა კახა სირაძემ.
0
ავტორი: