ეკა ბესელია: ადამიანური რესურსის ხარჯზე სამინისტროების გაერთიანება არ მოხდება ეკა ბესელია: ადამიანური რესურსის ხარჯზე სამინისტროების გაერთიანება არ მოხდება />


  16:54:17     21-06-2018

ეკა ბესელია: ადამიანური რესურსის ხარჯზე სამინისტროების გაერთიანება არ მოხდება

a80136.jpg

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.

პარტიის ინფორმაციით, კონსულტაციები ბიუროს ფორმატში იმართება.

კონსულტაციის დაწყებამდე, PRESA.GE პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ესაუბრა:

- პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 100-120 მილიონი ლარი დაიზოგება, მმართველ გუნდში არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. დეპუტატებს შეკითხვები აქვთ, მაგალითად კულტურისა და განათლების სამინისტროს გაერთიანების შემთხვევვაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება მცირე ზომის სახელმწიფო უწყება?

-ამ საკითხთან  დაკავშირებით კონცეპტუალური ხედვა არის  მხარდაჭერილი და ამაზე უკვე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.  მცირე ზომისა და ნაკლები სამინისტროების პირობებში იქნება თუ არა ეფექტური მართვა მთავრობის მხრიდან, უკვე შევჯერდით რომ იქნება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტის მხრიდან ამ მანდატსაც მოიაზრებს, რადგან ეს იყო წინასწარ გაცხადებული ხედვა. რამდენად ეფექტური იქნება, უკვე გათვლილია მართვის იმ მოდელზე, რაც აქვს იმ ზომის ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო. სამინისტროები, რომლებიც ერთმანეთთან არის თავსებადი და ორგანული ბმა აქვს პრიორიტეტებს, გაცილებით ეფექტურს გახდის მართვას. ეს გადაწყვეტილება გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქემდე სწრაფად მივიდეს სიკეთე.

​- ბიძინა ივანიშვილი თუ ჩაერთვება მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზნით გამართულ კონსულტაციებში?

-კონსულტაციებს ვიწყებთ ამ დღეებში და ვერ გეტყვით, რა იქნება. ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და მას პარტიული სტატუსი აძლევს პირდაპირ უფლებამოსილებას, რომ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩაერთოს. არ მგონია, რომ ამის შესახებ კითხვა არსებობდეს, თუმცა, ჩაერთვება თუ არა, მისი გადასაწყვეტია.

- მოსალოდნელია, რომ გაერთიანებული უწყებების მინისტრობის კანდიდატები მან წარმოადგინოს და მმართველმა გუნდმა მას მხარი დაუჭიროს?

-ჩვენ დემოკრატიული წესი გვაქვს გუნდის შიგნით გადაწყვეტილების მიღების. ეს წესი გულისხმობს შიდა ტიპის განხილვებს. რაც მე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობის გამოცდილებიდან მახსოვს, ის არასდროს იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.

- ვინ არიან იმ უწყებების მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც სტრუქტურულ რეფორმის შედეგად უნდა წარადგინოთ? ვგულისხმობ სასჯელაღსრულების და იუსტიციის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შეერთების შედეგად შექმნილი სტრუქტურების მინისტრებს...

​- სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით...

- კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროების შეერთების შემთხვევაში, დასაფიქრებელია ბევრი საკითხი, მათ შორის ბიუჯეტის, კონკრეტული დეპარტამენტების გადანაწილება და  ა.შ. მმართველ გუნდში რამდენად არის გააზრებული მოსალოდნელი სირთულეები, რაც ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს?

​- იმისათვის, რომ ყველაფერი გააზრებული, წინასწარ გაანალიზებული იყოს, სწორედ ამიტომ გაიმართება  კონსულტაციები ამავე კვირიდან და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

- თქვენი კოლეგების ნაწილის აზრით, სტრუქტურული რეორგანიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ სამინისტროების თანამშრომლებს სახლში გაუშვებენ. მაშინ რაში მდგომარეობს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის პერსპექტივა?

​- ეს კითხვა ჩვენც დავსვით და დაგვიდასტურა პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს არ ნიშნავს ადამიანური რესურსის შემცირებას. პრიორიტეტები და მიმართულებები, რომელსაც დღეს არსებული სამინისტროები განსაზღვრავენ, ამ მიმართულებების რეალიზებას სჭირდება ის რესურსი, რაც ამჟამად ჰყავთ, ხოლო შიდა სტრუქტურული გადაადგილებები სხვა საკითხია. თანხის დაზოგვა, კონკრეტულად რის ხარჯზე უნდა მოხდეს, მთავრობა საჯაროდ წარმოადგენს. ის, რომ ადამიანური რესურსის ხარჯზე მოხდება სამინისტროების გაერთიანება, ასე არ არის. კონცეპტუალური გააზრების დონეზე მამუკა ბახტაძის პოზიციაა, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი კადრები, რომელიც არსებობს ამ სტრუქტურებში.

0

ავტორი: