მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მუშაობას დღეიდან დაიწყებს. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. გაუქმდება სასჯელაღსრულების უწყება, რომლის ფუნქციებსაც იუსტიციის სამინისტრო შეითავსებს. ორად იყოფა დევნილთა სამინისტრო. მისი ფუნქციები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში გადანაწილდება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება. მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.
Presa.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს ესაუბრა:
- იმის მიუხედავად, რომ კადრების შემცირების იდეას მხარს უჭერს, ოპოზიცია მტავრობის სტრუქტურული ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს და ფასადურს უწოდებს იმის გათვალისწინებით, რომ კვირიკაშვილის მთავრობის დროსა შემცირებულ სამინისტროებზე საუბრობდნენ და თანხების დაზოგვის ნაცვლად, მათი დაფინანსება გაიზარდა. ამჟამად, საუბარია 100-120 მილიონის დაზოგვაზე, თუმცა საკადრო ცვლილებების გარეშე გამოდის, რომ რეფორმა მხოლოდ კონკრეტული მინისტრების დონზე უნდა განხორციელდეს. რა ხდება სინამდვილეში?
-შეგნებულად ავარიდებ თავს კონკრეტული პასუხის გაცემას, მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ სამკვირიანი ვადა ავიღეთ იმისთვის, რომ ინტენსიური კონსულტაციის ფარგლებში ყველაფეი გათვალოთ, რათა არავინ დაზიანდეს. არ დაზარალდეს არც პროცესი და არც სახლში წასვლის საფრთხის წინაშე დადგეს ვინმე. რეფორმის მიზანი არა ვინმეს სახლში გაშვება, არამედ გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღებაა. დანარჩენებს სამი კვირის ვადაში დეტალურად, დათვლილს და გაანალიზებულს გეტყვით.
- არსებობს ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში დახურული კონსულტაციები იმართება პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე და სხვადასხვა კანდიდატურები განიხილება. არსებობს თუ არა, ქალი პრეზიდენტის იდეა და დაუჭერდით თუ არა თეა წულუკიანს ამ თანამდებობაზე?
- პრეზიდენტობის კანდიდატად ქალის იდეა მომწონს და ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიაში პირველად იქნებოდა ქალი პრეზიდენტი. თუკი კანდიდატი იქნებოდა, მხარსაც აუცილებლად დავუჭერდი. კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიდის კონსულტაციები, რომელიც ღრმა ფაზაში შესული ჯერ არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ.
- არსებოსბს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ თეა წულუკიანი შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს...
- ფიქრობთ, რომ რაღაცას წამომაცდენინებთ, მაგრამ უკვე განვმარტე რომ კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი ამ ეტაპზე სწორი არ იქნება. ქალთა როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულ კანდიდატზე კი ვერაფერს ვერ და არ გეტყვით.
- მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობიდან წასვლისას თავად ისაუბრა, ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გაჩნდა და მამუკა ბახტაძემაც არაერთხელ ახსენა „უსამართლო თამაშის წესები ეკონომიკურ მოდელში“, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა სიღარიბის დაძლევას. რამდენად რეალური იყო ის მიზეზები, რის გამოც კვირიკაშვილი წავიდა?
- ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ყველა პასუხი მიიღო, პირველ რიგში, თავად გიორგი კვირიკაშვილისგან, როდესაც მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და ისაუბრა იმ საკითხებზე, რომ გუნდში არსებობდა განსხვავებული ხედვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია საზოგადოების ინტერესებთან და რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, უპირველესად სწორებაც ამაზე უნდა გაკეთდეს. ის, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო მთავრობის მხრიდან პარლამენტთან და გადაწყვეტილებების მიღება უფრო ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს, ესეც იყო ის საკითხი, სადაც არსებობდა განსხვავებული პოზიციები. დანარჩენი ყველამ ყველაფერი იხილეთ და მოისმინეთ.
- არასამთავრობო სექტორის ნაწილმა მოითხოვა, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, 2011 წელს მისი ანგარიშით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20 ათასი ლარის შეწირვის ფაქტი. მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ტექნიკურად იყო გამოყენებული მისი ანგარიში, რაც კანონით აკრძალულია. როგორ ფიქრობთ, უნდა დაინტერესდეს თუ არა აუდიტის სამსახური?
- ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე, ჩემი აზრით იყო შესაძლებელი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და იცის, რასთან შეიძლება საქმე გვქონოდა. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას მხოლოდ ის, რომ მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, იყო და იქნება ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, რომელმაც გუშინ ჩაიბარა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. რაიმე სახის სპეკულაციებზე საუბარი არის იმ პოლიტიკური გუნდის იდეები და ზრახვები, ვისაც სურს, რომ რაიმე არასასურველი პროცესად წარმოაჩინოს კონკრეტული ფაქტი. თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინმეს რაიმე ფორმით დაინტერესება სურს, გზა არსებობს სამართლებრივი მიმართულებით და შეუძლია დაინტერესდეს.
0
ავტორი: