თეა წულუკიანი ერთადერთია მინისტრობის კანდიდატებს შორის, რომლის მიმართაც ერთნაირად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ არასამთავრობოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრებსა და ოპოზიციას.
წულუკიანის გაუგონარი აგრესია და ჩაფლავებული რეფორმები, მართლაც იძლევა იუსტიციის მინისტრის მწვავე კრიტიკის საფუძველს. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება მის შეცვლას კვლავ არ აპირებს.
წულუკიანი და სარალიძის საქმე
[I=3]მაშინ როცა შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა - მკვლელების დაფარვის, მოწმეთა ჩვენებების შეცვლის, მტკიცებულებების გაყალბებისა და საქმის ფალსიფიკაციის გამო, წულუკიანი ბატონ შოთაძეს ორივე ხელით იცავდა.
მეტიც, გადადგომის შემდეგ, წულუკიანმა მას საჯარო მადლობაც გადაუხადა, რაც მოგვიანებით რამდენჯერმე გაიმეორა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შოთაძეს, რომელმაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე შეკერა და მკვლელებს ხელი დააფარა.
რატომ? იმიტომ ხომ არა რომ წულუკიანს შოთაძის „აღიარებითი ჩვენებისა“ და იმის შეეშინდა რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კიდევ ბევრი ფაქტი იცის?
მაგალითად ის, თუ რეალურად რა წვლილი მიუძღვის მას, საქმეების ჭრა-კერვის მიმართულებით...
წულუკიანი და ჰააგა
მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება და სკანდალი მზადდება.
მიხეილ სააკაშვილმა, ეს განცხადება მოგვიანებით უფრო დააკონკრეტა და განმარტა რომ ივანიშვილი, წულუკიანის ხელით ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჰააგის სასამართლომ ქართული მხარე გაამტყუნოს 2008 წლის რუსული ინტერვენციის საქმეში.
არსებობს დასაბუთებული ეჭვი რომ იუსტიციის მინისტრი ამ მიმართულებით არ აქტიურობს და ოკუპანტ რუსეთს საშუალებას აძლევს თავი დაიძვრინოს.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ძნელი არ იქნება თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას პუტინისადმი.
მას, როგორც იცით, დღემდე არ სჯერა რომ რუსეთი და პუტინი საქართველოს მტერია.
„მე თუ გამწირავთ, მეც გაგწირავთ“
[I=2]ეს ფრაზა თეა წულუკიანმა ქართული ოცნების დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მაშინ, ივანიშვილი კვირიკაშვილის შეცვლის საკითხს განიხილავდა. დეპუტატთა ნაწილმა კი, წულუკიანის გადადგომა მოითხოვა, რამაც იუსტიციის მინისტრი ზედმეტად გააღიზიანდა და თქვა რომ თუ ოცნება მას გაწირავს, ისიც გაწირავს ოცნებას.
გამოდის რომ წულუკიანმა ერთგვარად დააშანტაჟა ხელისუფლება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც და მიანიშნა რომ მოხსნის შემთხვევაში, მზადაა ისაუბროს ყველა იმ უკანონო დავალების შესახებ, რომელიც მაგალითად, მისგან მიიღო.
შედეგად, კვირიკაშვილი გადადგა, ბიძინამ პრემიერობის ახალი კანდიდატი „დადო“.
ხოლო ბახტაძემ, პარლამენტს დროებითი მთავრობა წარუდგინა დასამტკიცებლად, სადაც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად კვლავ წულუკიანია დასახელებული. დროებითი მთავრობა სამი კვირის ვადაში შეიცვლება.
ბახტაძის თქმით, ის სამი კვირის შემდეგ წარუდგენს პარლამენტს თავის გუნდს, რომელთან ერთადაც აიღებს პასუხისმგებლობას.
[I=4]სინამდვილეში, ივანიშვილი იძულებული გახდა დრო მოეგო. ახლა არაფორმალურ მმართველს შანსი აქვს, სამ კვირაში როგორმე დაარწმუნოს წულუკიანი, მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს, რათა საზოგადოების რისხვა აიცილოს თავიდან.
თუმცა, საეჭვოა, ივანიშვილმა ასე მარტივად მოაგვაროს საქმე. მხოლოდ წულუკიანის „გაქრობა“ ვერ განმუხტავს იმ კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ე.წ. „შარდის ქეისითა“ და ხორავას ქუჩის მკვლელობის ფალსიფიცირებით შექმნა.
გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია და არა - სამოსის გამოცვლა მაშინ, როცა ხასიათი იგივე რჩება.
0
ავტორი: