დენდროლოგიური პარკის თემაზე პარლამენტში დაპირისპირება მოხდა დენდროლოგიური პარკის თემაზე პარლამენტში დაპირისპირება მოხდა />


  13:01:33     19-06-2018

დენდროლოგიური პარკის თემაზე პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

a80047.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავასა და ლევან დავითაშვილს შორის, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა 

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ, თინა ბოკუჩავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ექსპერტების მოსაზრებით, ხეების გადატანისას რეკულტივაციის გეგმები არ სრულდება. 

ბოკუჩავამ ლევან დავითაშვილისგან მოითხოვა პირადი მოსაზრების დაფიქსირება „ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რაც ხეების გადატანას უკავშირდება. 

ლევან დავითაშვილის განცხადებებით, ის ე.წ. ეკოლოგიური კატასტროფები, რაზეც ბოკუჩავა საუბრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ასე არ არის.

„დღევანდელ ფორმატს იყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, - ასე მიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას. 

​მისი განმარტებით, ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეათანხმოს გადატანის, ან რეკულტივაციის გეგმები. 

„ნებართვების გაცემის გეგმებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. კანონმდებლობის აღსრულებაზე მონიტორინგს კი ახორციელებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ეს ხდება ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაშიც საუბარია კერძო კომერციულ კომპანიებზე, რომლებიც ატარებენ გადატანის სამუშაოებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ზიანის თანხის დაანგარიშება მოხდება. თუმცა ეს გეგმები არსებობს და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რეკულტივაციის გეგმები შეასრულონ. რაც შეეხება ხეებს და ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს თქვენც იცით და ამაზე არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გასული თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით, რომ ხდებოდა ვითომდა საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება. ხშირ შემთხვევაში ნაჩვენები იყო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილებით იყო მომხრე, რომ ხეები გაესხვისებინა. ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად. დენდროლოგიური პარკი იქნება ქვეყანაში და ეს კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

​თინათინ ბოკუჩავას ასევე უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, რომელმაც კოლეგის განცხადებას ამაზრზენი ტყუილი უწოდა.

„ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან. 
პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქმე ეხება, გასულ კვირაში, ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობას. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აცხადებენ, რომ პოლიციის უფროსი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა. 

თავად მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.
0

ავტორი: