ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - მერიასთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს
ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცავებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს.
ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს. იგი მედიისთვის დახურულია. შეხვედრას საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ოზურგეთის გამგეობის წინ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ. ისინი ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა.