00:39:27     11-06-2011
ყველაზე ძლიერი ქართული ქვემეხი
ქვემეხების გამოგონებისთანავე, სამხედროებმა მათი შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მალე ცალკეულ საჯარისო დანაყოფებად ჩამოყალიბებულმა არტილერიამ, სხვადასხვა ქვეყნების არმიების რიგებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, მაგრამ თითქმის არც ერთ ომსა თუ სამხედრო კონფლიქტს მისი გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ არტილერიის ძლიერ ცეცხლს, ბრძოლის ბედი გადაუწყვეტია. ამიტომაც სამხედროები მას "ომის ღმერთს" უწოდებენ.
არტილერიის გამოყენებას, თავისი ტაქტიკა გააჩნია. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, ბრძოლის ველზე ქვემეხებს ერთ მწკრივში აწყობდნენ და ცეცხლს ისე ხსნიდნენ. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას უკვე პირველი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გამოჩნდნენ. მათი მთავარი კოზირი - მობილურობა იყო. მისაბმელი ქვემეხების პოზიციაზე დაყენებასა და მოხსნას დიდი დრო სჭირდება. ეს დრო კი მტერმა საპასუხო დარტყმისთვის შეიძლება გამოიყენოს. გარდა ამისა მისაბმელი ქვემეხის შემთხვევაში, საჭიროა ავტომობილი, რომელიც მის ბუქსირებას მოახდენს. ასევე ავტომობილი რომელიც პირად შემადგენლობასა და ჭურვებს გადაიტანს. მობილური არტილერიის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ერთ დანადგარშია გაერთიანებულია
1960-იან წლებში, საბჭოთა კავშირში, ახალ 203 მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე დაიწყო მუშაობა. Пион-ი, (ასე ეწოდა შემდგომში დანადგარს) პირველ რიგში მოწინააღმდეგის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა და ფორტიფიკაციული ნაგებობების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. საჭიროების შემთხვევაში კი ქვემეხიდან ბირთვული მუხტის გასროლაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
რა თქმა უნდა ყველას ესმოდა, რომ ამგვარი საარტილერიო საშუალება მსუბუქი არ იქნებოდა. ამიტომაც არჩევანი მუხლუხა შასიზე შეჩერდა. მოთხოვნების თანახმად, ქვემეხის სროლის დისტანცია 35 კმ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ინჟინრების წინაშე დასახული ამოცანის გასამარტივებლად, ახალი საარტილერიო სისტემის შემადგენლობაში უკვე არსებული მუხლუხოვანი ტექნიკის კვანძების გამოყენება გადაწყდა. მაგრამ გასროლისას წარმოქმნილმა 135 ტ-იანმა უკუცემის ძალამ სრულიად ახალი შასის შექმნის საჭიროება წარმოშვა.
მაგრამ უკვე არსბული კვანძების გამოყენება მაინც მოხერხდა. ასე Пион-ზე გამოყენებული მექანიკური ტრანსმისია, სიჩქარეთა გადართვის კოლოფი და 12 ცილინდრიანი დიზელის ძრავა Т-72-ის ტიპის ტანკიდან იყო ნასესხები. რაც შეეხება სავალ ნაწილს კი, აქ მრავლად ტანკ Т-80-ის კვანძები და აგრეგატებია გამოყენებული.
Пион-ი შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს. მისი საბრძოლო ნათლობა ავღანეთში შედგა. მაგრამ მისი გამოყენება შეზღუდული რაოდენობით მოხდა.
საარტილერიო დანადგარი რამოდენიმე ტიპის ჭურვებს მოიხმარს. მსხვრევად- ფუგასური 110 კგ-ს იწონის და ქვემეხი მას 37.5 კმ-ზე ისვრის. აქტიურ-რეაქტიული ჭურვის შემთხვევაში კი, 102 კგ-ის წონისას (აქედან 13.8 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მოდის) და ის 47.5 კმ-ზე მიფრინავს. თავად Пион-ში მხოლოდ 4 ჭურვი და მათ სასროლად საჭირო ჰილზები ინახება. დანარჩენი 36 ცალი კი სატვირთო ავტომობილს მიაქვს.
რაც შეეხება ბირთვულ ჭურვებს, მათი გამოყენება იშვიათ შემთხვევებში, მოწინააღმდეგის მსხვილი სამრეწველო ობიექტებისა და ჯარების თავშეყრის ადგილების გასანადგურებლად უნდა მომხდარიყო. მისი სროლის მინიმალური დისტანცია 18 კმ-ს, მაქსიმალური კი - 30 კმ-ს შეადგენდა. დანადგარი საკმაოდ მძიმე გამოვიდა - 46000 კგ, მაგრამ მისი კორპუსი ეკიპაჟს მხოლოდ ტყვიებისგან იცავს.
გასროლის შემდეგ, მოზინააღმდეგის სამიზნისკენ, ჭურვი ბგერის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მიფრინავს და მას პრაქტიკულად ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია. ქვემეხის დატენვა სპეციალური დამტენი მექანიზმის საშუალებით ხდება. ის მასზე მოთავსებულ ჭურვს ქვემეხის სახაზინო ნაწილში ათავსებს. უშუალოდ დამტენ მექანიზმამდე ჭურვების მიტანა ორთვალა ურიკით ხდება.
Пион-ის სწრაფსროლა წუთში 1,5 გასროლას შეადგენს. არსებობს სროლის სხვადასხვა რეჟიმებიც: პირველ 5 წუთში - 8 ჭურვი, 10 წთ-ში 15 ჭურვი, 20 წთ-ში - 24, 30 წთ-ში კი - 30.
დღეისთვის, ეს დანადგარი, რომლიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თვითმავალი საარტილერიო საშუალებაა, 7 ქვეყნის შეიარაღებაშია. მათ შორისაა საქართველოც.
პირველად Пион-ი ქართლი არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის მინისტრობისას გამოჩნდა. ის იმდროინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, პავლე გრაჩოვის საჩუქარი იყო. მაგრამ რუსები ჭკვიანები იყვნენ. დანადგარი კი გვაჩუქეს, მაგრამ ჭურვები არა. უსაქმოდ მყოფი ერთადერთი Пион-ი წლების განმავლობაში გაიძარცვა. მისი აღდგენა 2004 წელს მოხდა. შემდგომ უკრინიდან ჭურვები და კიდევ რამოდენიმე საარტილერიო დანადგარის შეძენა მოხდა.
მათ ქართველი არტილერისტები აქტიურად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყენებდნენ. გორის მიდამოებში განლაგებულმა 203 მმ-იანმა Пион-ებმა მტერს 600-ზე მეტი 110 კგ-იანი ჭურვი ესროლა. რუსულ კოლონებს ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ამ ქვემეხებმა მიაყენეს.
თავისი უდაო სიძლიერის მიუხედავად, დანადგარი მაინც მცირე მობლიურობითა და სწრაფსროლით გამოირჩევა. გარდა ამისა ამგვარი კალიბრის ქვემეხები უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება. თავად ლულას კი არც ისე დიდი რესურსი გააჩნია. დღეისთვის ამგვარი საარტილერიო დანადგარის ძირითადი კონკურენტები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებია. Пион-გან განსხვავებით. ისინი უფრო მასიური ცეცხლითა და შესაბამისად დიდი სწრაფსროლით გამოირჩევიან.
0