მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მთავრობა გადადგა საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, მაგრამ მხოლოდ პრემიერის შეცვლა არაფერს ცვლის.
Presa.ge საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:
- საპროტესტო აქციებზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იდგა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პრემიერთან ერთად, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომა იყო. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ სამთავრობო ცვლილებებს პრემიერი და ეკონომიკური გუნდი შეეწირა?
- საპროტესტო აქციების ძირითად მოთხოვნა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომა იყო, როგორც არასამართლიანი და ძალადობრივი სისტემის შემქმნელების. ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო: სისტემა უნდა დაინგრეს და ეს ეხებოდა პროკურატურას, შს და იუსტიციის სამინისტროებს, უშიშროებას. თუმცა, ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“ წარმოუდგენიათ, რომ პრემიერი პასუხისმეგებელი მხოლოდ ეკონომიკაზეა.
ძალიან სასაცილოა, როცა „ქართული ოცნება“ ასაბუთებს, რატომ უნდა იყოს გამოუცდელი ბიჭი პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძეს ეკონომიკასთან შეხება სულ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა და არავითარი გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ამით ფაქტობრივად აღიარეს არაფორმალური მმართველობის ნიშანი, რომ სინამდვილეში, რეალურად პრემიერ-მინისტრი არის ვიცე-პრემიერი, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს კურირებს. ამიტომ, არ განიხილავდნენ გიორგი კვირიკაშვილს ძალოვნების უფროსად და არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც, აფგან მუხთარლის გატაცება, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს, გიორგი კვირიკაშვილმა არ იცოდა.
ძალოვანი სტრუქტურა პირდაპირ მიბმულია ივანიშვილთან, ამიტომ არის, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ხელშეუხებელია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახლავთ. თეა წულუკიანმა იცის უამრავი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა.
- უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ თეა წულუკიანი იუსტიციის პოსტს შეინარჩუნებს, თქვენ კი პირდაპირ მის შეუცვლელობაზე მიანიშნებთ. რატომ?
- თეა წულუკიანი ორი მიზეზის გამოა ხელშეუხებელი კადრი: ერთი, როგორც ინფორმაციის მატარებელი და მეორე - როგორც ყველა შავი საქმის შემსრულებელი. დღევანდელი მდგომარეობით, კულუარულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, თურმე მთავრობის გადადგომა კვირიკაშილისა და ჯანელიძის გასაშვებად მომხდარა.
- მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრობიდან,რომ საკუთარი სურვილით წავიდა, კულუარული ინფორმაცია არ არის...
- არ არის სწორი! დიდი ხანია მიხეილ ჯანელიძის შემცვლელად ამზადებდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს, რადგან ივანიშვილისთვის მთავარი საფრთხე ევროპა და ამერიკაა. მას ეშინია ამერიკის სანქციების, ხოლო ამერიკელებთან კვირიკაშვილ - ჯანელიძეს ჰქონდათ საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი. ამ ავტორიტეტს აძლიერებდა ის, რომ ამერიკამ საქართველოსთვის შეიძლება კიდევ მეტი ფუნქცია შეიძინოს ანაკლიის პორტის სახით, სადაც ამერიკული ინვესტიცია იდება. ამიტომ უთხრა ივანიშვილმა კვირიკაშვილს, რომ ის მფარველობს ბანკებს და ანაკლიის პორტს. ისიც კი თქმულა, რომ მამუკა ხაზარაძე ბუნტს აწყობდა საქართველოში, ან მფარველობდა ქუჩის აქციებს. სწორედ იმის გამო, რომ დაკნინებულიყო ამერიკული გავლენა საქართველოში, რომლის გამყარებაშიც კვირიკაშვილ-ჯანელიძე მოიაზრებოდნენ, ივანიშვილს დიდი ხანია ჰქონდა მათი შეცვლა გადაწყვეტილი.
- ჯერ კიდევ ზამთარში თქვენი კოლეგები ხმამაღლა მიუთითებდნენ მოქმედ პრემიერს, რომ შემცვლელი გვერდით ეჯდა, მაგრამ სულ სხვანაირი ფაქტის წინაშე რომ დგახართ, ვერ გრძნობთ?
- პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია სარეზერვო ფიგურა იყო მამუკა ბახტაძე. გახარიას ბოლო თვეების განმავლობაში მოუვიდა შეცდომები, მიტინგი სიცრუით დაშალა და მისი ავტორიტეტი დაეცა, რის გამოც ხალხი უკვე მის გადადგომას ითხოვს. ასევე ეჭვის ქვეშ დგას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების საკითხში მისი ობიექტურობა. ამ მომენტით ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლა და ხალხის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, კვირიკაშვილ-ჯანელიძე და ეკონომიკური გუნდი გადააყენა.
- პრემიერის გადადგომით ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდად კმაყოფილი არ ჩანს. განაპირობა თუ არა თქვენი დამოკიდებულება შემოთავაზებულმა კანდიდატურამ?
- პიროვნულობის ხარისხით კვირიკაშილიც და ჯანელიძეც ათი თავით მაღლა დგას ბევრ იმ ადამიაზე, ვინც დღეს მთავრობაში რჩება. თუნდაც სოზარ სუბარი და მისი მსგავსები, ვინ არიან ნებისმიერი ბინძური საქმის შემსრულებლები. გიორგი კვირიკაშვილს გაცილებით დიდი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, რაც ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია და მოხდა ისე, რომ წინამორბედზე უარესად მორჩილი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შემოგვაჩეჩეს.
მამუკა ბახტაძე იქნება არათუ კარის, არამედ, ხელის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილი თავის კადრებს ბოლომდე წურავს, მას ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, გიორგი კვირიკაშვილის ბოლომდე გამოწურვა სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გაბედა ეთქვა, რომ თანამდებობიდან სწორედ ივანიშვილთან დაპირისპირების გამო მიდის. მამუკა ბახტაძე შედარებით პატარა ლიმონია, გაცილებით სწრაფად მოხდება მისი ბოლო წვეთამდე ჩაწურვა ივანიშვილის ფიალაში და სულ მალე გახდება „ვანოს შოუს“ მთავარი გმირი.
- მამუკა ბახტაძეზე ცნობილი გახდა, რომ 2011 წელში ის „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური დამხმარე ყოფილა. მმართველ გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ მამუკა ბახტაძის წარსული არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრობას, რადგან მაშინ ხელისუფლება ბიზნესებს ატერორებდა და ფულს სძალავდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- ერთი პლიუსი, რაც მამუკა ბახტაძეს შეიძლება ჩავუთვალოთ, ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეგნებული დამფინანსებელი ყოფილა, მაგრამ თუკი „ოცნების“ ხალხი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ მას აშინებდა და ფულს სძალავდა, მაშინ ასეთ პრემიერს ივანიშვილი არათუ შეაშინებს, ერთ მუჭში მოქცეული ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებას ფულს ყველა ბიზნესმენი არ აძლევდა, ისე როგორც „ქართული ოცნება“ ძალოვანი მექანიზმებით აშინებს ბიზნესს, მაგრამ ყველა ბიზნესმენი არ აძლევს ფულს. ყველა შემთხვევაში, ფულის შეწირვის ფაქტი ნიშნავს მისი მრწამსის ცვლილებას, ან მის მოწყვლადობას ზეწოლის შემთხვევაში.
- ძალიან ხშირად, უმრავლესობის ნაწილი საუბრობს „ოცნებაში“ პორტირებული „ნაცების“ პრობლემაზე და არსებობის უარყოფითი დამოკიდებულება ასეთი კადრების მიმართ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ „პორტირებული ნაცები“ მთავრონბაში მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით?
- დღეს მთავრობაში ვისაც კი რაიმეს კეთება შეუძლია, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული კადრებია. ისინი არიან მორბენალი კადრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკან დაბრუნებას მოინდომებენ. მათ უკან არ მივიღებთ, რადგან ვისწავლეთ რომ მედროვე ადამიანები არავითარი სიკეთის მომტანი არ არიან. თუმცა, უამრავი დეპუტატი და მთავრობის წევრი, მათ შორის, მიხეილ ჯანელიძეც, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ. დღეს აჯაფსანდალია და როცა საუბარია „ქართულ ოცნებაში“ „პორტირებულ ნაციონალებთან“ ბრძოლაზე, ეს არის კონკურენტული ბრძოლა, ხორაგით გაწყობილ სუფრაზე საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.
- თქვენი მხრიდან მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, არის თუ არა დამოკიდებული იმაზე, როგორ დაკმაყოფილდება თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გაშვების მოთხოვნა?
- ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერ-მინისტრად ყველაზე მორჩილი ადამიანი ინიშნება და მას ჩვენი ნდობა ვერ ექნება, მაგრამ არის მეორე მხარე - თუ სუბარი, წულუკიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი არ გადადგება, მთავრობის ფორმირებიდან მეორე დღესვე გაჩნდება მოთხოვნა ამ მთავრობის გადადგომის შესახებ და გაგრძელდება სამთავრობო კრიზისი, რაც ძალიან ცუდად დასრულდება „ქართული ოცნებისთვის.“ თუ ჭკუა აქვთ, ცოტა რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგან და განაახლონ მინისტრები.
0
ავტორი: