სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის პირობებში ვერავის გადაყენება-გადმოყენება კრიზისს ვერ განმუხტავს სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის პირობებში ვერავის გადაყენება-გადმოყენება კრიზისს ვერ განმუხტავს />


  14:58:58     14-06-2018

სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის პირობებში ვერავის გადაყენება-გადმოყენება კრიზისს ვერ განმუხტავს

a79927.jpg

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და შესაბამისად, მთავრობის გადადგომის შემდეგ, ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ვერც ერთი მოქმედი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს. მათი შეფასებით, ქვეყნის სამართავი რესურსი „ქართულ ოცნებას“  ამოწურული აქვს რესურსი.

ოპოზიციის აზრით, ქვეყნის განვითრებისთვის საჭიროა მთავრობის გუნდის მთლიანად შეცვლა და ახალი ხედვის დამკვიდრება.  

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი რატიანს ესაუბრა:

- თანამდებობიდან გადადგომის წინ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში რა მესიჯები ამოიკითხა ოპოზიციამ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა როგორც ოპოზიციის შეფასებებისგან, ასევე იმ საზოგადოებრივი მღელვარების დროს გამოკვეთილი დამოკიდებულებისგან, რომელიც ბოლო დროს თბილისში მიმდინარეობდა?

- პრემიერის გადადგომის სიტყვა მიუთითებდა, რომ ის არ იყო ქვეყნისა და მთავრობის რეალური პირველი პირი. მას ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა გადადგომა და ერთ დღეში უკვე აღარ იყო ამ თანამდებობაზე, თავისთავად არის სერიოზული პრობლემა.  ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ არ გვყავს რეალური თანამდებობის პირები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. რაც შეეხება გადადგომას, აქ ორი სერიოზული პრობლემაა: ერთი, მართლაც ეკონომიკური ჩავარდნა, რომელიც მთელ გუნდს უკავშირდება. არც მე და არც არავის არ გვახსოვს უმრავლესობის მხრიდან კრიტიკა ამ მიმართულებით, პირიქით, ისინი გვერდში ედგნენ პრემიერს ამ მიმართულებით. მეორე მხარე არის ძალოვანი სტრუქტურები და ის პრობლემები, რაც გამომჟღავნდა. ზაზა სარალიძემაც დაადასტურა, რომ საქმე, რის გამოც შეიქმნა სერიოზული კრიზისი, პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ სცოდნია. ჩვენ გვყავდა პრემიერი, რომელიც ნაწილობრივ მართავდა ეკონომიკურ გუნდს და აზრზე არ იყო, რა ხდებოდა ძალოვანი მიმართულებით.

- მთავრობის გადადგომას ეკონომიკური ჩავარდნა დაედო საფუძვლად, თუმცა როცა ამ შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტი ნდობით აღიჭურვა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მაშინაც იყო. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობის საკითხი დღეს რატომ დადგა?

- საქმეც მაგაშია, რომ ივანიშვილმა პრემიერი გაუშვა არა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არამედ, იმიტომ, რომ  თვითონ უჭირს და სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.

- მმართველი გუნდი არ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ეკონომიკური პრობლემების შესახებაც გაეროს კვლევის შედეგებით გაიგეს.  რაში მდგომარეობის  პოლიტიკური კრიზის თქვენეული შეფასება?

- პოლიტიკური კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად სერიოზული საზოგადოებრივი უნდობლობა არსებობს. იყო სერიოზული სამოქალაქო წნეხი, პროტესტი. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ორი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის  საზოგადოებრივ მღელვარებას. როდესაც საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს გვერდით სწევს და თვითონ გამოდის წინ, მღელვარება იქმნება ამ საფუძველზე. როცა ამ მღელვარების ფონზე ხელისუფლება ვერ მოქმედებს და გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს, ეს ნიშნავს კრიზისს. პოლიტიკური კრიზისი იმაშიც ვლინდება, რომ ხელისუფლების შტოებს შორის გარკვეული სისტემური კრიზისებიც ჩანდა. ვნახეთ, რომ კვირიკაშვილს გადადგომა წინა დღეს შესთავაზეს და ის არ გადადგა. ცალკე მოქმედებს ძალოვანი სტრუქტურა, ცალკე- ეკონომიკური ბლოკი. ასეთი კრიზისების დროს, როგორც წესი, დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სწორედ ის განტვირთავს ხოლმე მსგავს ვითარებას.

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება. მაგალითად ისიც დაასახელა, რომ დღეს, თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. არ ფიქრობთ რომ აქ არის სიმართლის მარცვალი?

- ეს საკითხი ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტი არ არის. დღეს, როგორც არასდროს, სერიოზული უკმაყოფილებაა და ძალიან ყალბი განცხადებაა, როცა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი წუხს ოპოზიციაზე.

- ვადამდელი არჩვენების ჩატარება დღევანდელ გარემოებებში პროცედურულად რთულია და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მისი პერსპექტივა?

- დიახ, პროცედურულად ვადამდელი არჩევნები მარტივი არ არის და ამ მიმართულებით პერსპექტივა ამიტომ არის რთული, თუმცა კრიზისის სიმწვავიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მოხდეს. სხვა ნებისმიერი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის პირობებში კრიზისს ვერ განმუხტავს, ვერც ვერავის გადაყენება, ვერც გადმოყენება, ვერც ახალი პრემიერის შემოყვანა.

- მთავრობის შემადგენლობის შეცვლა გამოსავალი თუ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მმართველ გუნდშიც საუბრობენ ფუნდამენტურ და თვისობრივი ცვლილებების აუცილებლობაზე. რამდენად მოახერხებს ამას ახალი მინისტრთა კაბინეტი?

- რასაც ვხედავ, ამ ქვეყანაში პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. ის იღებს გადაწყვეტილებას და მას შემოჰყავს გუნდს გარკვეული ფიგურები. ის ფიგურები, ვინც საჯაროდ ცნობილია, ისინი არიან თანამონაწილეები იმ კრიზისისა, რომელიც დღემდე არსებობს და ახალი ფიგურების შემოყვანა, რომლის ნდობა მხოლოდ პრემიერს აქვს, ესეც სერიოზული პრობლემაა.

- რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის მართვის ყველაზე დიდი ხარვეზი ფიგურების შემოყვანისას?

- მაგალითად, ღარიბაშვილის პირობებში, პრემიერი მეტნაკლებად აკონტროლებდა ძალოვანებს და ვერ აკონტროლებდა ეკონომიკურ ბლოკს. ეკონომიკური მიმართულებით პირველივე დღიდან კვირიკაშვილი უძღვებოდა და მთელი ეს წლებიც სწორედ მასთან არის დაკავშირებული. კვირიკაშვილი კი, პრემიერობის დროს მართავდა ეკონომიკას და ვერ მართავდა ძალოვნებს. ახლა, როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძეს უპირებენ პრემიერობას, რომელიც მეტნაკლებად შესაძლოა, იყოს კომპეტენტური ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ მეორე მხარეს, მას არავინ არაფერს არ შეეკითხება.
0

ავტორი: