11:51:01     10-06-2011
Chinook-ების წარმოება 2020 წლამდე გააგრძელდება
ყველაზე მსხვილი ამერიკული ავიამშნებელი კონცერნი Boeing, CH-47 Chinook-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენების სერიული წარმოების პროცესის შენარჩუნებას, 2020 წლამდე გეგმავს.
არც ისე დიდი ხნის წინ აღნიშნული ტიპის შვეულმფრენების სერიული წარმობის პროცესის გაგრძელების ალბათობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ვრცელდებოდა ხმები, რომ უკანასკნელი შვეულმფრენები 2013 წლის ბოლოსთვის იქნება აშენებული. რის შემდეგაც სერიული წარმობას დაკონსერვებენ.
მაგრამ როგორც ჩანს ბოლო დროს ამ საფრენ აპარატზე მოთხოვნილობის გაზრდამ, მწარმოებლებს აზრი შეაცვლევინა. დამკვეთების როლში როგორც აშშ-ს არმია, ასევე უცხო ქვეყნის თავდაცვის უწყებები გადმოდიან.
არსებულ ციფრებს თუ ვენდობით, ბოლო დროს Boeing-ის პორტფელის მოცულობა, ამ შვეულმფრენთან დაკავშირებით საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2003 წელს ფირმას 32 ცალ Chinook-ზე გააჩნდა შეკვეთა, დღევანდელი დღისთვის ეს ციფრი 210 ერთეულამდე გაიზარდა. რაც შეეხება არსებული პარკის ექსპლუატაციას, ფირმა მსოფლიოში, ამ ტიპის შვეულმფრენის სხვადასხვა მოდიფიკაციების 777 ერთეულს ემსახურება.
CH-47-ზე, მთავარი დამკვეთი, აშშ-ს არმია და ნაწილობრივ სამხედრო-საჰაერო ძალებია. არსებული წინასწარი შეთანხმების თანახმად, 2013 წლისთვის ამერიკის თავდაცვის უწყება CH-47F-ის მოდიფიკაციის შვეულმფრენის 155 ერთეულის შეძენას აპირებს.
მიმდინარე წლის დასრულებამდე კი ავიამშნებელი კორპორაცია 61 შვეულმფრენის მოდერნიზაციის კონტრაქტს ელოდება. დამატებითად კი 14 ერთეულის შეძენა დიდი ბრიტანეთს აქვს განზრახული.
პერსპექტივაში შვეულმფრენზე სამოდერნიზაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. პირველ რიგში ეს მისი ტვირთამწეობის 13000 კგ-მდე გაზრდას, ახალი მზიდი ხრახნის ნიჩბებისა და უფრო მძლავრი ძრავების გამოყენებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავად შვეულმფრენს, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1950-იან წლებში დაიწყო. 1956 წელს აშშ-ს არმიამ ახალი სატრანსპორტო შვეულმფრენის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი ფირმებმა Sikorsky და Boeing Vertol-მა გამოთქვეს. ეს უკანასკნელი იმით იყო ცნობილი, რომ მის ყველა შვეულმფრენს გრძივი ორმზიდ ხარახნიანი სქემა გააჩნდა.
ასეთი სქემისას, შვეულმფრენს ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში ის ნაკლებად მგრძნობიარეა სიმძიმის ცენტრის ცვლილებისადმი. კლასიკური, ერთმზიდ ხრახნიანი შვეულმფრენის შემთხვევაში, ტვირთის გარე საკიდზე ტრანსპორტირებისას, ის ზუსტად მზიდი ხრახნის ქვეშ უნდა იყოს ჩამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შვეულმფრენი შეიძლება გადაბრუნდეს.
"ტანდემისას" (ასე უწოდებენ ამ სქემას) კი ტვირთის გარე საკიდზე ჩამოკიდება ფიუზელაჟის გასწვრივ ერთდოულად რამოდენიმე წერტილში შეიძლება. მაგრამ ამავედროულად "ტანდემი" კონსტრუქციულად უფრო რთულია, რაც ორი რედუქტორისა და ორი მზიდი ხრახნის არსებობით არის განპირობებული.
ზემოთხსენებული კონკურსის ფარგლებში შექმნილ Boeing Vertol-ის პირველ პროექტს V-107 წარმოადგენდა. ის პირველად 1958 წლის 22 აპრილს აფრინდა და მალევე არმიამ 10 ცალი შეუკვეთა. მაგრამ დამკვეთის მიერ უფრო დიდი ტვირთამწეობის სურვილმა ახალი V-114-ის შექმნა განაპირობა. ის პირველად 1961 წლის 21 სექტემბერს აფრინდა. სამხედროებს ის ძალიან მოეწონათ და მალე საცდელმა ნიმუშებმა ნიშნული YCH-47A მიიღეს, სერიულმა მანქანებმა კი - CH-47A (CH - Cargo Helicopter). თავისი სახელი Chinook, შვეულმფრენმა, ჩრდილო ამერიკელი ინდოელების ტომის საპატივსაცემად მიიღო.
შვეულმფრენის სერიული წარმოება 1962 წელს დაიწყო. მალე ისინი 1-ელი აერომობილური დივიზიის შემადგენლობაში ჩარიცხეს და ვიეტნამში გაგზავნეს. ისინი საბრძოლო მოქმედებებში, აქტიურად ჩაერთვნენ და უმეტეს წილად სხვადასხვა სახის ტვირთი გადაქონდათ. ვიეტნამის მთაგორიან და ჭაობიან ადგილებში შვეულმფრენი უნივერსალურ სატრანსპორტო საშუალებად იქცა.
მთლიანობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონფლიქტი 550-მა Chinook-მა გამოიარა. მათ 2.6 მილიონ შვეულმფრენ-გაფრენა შეასრულეს და ჯამში 1182 ათასი საათი იფრინეს, გადაიყვანეს 8.5 მილიონი ადამიანი და 4.5 მილონი ტონა ტვირთი. საბრძოლო მოქმედებებს 170 შვეულმფრენი შეეწირა.
1960-იანი წლების ბოლოს აშშ-ს არმიამ შვეულმფრენს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მოდერნიზაციის ფარგლებში მასზე ძლიერი ძრავები დაყენდა და თითქმის ორჯერ გაიზარდა საწვავის ავზების მოცულობა. ასე გაჩნდა მოდიფიკაცია Н-47С. მისი სერიული წარმოება 1972 წელს, 270 შვეულმფრენის გამოშვებით დასრულდა. ოთხ წელიწადში მას ახალი СН-47D მოყვა, რომელიც გაზრდილი ტვითამწეობით გამოირჩეოდა.
ამ მოდიფიკაციის შემთხვევაში შვეულმფრენის სიგრძე 30.1 მ-ია შეადგენს. მზიდი ხრახნების დიამეტრი 18.3 მ-ია და ცარიელი შვეულმფრენი 10180 კგ-ს იწონის, მაქსიმალური ასაფრენი წონა კი - 22680 კგ-ს აღწევს. შვეულმფრენის მაქსიმალური სიჩქარე 315 კმ/სთ-ია. შვეულმფრენის სატრანსპორტო ნაკვეთურში 35 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცი თავსდება. ტვირთების გადატანა უმეტეს წილად გარე საკიდარზე ხდება - მას 12700 კგ-ის წაღება შეუძლია.
დღევანდელ დღის მდგომარეობით, საერთო ჯამში 1179 Chinook-ია გამოშვებული, რომლებიც მსოფლიოს 21 ქვეყნის შეიარაღებაშია.
კოალიციის ჯარები შვეულმფრენს აქტიურად ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში იყენებენ. საერთო ჯამში, კოალიციის ჯარებმა ავღანეთში 27 სხვადასხვა მოდიფიკაციის Chinook-ი დაკარგეს, ერაყში კი - 7.
0