13:03:51     11-06-2018
შალვა ნათელაშვილი: კარვების გადატანა-გადმოტანა, არბევა-დარბევა პროცესს კი არ აჩერებს, არამედ აჩქარებს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, კარვების გადატანით ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.
მანვე დაადასტურა, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ამი ადამიანი დააკავეს.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე სამივე კარავში მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მთლიან პერიმეტრსაც ისინი აკონტროლებენ.
"პრესა.ჯი" ადგილზე გაესაუბრა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს:
-მას შემდეგ რაც აქციის ორგანიზატორების მიერ ხელოვნურად გადაკეტილი გამზირი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მიტინგები შეიძლება შეწყდეს იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან შეიძლება დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს?
-აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება ქვეყანაში ის რადიკალური ცვლილებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, ივანიშვილის რეჟიმის თარეშს, ჩვენი შვილების დახოცვას, უპასუხისმგებლობას და დაუსჯელობას. კარვების გადატანა-გადმოტანა, არბევა-დარბევა პროცესს კი არ აჩერებს, არამედ აჩქარებს. ამის მაგალითია წინა ხელისუფლება, როცა მან გააკეთა 7 ნოემბრის აქციის დარბევა, ძალიან მალე დაიწყო მისი დასასრული. ისტორიაში ძალიან იოლად მეორდება წინამორბედთა ქმედების ასლები სამომავლოდ მათ მემკვიდრეებში.
-დღეს დაგეგმილ აქციაზე შეეცდებით, რომ ისევ გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი?
-სამი დღეა მერიიდან აღებული ნებართვა, რომ რუსთაველის გამზირი უნდა იყოს დაკეტილი. სამი დღის განმავლობაში, ეს სრულიად კანონიერი ქმედებაა. ხალხის მომატებასთან ერთად ეს აუცილებლად მოხდება.
-ამ წუთებში სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება, რა ინფორმაცია გაქვთ მათ ორგანიზებულ გადაადგილებასთან დაკავშირებით?
-ეგენიც აქციის მონაწილეებად ჩავთვალოთ. შიშს დიდი თვალები აქვს და არ ვიცი, რა ელანდებათ.
0