მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე ეკონომიკურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„რამდენიმე ეკონომიკურ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 2018 წლის მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრების ძალიან კარგი შედეგები, რომლებიც თუ არ ვცდები ერთი თუ ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა.
გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6,5 %-ს შეადგენს, ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი არის 5,5%. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უკავია კერძო სექტორს. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც, ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები, ბიზნესსექტორში ბრუნვის გამოშვების დასაქმების ზრდის მიმართულებით. ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდა 20%-ით და მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია გაგრძელდება აუცილებლად. გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება არის, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებს აგრძნობინებს გაცილებით მეტად ეკონომიკური ზრდის შედეგებს. 17,1%-ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა. ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, რა თქმა უნდა, დასაქმებაზეც პოზიტიურად აისახა.
2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3%-ით გაიზარდა, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,7%-ით გაიზარდა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს" - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე:
„გამოშვების ზრდა გაზრდილია ასევე ძალიან ბევრ სექტორში, ეს არის სწორედ უპრეცედენტოდ გაზრდილი ასევე ტურიზმის მაჩვენებლის შედეგი. ტურიზმის მზარდი ტენდენციები ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე და რა თქმა უნდა სახელწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ მეტი ძალისხმევა დახარჯოს. გვინარჩუნდება ის პოზიტიური ზრდა, რაც შარშან გვქონდა, 5 თვეში არის 23,5%-ით ტურისტების რაოდენობა გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 28,4%-იანი ზრდა განიცადა 4 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ სწორად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები", - აღნიშნა პრემიერმა
კვირიკაშვილის განცხადებით, რთულია გაჭირვებული ადამიანებისთვის იმის მოსმენა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის მიმართულება, რომლითაც ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს, სიღარიბის დაძლევის გზაა.
„საქართველოში დღეს ყველა დალხენილი არ არის. ყოველთვის ვფიქრობ, რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის ამ ყველაფრის მოსმენა, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი 2014 წლის კრიზისი, ეს იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებით და ოკუპაციით გამოწვეული კრიზისი, ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რეგიონზე აისახა. აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე და აისახა დევალვაციაშიც.
ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი და რა თქმა უნდა ამან სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ის ფისკალური რეფორმა, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ჩვენთან ესტონური მოდელის სახით არის ცნობილი და 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, მაგრამ მანამდე მთელი წლის განმავლობაში ვამზადებდით,ვსწავლობდით მათ შორის, სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით ესტონეთის შეცდომებს, იმ ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებული რეფორმის შედეგად იყო, პრინციპში ყველა შესაძლო ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო სწორი ცვლილებების შედეგად. ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ ეს კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ან კრიზისის ტრანსფორმაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არაერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული არის გზა ამ სიღარიბის დასაძლევად. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სწორი და საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით შესაძლებელია, რომ საქართველომ თავი დააღწიოს სიღარიბეს" - განაცხადა პრემიერმა.
0
ავტორი: