„საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლისა და მოსახლეობის ღალატში დაადანაშაულა და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატის გაფართოება მოითხოვა.
მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დღემდე ახორციელებს და კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი.
ადა მარშანიას პროტესტის შეფასებას და მის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს PRESA.GE-სთან გამოეხმაურა საპარლა მენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:
- თქვანმა კოლეგამ საგამოძიებო კომისიის პირველი შეკრებისთანავე „ქართული ოცნება“ ცინიზმში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში მოიხსენია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომლებიც თავის დროზე პროკურატურას იქით უნდა დაებარებინა, ახლა კი გიგა ბოკერია აქეთ იბარებს მას. არის ეს პოლიტიკური სპეკულაცია თუ არის ბრალდება მმართველი გუნდის წინააღმდეგ?
- შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ძალიან იშვიათია პრეცედენტი და შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სადაც ხელისუფლება და უმრავლესობა ბედავს, რომ ასეთი კომისიის უმრავლესობასა და თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და მეორე მხრივ, არავისზე ვაპირებთ ხელის დაფარებას. მოვიქცევით ზუსტად ისე და ვიტყვით ზუსტად იმას, რაც რეალურად გამოიკვეთება კომისიის მუშაობის შედეგად. ვინც არ უნდა იყოს მართალი ან მტყუანი, ერთი სიტყვის გადაბრუნებულად თქმასაც კი არ ვაპირებთ.
- ადა მარშანიამ თქვა, რომ თუ კომისიაში არ გაფართოვდება ფორმატი, ან პარლამენტი არ შექმნის ალტერნატიულ საგამოძიებო კომისიებს სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, ის არ მიიღებს ამ კომისიაში მონაწილეობას. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ანალოგიური კომისია სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც შეიქმნას?
- იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ კომისიაში უმცირესობით არის წარმოდგენილი და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ. ჩვენს აზრს ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ამის გარდა, ისეთი მოთხოვნების დაყენება, რომელიც სამართლებრივი და ფორმალური, ან პოლიტიკური თვალსაზრისითაც არის შეუძლებელი, ვფიქრობ არ ემსახურება რეალურ მიზნებს. სამწუხაროა, ადა მარშანიას მხრიდან ასეთი განცხადების ამ ფორმით გახმოვანება და კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ის არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას.
- მოკლული დავით სარალიძის მამამ უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას ყოფნას და მიზეზებიც დაასახელა. ცნობილია, რომ კომისიის წევრის ჩანაცვლების პროცედურა კანონით რეგულირდება. ხომ არ აპირებთ უმრავლესობის წევრები სარალიძის პოზიციის გაზიარებას?
- ეკა ბესელია არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ვფიქრობ, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში. ამის გარდა, ეკა ბესელია არის სისხლის სამართლის სპეციალისტი და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებითაც. უმრავლესობას კომისიაში ისედაც 6 წევრი ჰყავს და პერსონიფიცირებას შედეგთან მიმართებაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ვფიქრობ, ამ საკითხის აქტუალიზაცია არ უნდა მოხდეს.
0
ავტორი: