სერგი კაპანაძე: ქალბატონმა ადამ მოაწყო პოლიტიკური შოუ-მასკარადი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის სერგი კაპანაძე: ქალბატონმა ადამ მოაწყო პოლიტიკური შოუ-მასკარადი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის />


  15:51:17     08-06-2018

სერგი კაპანაძე: ქალბატონმა ადამ მოაწყო პოლიტიკური შოუ-მასკარადი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის

a79711.jpg

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები სამის მასალებს ელოდებიან  

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ საორგანიზაციო შეხვედრაზე განაცხადა, საქმის გამოთხოვის მოთხოვნით შესაბამის უწყებას მან უკვე მიმართა და იმედი აქვს, რომ მასალები პარლამენტში დღესვე გაიგზავნება. ამასთან, დიკუსიის საგანი იყო ისიც, თუ სად უნდა გაეცნოს კომისია მასალებს - პარლამენტში, თუ სასამართლოში, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მასალები გაცნობის შესაძლებლობა კომისიის წევრებს პარლამენტში უნდა მიეცეს.

კომისიამ თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აირჩია, ხოლო კომისიის მდივნად - ოთარ კახიძე.

"პრესა.ჯი" საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს ესაუბრა:

-შეგიძლიათ დაასახელოთ სავარაუდო დრო, როდესაც კომისია საქმის დეტალებზე ალაპარაკდება?


-მომავალ კვირაში აქტიურად ვიწყებთ მუშაობას და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვა ჩვენამდე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. მოთხოვნები უკვე გაგზავნილია და მასალებს უმოკლეს ვადაში ველოდებით. ამის შემდეგ შევძლებთ დავიწყოთ უშუალოდ მასალების გაცნობა და მეორე მხრივ, გეგმის შედეგად, თუ ვინ როდის და რამდენჯერ უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე. იქნება ინტენსიური მუშაობა.

-რეგლამენტის მიხედვით, კომისიამ თვეში სულ ცოტა ორი შეხვედრა უნდა გამართოს...

-არა, ეს სასაცილოა, რადგან ამ საქმეს დასჭირდება გაცილებით მეტი რაოდენობის შეხვედრები და პირდაპირ კავშირშია იმასთან, რა მოცულობის მასალა შემოვა.

-ადა მარშანიამ კომისიას ულტიმატუმი წაუყენა, ან კომისიამ გააფართოვოს  მოსაძიებელი საქმეების მოცულობა, ან ალტერნატიული კომისია შეიქმნას, წინა ხელისუფლების წლების გახმაურებული საქმეების შესასწავლად. გექნებათ რეაგირება მის ულტიმატუმზე?

-ქალბატონმა ადამ მოაწყო პოლიტიკური შოუ-მასკარადი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა. მისი გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებს, რადგან კომისია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით შეიქმნა და ბუნებრივია, მანდატის გაფართოება არ მოხდება. ეს მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც გამოიყენა შესაძლებლობა  პოლიტიკური შოუს მოსაწყობად. თუ კომისიის შემადგენლობას დატოვებს, არა მგონია, კომისია რამით დაზარალდეს. მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს.

-კომისიის მუშაობის ფორმატში ყველაზე საინტერესო და აქტუალური საკითხია, როდის მოხდება მაღალჩინოსნების დაკითხვა და რას მოიტანს ეს შედეგად?

-მასალების შემოსვლისა და შესაბამისი გეგმის გარეშე კონკრეტული პირების გამოკითხვა არის შეუძლებელი. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ კვირაში აუცილებლად მოხდება.

-თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტარდება, თუმცა ის აგრძელებს კანდიდატების შერჩევას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. რამდენად ექნება ნდობის ლეგიტიმაცია მის მიერ შერჩეულ კანდიდატს და რა შანსები აქვს თქვენს მიერ წარდგენილ შალვა შავგულიძეს?

-ხორავას მკვლელობის საქმის ბოლომდე მისაყვანად მნიშვნელოვანია, იყოს ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც გააჩნია ცოდნა, მონდომება, გამოცდილება და საზოგადოების ნდობა, რათა ამ ტიპის გახმაურებული საქმე ისე მიიყვანოს ბოლომდე, რომ არავის ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ მოერიდოს. ასეთი ტიპის პროფესიონალად ჩვენ შალვა შავგულიძე მიგვაჩნია, რომელიც არ არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, ის იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ მან აჩვენა თავისი საქმიანობით, როგორი პრინციპული ადამიანია. თუკი ის გახდება მთავარი პროკურორი, ვინ წარადგენს მას, ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩვენთვის მნიშვნელობა არ გააჩნია. მთავრია, შედეგი მივიღოთ. ზოგადად, თეა წულუკიანის გადადგომას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია ითხოვს და მისი განცხადება არ გასულა ისე, რომ ჩვენს დეპუტატებს პარლამენტის ფორმატში ამის შესახებ არ ეთქვას. თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში აჩვენა, რომ არის თანამდებობისთვის შეუფერებელი. ის უნდა გადადგეს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი მთავარი პროკურორი, ვინ ამ თემებს ბოლომდე მიიყვანს. 0

ავტორი: