დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანის გადადგომას სერიოზულ საკითხად არ ვთვლი დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანის გადადგომას სერიოზულ საკითხად არ ვთვლი />


  16:24:01     07-06-2018

დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანის გადადგომას სერიოზულ საკითხად არ ვთვლი

a79678.png

თეთრი ძაფით ნაკერი 11-ტომიანი საქმე - სახალხო დამცველი მოზარდების სასტიკი მკვლელობის შესახებ პირველ დასკვნას აკეთებს. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გარკევეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესში, საერთოდ არ ჩატარებულა. 

„თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

აღნიშნული განცხადების შეფასება Presa.ge-მ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს სთხოვა:

- ნინო ლომჯარიამ უკვე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. რა აზრი გაქვთ სახალხო დამცველის პოზიციაზე?

- საკმაოდ უპრეცენდენტო პროცესი დაიწყო პარლამენტში, რაც გულისხმობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი ამ კომისიაში და აპირებს აქტიურად ჩაერთოს, გაეცნოს ყველა დოკუმენტაციას და ყველა მტკიცებულებას, გამოკითხოს ყველა მოწმე. დარწმუნებული ვარ, რომ კითხვები, რაც ამ საქმეზე არსებობდა, საგამოძიებო კომისიის და არ მხოლოდ მისი მუშაობის შედეგად, ყველაფერს გაეცემა პასუხი. პარალელურად მიმდინარეობს შსს დოკუმენტაციის გაყალბების და ა.შ. კუთხით იძიებს საქმეს. სახალხო დამცველი თავის მხრივ აწარმოებს გამოძიებას.

- ელოდებით, რომ ცალკეული გამომძიებლების და პროკურორების სამართლებრივი პასუხისმგებელობის საკითხი შეიძლება გამოიკვეთოს სამ საქმეში?

- როგორც რიგითი დეპუტატი, ამ საქმიდან გამომდინარე ველოდები აქტიურ მუშაობას და კანონმდებლობის მიხედვით, თუკი დადგება კონკრეტული მსგავსი საკითხი, არც ამისგან უნდა ვიყოთ განრიდებული.

- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების შემდეგ თქვეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკური ნება არსებობს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. არსებობს ამ მხრივ უნდობლობის საფუძველი?

- პოლიტიკურ ნებაზე თუ ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელიც სწორედ ის არის, პოლიტიკურმა ნებამ განაპირობა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ არის მდგომარეობას, როდესაც უმრავლესობა შესაბამის ბერკეტს აძლევს უმცირესობას. არსებობს სრული კარტბლანში, რომ საზოგადობას ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე გაეცეს პასუხი.

- როგორი უნდა იყოს ახალი მთავარი პროკურორი, იმ ფონზე, როცა არსებობს მოთხოვნა თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ, რათა მან არ შეარჩიოს კანდიდატურა. რა მოლოდინი გაქვთ?

- თეა წულუკიანის გადადგომას სერიოზულ საკითხად არ ვთვლი. ჩვენ არ ვსაუბრობთ თეა წულუკიანზე, არამედ იმ დანაპირებზე, რაც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოების წინაშე გასცა. ქვეყანას აუცილებლად ეყოლება მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით ისარგებლებს. პროცესი არის გამჭვირვალე, ბევრ მხარეს აქვს საშუალება, კანდიდატურის წარდგენის და ალბათ, მთლიანი პროცესი 2 თვე გასტანს.

- ანუ, ხელისუფლებაში ამ მხრივაც არსებობს ნება, რომ მთავარი პროკურორი იყოს მხარდაჭერილი ყველა მხრიდან, ან არსებობს თუ არა რეალურად ამის შესაძლებლობა?

- რა თქმა უნდა, ასეთი ნებაც არსებობს და რესურსიც. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ისეთი მთავარი პროკურორი, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
0

ავტორი: