„ნაციონალური მოძრაობის“ უკან ნახევარი ამომრჩეველი დგას და ვაკეთებთ იმას, რაც სურს ხალხს“ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ნახევარი ამომრჩეველი დგას და ვაკეთებთ იმას, რაც სურს ხალხს“ />


  14:13:57     07-06-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ უკან ნახევარი ამომრჩეველი დგას და ვაკეთებთ იმას, რაც სურს ხალხს“

a79666.jpg

თეთრი ძაფით ნაკერი 11-ტომიანი საქმე - სახალხო დამცველი მოზარდების სასტიკი მკვლელობის შესახებ პირველ დასკვნას აკეთებს. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გარკევეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესში, საერთოდ არ ჩატარებულა. 

„თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

Presa.ge საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- როცა სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე „თეთრი ძაფითა არის ნაკერი“, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული?

- ჩვენ მივესალმებით სახალხო დამცველის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, მხოლოდ მოსაწონია. ეს იშვიათი გამონაკლისია, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდან, - ავანსად ჩვენგან გამოთქმული მხარდაჭერა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მიხარია, რომ მართლდება. თუ სხვა დროს სხვანაირად იქნება, არც კრიტიკას დავაკლებთ, მაგრამ ნინო ლომჯარია დღეს რეალურად დადებით როლს თამაშობს სისტემის მხილებისა და შეცვლის პროცესში. საქმე სასწრაფო გამოსაძიებელია და ჩვენ არ უნდა დაველოდოთ პარლამენტის 3 თვიანი კომისიის მუშაობს, სასწრაფოდ ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ.

- ანუ, ადასტურებთ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვს საქმე გამოძიების მიმართულებით?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმდენად დიდია საზოგადოებრივი რეზონანსი, რომ ფაქტობრივად ამაზე ჰკიდია  ხელისუფლებისა და მთავრობის ბედი. ამიტომ  შესაძლებელია, ეს კონკრეტული შემთხვევა იქნას გამოძიებული, რამაც შემდგომში საფუძველი უნდა ჩაუყაროს ყველა იმ მანკიერი მხარის მხილებას, რომელიც სისტემაში არსებობს. ბუნებრივია, სისტემის შეცვლას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს ნება არის ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც დღეს ვერ ვხედავთ. მთავრობის შეცვლა და ახალი ფორმირება არის შორეული გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტული საქმე შესაძლებელია, რომ ბოლომდე მივიდეს.

- ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად ჩაერთვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. რას შეცვლის ეს გარემოება, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უნდობლობას უცხადებდა ამ კომისიას და შემდეგ პოზიცია შეიცვალა. ხომ არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად, კომისიას თავისი როლი ნამდვილად ექნება?

- უპირველესად, ზაზა სარალიძე გონიერი ადამიანია, ის რომ მან პოზიცია შეიცვალა, ამაში ცუდი არაფერია, ის როგორც ჩვენ, რომ გვიკიჟინებდნენ, პოზიცია რატომ შეიცვალეთო. როცა საჭიროა, პოზიცია უნდა შეიცვალო და ადეკვატური უნდა იყო მოვლენებთან მიმართებაში. თუ ზაზა სარალიძე კომისიაში ჩაერთვება, ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ამ კომისიის მუშაობის გაძლიერების და ამას მხოლოდ მივესალმები.

- რაც ეხება ახალი მთავარი პროკურორის პროცესს, გარკვეულია, რომ თეა წულუკიანი გადადგომას არ აპირებს, ამ ვითარებაში რამდენად მისაღები იქნება ახალი პროკურორი, რომელიც შეირჩევა?

- ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა ძალიან ჰგავს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების პროცესს, აქაც არის დროის გაწელვის ტაქტიკა, რათა შექმნან ილუზია, თითქოს პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაში საზოგადოება მონაწილეობს. პროკურორი იქნება ის, ვისაც ივანიშვილი იტყვის და იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც არის არსებული სისტემის ღვიძლი შვილი.

- კვირას დაანონსებულ აქციას თუ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“?

-დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას და ამას განვიხილავთ ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტად, რათა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და პირველ რიგში, მაღალ ეშელონებში მოკალათებული პირები, ვის სინდისზეც არის ვითარების აქამდე მიყვანა.

- ხელისუფლების გარდა, არსებობს საზოგადოებრივი მოსაზრებაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემას იყენებს, რევოლუციისა და არეულობის მოსაწყობად. არის თუ არა თქვენი მზიანი, მართლაც საზოგადო პრობლების თქვენს სასიკეთოდ გამოყენების მცდელობა?

- როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ნებისმიერი პარტია, რა თქმა უნდა, იყენებს პოლიტიკური ბრძოლის კონსტიტუციურ ფორმას. დიახ, ჩვენ ვიყენებთ აქციებს, როგორც ბერკეტს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასახსნელად და კიდევ გამოვიყენებთ მომავლაშიც. ის, რომ აქცია პოლიტიზირებულია,  გასაოცარი არაფერია,  რადგან სადაც პოლიტიკური მოთხოვნები დგება, ის აქცია არის პოლიტიკური. პოლიტიკას ქმნის მთავრობა და იგი უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსების ზეწოლის გზით. თუ ამაში ვინმე რაღაც ქვეტექსტებს ეძებს, ძალიან სასაცილოა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკან“ ნახევარი ამომრჩეველი დგას და ვაკეთებთ იმას, რაც სურს ხალხს. ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა და ვასრულებთ ამ დაკვეთას

- აქციები მრავალრიცხოვანი არ არის, სად ნახეთ და იქ თქვენი მხარდამჭერი ნახევარი მილიონი ადამიანი?

- ათასამდე კაცი იდგა აქციაზე და გადაჰყვა მთავარი პროკურორი. მთავარია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. სამართლიანი მოთხოვნის პირობებში აქცია მცირერიცხოვანი იქნება თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და იძულებულია, ანგარიში გაუწიოს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საზოგადოებრივ აზრსა და ამიტომ მიმართავს ათასნაირ ხრიკს.
0

ავტორი: