არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის და ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ბათილად არ სცნო იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება დოლიძის აცილებასთან დაკავშირებით უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ ზოგადად აცილებების მსგავსი სტატისტიკა საფრთხის შემცველია, რადგან შესაძლებელია, ნებისმიერი განცხადება საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშემშლელი გახდეს.
„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას. ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას“, – განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება, ანა დოლიძეს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებამდე წინასწარი შეფასების გაკეთება უჭირს.
„მოსამართლის მოტივაციაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა ცალსახაა საბჭოს ძალიან საშიში პოზიცია, რომელიც რეალურად არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესება. ეს არის კიდევ ერთი კენჭი დადებული იქითკენ, რომ დავინახოთ საბჭო არის მძიმე მდგომარეობაში და იბრძვის, რათა რაღაცნაირად ჩამოიცილოს ნებისმიერი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. საბჭოს სავალალო მდგომარეობა საქვეყნოდ ცნობილია“, – განაცხადა დოლიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
0
ავტორი: