18:25:51     06-06-2018
დავით ჭიჭინაძე: ვერავინ ვერ იტყვის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გამყალბებელია

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და მის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ. როგორც დეპუტატმა განმარტა, საგამოძიებო კომისიაში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო.“
"კომისიის წინააღმდეგი არ ვიყავი, ვარ სიითი შემადგენლობის წინააღმდეგი, თანაბარი რაოდენობით უნდა შევსულიყავით. ზოგადად, ნდობის ხარისხს განსაზღვრავს არჩევნები და მეტი ნდობის ხარისხი დღესდღეობით გააჩნია „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ თვითონ რატომ ვამბობთ შეგნებულად უარს, ეს არ მესმის. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი ნდობა გააჩნია, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
"პრესა.ჯი" დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა:
-თქვენი პრეტენზია კომისიის დაკომპლექტების წესმა გამოიწვია, მაშინ, როცა ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად რატომ ეწინააღმეგებით"ევროპული საქართველოს?"
- ეს უფრო მეტად სამართლიანობის თემაა, ვიდრე პოლიტიკური. ვინც დღეს წარმოდგენილია ამ კომისიაში არ იმსახურებს არც საზოგადოების და არ ჩემს ნდობას, რადგან მათ მიმართ წარსულში და დღესაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ უმრავლესობას თავისი ადგილები უმცირესობისთვის დაეთმო, მაგრამ იმ ადამიანებმა ისეთი პირები წარმოადგინეს კომისიაში, რომლებსაც მხარს არ ვუჭერ.
-ვის გულისხმობთ პერსონალურად?
-ორი სამი ადამიანის გარდა, ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
-კომისიას უნდობლობა თავად დაზარალებულმა ზაზა სარალიძემაც გამოუცხადა. როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს ამ კომისიის მუშაობას, ან მის მიერ მომავალი დასკვნის დადებას?
-ამიტომაც ვამბობ, რომ არ შეიძლება ისეთი რაღაცის შექმნა, რომლის მიმართ ნდობა თავიდანვე არავის გააჩნია. გახსოვთ, რომ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება იმ ფონზე მოხდა, როცა საზოგადოება აღშფოთებული იყო, მაგრამ შემდეგ გადადგა მთავარი პროკურორი, გამოძიება გადაეცა შსს-ს, ამიტომ კომისია არა მხოლოდ ამ კონკრეტული საკითხის გარშემო კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ ზოგადად იმ მიზეზების გამოსაკვლევად, რის გამოც ქვეყანაში არსებობს უსამართლობის განცდა. პროკურატურას წინა ხელისუფლებიდან ბევრი ისეთი საქმე აქვს მოყოლილი, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. ასეთ, შემთხვევაში, უმრავლესობის წევრებს ბევრი კითხვა გაგვიჩნდებოდა, რადგან ეს საქმეები დახურული არ არის.
-თუკი ნდობაზეა საუბარი, მაშინ ასეთივე კრიტიკულია პარლამენტისა და საზოგადოების დიდი ნაწილი იუსტიციის მინისტრი მიმართ, რომელმაც საბოლოოდ უნდა წარადგინოს ახალი მთავარი პროკურორი. ფიქრობთ რომ თეა წულუკიანის პერსონალური ნდობის ფაქტორი, თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხში, პროტესტის ახალ ტალღას შექმნის?
-გამოძიებას და იუსტიციის მინისტრს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს სამინისტრო გამოძიებაში ერევა? დღევანდელი უსამართლობის განცდა არის არა თეა წულუკიანის, არამედ გამოძიების გამო. დღეს ოპონენტებმა დაგვაყვედრეს კიდეც, რომ თურმე ამ გამოძიების ჩასატარებლად დიდი ტვირთი იტვირთეს, არადა მახსოვს, მათი გამოძიებული საქმეები, რომლებიც დღეს თავიდან არის გამოსაძიებელი. მათი იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი კიდევ ძებნაში იმყოფებიან, მეხსიერება თუ არ მღალატობს. ახლა ამბობენ, მთავარი პროკურორის შერჩევაშიც ჩავერევითო, ამიტომ წინასწარ ვამბობ, რომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ეს საკითხიც ჩვენი გადასაწყვეტი უნდა იყოს.
-როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლება მოახერხებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, რომელიც შეიქმნა ხორავას საქმის გამო?
-ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ ვამბობთ რაღაცეებზე უარს და ეს არის შეცდომა. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ პროცესები კონტროლიდან გავიდეს. ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ხელისუფლებას ხელში მართვის სადავეები ეჭიროს, რადგან ქვეყანაში ჩვენ აგვირჩიეს იმიტომ, რომ დაგვენერგა სამართლიანობის განცდა და უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ ეს განცდა მოსახლეობას დავუბრუნოთ. ასეთ შემთხვევაში, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ იქნება, რადგან არჩევნების თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უპირობო მხარდაჭერა გააჩნია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გამყალბებელია.
0