14:34:24     05-06-2018
„მთავარი პრობლემა დღეს პროკურატურაა, სადაც შენარჩუნებულია როგორც საბჭოთა, ისე „ნაციონალური“ სისტემის ნარჩენები“

პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დროს მიღებული შეთანხმება განმარტა.
„კვოტების მიხედვით, 6 ადგილი კომისიაში ეკუთვნის უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ თავისი ფრაქციებით, ერთი ეკუთვნის „პატრიოტთა ალიანსს“, ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, თუმცა, დაველოდებით ოფიციალურ პასუხს მათგან. 16:00 საათამდე შეგვიძლია განვსაზღვროთ ამისთვის ვადა. შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობა გაიზრდება სამი ადგილით – 9 ადგილამდე და ერთი ადგილი დაემატება „პატრიოტთა ალიანსს“. ეს უნდა მოხდეს ფრაქციების მიერ საკუთარი კვოტის არ ათვისების ხარჯზე. ერთი აუთვისებელი ადგილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. უმრავლესობის მხრიდან ორი ადგილი უნდა დარჩეს აუთვისებელი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა და წევრთა კანდიდატურები წარმოდგენილი უნდა იყოს 16:00 საათამდე და შემდეგ დამატებით ვადას განვსაზღვრავთ საბოლოო შემადგენლობისთვის, როცა ფრაქციები არ აითვისებენ კვოტებს"“
PRESA.GE პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა:
- არსებობს კვოტა, რომლის დაკავებაც თქვენ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ. გაქვთ თუ არა სურვილი მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მას შეუძლია დადოს გარკვეული შედეგი?
- დიახ, არსებობს კვოტა დამოუკიდებელი დეპუტატის და უკვე წარვადგინე ჩემი კანდიდატურა. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ვალდებულია, საზოგადოებრივ ინტერესს უპასუხოს. ამ კომისიაში ვიქნები სწორედ ამ საზოგადოების წარმომადგენელი.
- როგორც ცნობილია, კომისიას ექნება საქმის მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობა და მოქმედებების ფართო მანდატი. როგორ ფიქრობთ, საქმესთან დაკავშირებულ პირთა შორის ვისი განმარტებები იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- იმ თანამდებობის პირებთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი. ვიცით, რომ მთავარი პრობლემა დღეს არის პროკურატურა და საინტერესოა, რამდენად ბოლომდე აწარმოებს ის თავის საქმიანობას, სადაც შენარჩუნებულია ძველი, როგორც საბჭოთა, ისე "ნაციონალური" სისტემის ნარჩენები და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. საზოგადოებას პრეტენზიები სწორედ ამის მიმართ აქვს და მე ამ პრეტენზიას გამოვხატავ.
- რა მოლოდინი გაქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიას არა აქვს საგამოძიებო მოქმედებების შესრულების უფლება. რას შეცვლის ამ ფორმატში მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები?
- წინასწარ არ ვიცი, რას შეცლის, ან არ შეცვლის. არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და საჭიროა, ამ ინტერესის დაკმაყოფილება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება თანამდებობის პირების დაბარება და ბევრი რამის გარკვევა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, საგამოძიებო კომისიაში მუშაობის გამოცდილებაც არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა. რადგან არსებობს დამოუკიდებელი დეპუტატის ადგილი, იქ უნდა ვიყო და ეს საზოგადოებრივი ინტერესი წარმოვადგინო.
0