„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 4 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.
PRESA.GE -სთან მიმდინარე საკითხებზე ეკა ბესელიამ ისაუბრა:
- თეა წულუკიანს არასამთავრობოებმა მოუწოდეს, რომ ამ პროცესში დისტანცირება მოახდინოს. ასევე საკამათოა კანდიდატურების საკითხი, რომელთა შესაძლო ვინაობაც უკვე გაჟღერდა. თქვენი სიმპატიები ვის მხარეს არის?
- ვიდრე არ დაიწყება ის ეტაპი, როდესაც ამ საკითხში პარლამენტი ერთვება, მანამდე ვერაფერს გეტყვით. კანდიდატის შერჩევისა და კონსულტაციების პროცესი არის მნიშვნელოვანი. როდესაც პარლამენტი ჩაერთვება, ბუნებრივია, მაღალი პასუხისმგებლობით ვიქნებით განწყობილი ამ პროცესის მიმართ. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, დღეიდან კონსულტაციები დაწყებულია. პირველ ეტაპზე, ამ პროცესს უძღვება იუსტიციის მინისტრი. კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წარედგინება სამი კანდიდატი. ამის შემდეგ, პროცესი გადადის მთავრობასთან. ეს ეტაპებია გასავლელი, ვიდრე ჩვენ კენჭისყრას ჩავატარებთ. ეს პროცესი გაწერილია და არის ერთთვიანი ვადა.
- დღეს გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შესაძლოა იყოს ერთერთი კანდიდატი...
- მე არ მსმენია კონკრეტულად ნათია მეზვრიშვილის შესახებ. მე შემიძლია თითოეულ კანდიდატზე ჩემი მოსაზრება გამოვხატო, მაგრამ კორექტული არ იქნება.
- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის კვოტირებას როგორ აფასებთ, და როგორ მოგწონთ ის ფაქტი, რომ ამ კომისიას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს?
- ეს არის საქმე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მუშაობის პროცესში არ უნდა დატოვოს არანაირი მიკერძოებულობისა და სუბიექტურობის, ან ცუდი ტენდენციების განცდა. ეს არის კომისია, რომელიც ძალიან გააზრებულად შევქმენით იმიტომ, რომ პარლამენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში აიღოს და დაეხმაროს საქმეს.
აქედან გამომდინარე, რადგან ოპოზიცია ამ კომისიაში უმრავლესობაში იქნება, პირადად მგონია, რომ კომისიის თავმჯდომარეობაზე პასუხისმგებლობაც ოპოზიციას უნდა შევთავაზოთ. ეს იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი პოლიტიკური გზავნილი, რომ მზად ვართ პროცესი არ იყოს რაიმე თვალსაზრისით, მათ შორის ნდობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშნების მატარებელი. ამ საქმეზე პოლიტიკური ინსინუაციების და პოლიტიკური მანიპულაციები რომ გამოვრიცხოთ, მე პირადად ამ საკითხს მხარს დავუჭერ, როცა საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა. მმართველ გუნდს არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, რომ ამ საქმეზე სიმართლე მიიჩქმალოს.
0
ავტორი: