რომან გოცირიძე: შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ წევრობისას ბიძინა ივანიშვილს ნიცშეს ეძახდა რომან გოცირიძე: შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ წევრობისას ბიძინა ივანიშვილს ნიცშეს ეძახდა />


  14:14:40     04-06-2018

რომან გოცირიძე: შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ წევრობისას ბიძინა ივანიშვილს ნიცშეს ეძახდა

a79513.jpg

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს.

​შესაბამისად, ამ თემაზე ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ კონსულტაციებში "ნაციონალური მოძრაობა" არ მონაწილეობს.

PRESA.GE ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების პარალელურად, პარლამენტში თქვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვით. როგორც კი მმართველმა გუნდი თქვენს მოთხოვნას დაეთანხმა, თქვენ ამ გადაწყვეტილების ბოიკოტირება გამოაცხადეთ. რა არის ამის მიზეზი, ან ერთ და ან მეორე შემთხვევაში?

- დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი არ იყო, მაგრამ სიტყვიერად მხარი დავუჭირეთ. მანამდე ჩვენ უამრავი კომისიის შექმნა გვქონდა მოთხოვნილი, რადგან მიგვაჩნდა, რომ საპარლამენტო კომისია არის ერთერთი ქმედითი ინსტრუმენტი პრობლემაში გარკვევასა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ პრობლემის გადაწყვეტისა. როდესაც დილით, ბიუროზე მხარს ვუჭერდით კომისიის შექმნას, მაშინ აბსოლუტურად სხვა სურათი იყო, ვიდრე მას შემდეგ, როცა უარი ვთქვით მასში მონაწილეობაზე.  აქციების აგორებას და გენერალური პროკურორის გადადგომას მოჰყვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და მასში ხელისუფლების როლის გაშიშვლება. კომისიის შექმნაზე დათანხმება ხელისუფლების მხრიდან იყო არა სიმართლის გარკვევის სურვილი, არამედ ხელისუფლების ფანდი კრიზისის დასაძლევად.

- გასაგებია, მაგრამ  საგამოძიებო კომისიის მუშაობას რომ დრო სჭირდება და მოცულობითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, თქვენ ქუჩის პროცესების დაწყებამდეც იცოდით და ახლაც იცით. არის თუ არა, თქვენი მხრიდან ასევე ფანდი, პროცესების სხვა გზით წასაყვანად?

- სამთვიანი კომისია ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში იქნება კაბინეტური მუშაობა, გამოითხოვენ საბუთებს, რომელსაც საგამოძიებო ორგანოები ან მისცემენ, ან - არა და დროთა განმავლობაში ეს პროცესი ქრონიკულში გადავა. 21 საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა გვაქვს ოპოზიციას დაყენებული, 4 - წინა პარლამენტში და დანარჩენი - ამ მოწვევის პარლამენტში. ახლა კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დროის მოგება უნდა. ეს არის პოლიტიკური ხრიკი და არა გულწრფელი სურვილი დამნაშავეების დასჯისთვის. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელშიც არ ჩავერთეთ. ყველაზე დიდი შედეგი ნებისმიერი კომისიის არის ის, რომ დაისაჯოს დამნაშავეები და პოლიტიკურად აგონ პასუხი პოლიტიკურმა პირებმა. კომისია ჯერ არც ჩამოყალიბებულა და გენერალური პროკურორი უკვე გადამდგარია. კრიზისი იმ დონემდეა უკვე მისული, რომ ჩვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ.

- ფაქტია, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნება წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, არის შეცვლილი. არაფერს არ ნიშნავს ეს?

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ხელისუფლებას შეეშინდა და ზეწოლის გამო დათანხმდა, ან მისი პოლიტიკური ნება შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ხრიკი. ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი არის სამი რამ: უსამართლობა, ძალადობა და სიღარიბე. ყველაფერმა ერთად იფეთქა და ხორავას საქმე იყო ბოლო წვეთი, როცა მოთმინების ფიალა გადმოვიდა. დღეს კომისიის შექმნით ვერავის მოატყუებენ. პოლიტიკური ძალების და საზოგადოების კონსესუსი მიდის იქითკენ, რომ საჭიროა რიგგარეშე არჩევნები და მთავრობის გადადგომა. რატომ დაგვყავს პრობლემა პატარა საკითხამდე, როდესაც ის ძალიან დიდია?

- როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი,  რათა  მის მიმართ არასანდოობისა და არაობიექტურობის შესახებ კითხვები არ გაჩნდეს?

- ნებისმიერი ადამიანი, ვინც ივანიშვილის ავტორიტარულ სისტემაში მუშაობდა, არის დაბეჩავებული და მარიონეტი. ამიტომ პროკურორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი პერსონა, რომელსაც რაიმე გამოცდილება ჰქონდა „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეხების. ამ სისტემის მონაწილე პირი დაუშვებელია, როგორი სიმპატიური და განათლებულიც არ უნდა იყოს. წარმოუდგენელია, ერთ ადამიანს შეეძლოს ხელისუფლებასთან, ივანიშვილთან, ძველ პროკურატურასთან გამკლავება. ის იქნება ერთერთი ლამაზი თოჯინა, რომელიც იდეალურ შემთხვევაში, გამოიძიებს ამ ერთ დანაშაულს და სინამდვილეში ვერ მოახდენს სისტემის რეფორმირებას. ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლება შეიცვლება, გარდამავალ პერიოდში კარგი იქნებოდა არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული კადრის დანიშვნა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა არ უნდა დანიშნოს.

- იქნებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი კანდიდატი, რომელსაც შესთავაზებთ მმართველ გუნდს?

- ძალიან არასერიოზული და იდეურად სასაცილოა, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდს კანდიდატურა შესთავაზოს. არაფერი გვაქვს სადაო შალვა შავგულიძესთან, მაგრამ ის იყო „ქართული ოცნების“ წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და იმ პერიოდში, სხვების მსგავსად ბიძინა ივანიშვილს ნიცშეს ეძახდა. 0

ავტორი: