„ბატონო ზაზა, იყავით მშვიდად, მაგრად და თავს გაუფრთხილდით,“ - ამ სიტყვებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, მოკლული დავით სარალიძის მამას მიმართა.
ანა დოლიძე, მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.
„დღეს, თვითონ მთავარმა პროკურორმა, თითქმის აღიარა კაპიტულაცია, იმით რომ ამდენი ხნის მერე მან თქვა, რომ ახლა უნდა ჩამოიყვანოს უცხოელი პროკურორები, რომლებმაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომელმა დავალება ვერ შეასრულეს.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა კითხვის ნიშანს ამ საქმეზე გაეცეს ამომწურავი პასუხი და ეს აღარ სჭირდება მარტო ბატონ ზაზას, ეს გვჭირდება ჩვენ, ქართველ ხალხს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მთავარი პროკურორის მიერ, დღეს გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
„დღეს მან თითქმის თვითონვე აღიარა, რომ ეს სტრუქტურა უუნაროა, ან არ აქვს ნება, რომ შესაბამისი პასუხები გასცეს კითხვებს, რომელიც ამ საქმეზე დაისვა. მან ეს თვითონ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოუწოდა უცხოელებს, რომ ჩართულიყვნენ. მე ვფიქრობ, რომ მან თავის მანდატს თვითონვე დაუსვა წერტილი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.
0
ავტორი: