თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს />


  12:26:35     31-05-2018

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

a79357.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რამდენიმე პირი დააკავეს.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ერთ-ერთი პირი, რომელიც მოკლული არასრულწლოვანის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნების ახლობლები გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გზას არ გადაკეტავენ. ხოლო ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი პირები გაემგზავრნენ პროკურატურასთან, სადაც აქციას გამართავენ.

საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
0

ავტორი: