დავით ბაქრაძე: საქართველოს სჭირდება სისტემა, სადაც ერთი პარტია ჯიბეში არ ჩაიდებს ყველა მანდატს დავით ბაქრაძე: საქართველოს სჭირდება სისტემა, სადაც ერთი პარტია ჯიბეში არ ჩაიდებს ყველა მანდატს />


  14:18:50     22-05-2018

დავით ბაქრაძე: საქართველოს სჭირდება სისტემა, სადაც ერთი პარტია ჯიბეში არ ჩაიდებს ყველა მანდატს

a79055.jpg

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მათ ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გარდა, საუბარი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას შეეხო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღებას გულისხმობს.

შეხვედრის შემდეგ PRESA.GE საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:

- როგორც ცნობილია, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით,  „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები არ გქონიათ. როდის აპირებთ შეხვედრას და რა შანსი გაქვთ საიმისოდ, რომ პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს?

- დღეს ყველა ჩვენი პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის მთავარი გამოწვევა გახლავთ ხელისუფლების მთლიანი კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საპარლამენტო ადგილები უფრო თანაბრად გადანაწილდეს პარტიებს შორის. პარლამენტში იყოს უფრო ძლიერი ოპოზიცია და პარლამენტის შემადგენლობა უფრო მეტად ასახავს ამომრჩევლის აზრს. ის გზა, რომ არ მოხდეს პირველი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული მანდატის წაღება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი საკითხი და შეესაბამება გრძელვადიან ინტერესს.

- როგორი იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა რეაქცია აღნიშნული ინიციატივის გაცნობისას?

- ელჩების მხრიდან  იყო დიდი ყურადღება და მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ის მხარდაჭერა, რომელიც ამ შეხვედრაზე  გამოითქვა, ახლო მომავალში დაფიქსირდება და აისახება ჩვენი პარტნიორების პოზიციაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა არ ემსახურება „ევროპული საქართველოს“ ინტერესს. ჩვენი გეგმაა, რომ 2020 წელს ჩვენ ვიყოთ პირველი პარტია და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთავის, მაგრამ პარტიებს და სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. საქართველოს სჭირდება სისტემა, სადაც ერთი პარტია ჯიბეში არ ჩაიდებს ყველა მანდატს. საქართველოს სჭირდება სისტემა, სადაც ოპოზიცია იქნება ძლიერი, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ბევრი პარტია და ამომრჩევლის ხმა. 

იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მოიძებნებიან დეპუტატები ვინც საღად შეაფასებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის პლიუსებს და უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ მის მიღებას. უახლეს დღეებში ვგეგმავთ სამუშაო წესის კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და გვექნება სამუშაო კონსულტაციები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთანაც. იმედი მაქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევძლებთ, პარტიულ ინტერესზე ზემოთ დავაყენოთ ქართული სახელმწიფოს ინტერესი.

​- იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა?

- საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელებით, შესაძლებელია მაჟორიტარული სისტემის იმგვარი ტრანსფორმაცია, რომელიც გამორიცხავს ყველა მაჟორიტარული მანდატის ერთი, მმართველი პარტიის მიერ მიღებას. ამისთვის საჭიროა შემდეგი სახის ცვლილებების განხორციელება: საქართველო დაიყოს 23 მანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქებად, ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო ოლქში წარადგენს მანდატების რაოდენობის შესაბამის კანდიდატებს; სამმანდატიან საარჩევნო ოლქებში მანდატების გადანაწილება ხდება ჩვეულებრივი უმრავლესობის პრინციპით და შემდეგი დათქმით: პირველი და მეორე მანდატი მიენიჭება პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, მესამე მანდატის მინიჭება კი მოხდება უდიდესი ნაშთის პრინციპით პირველი და მესამე შედეგის მქონე სუბიექტების კანდიდატებს შორის. პირველ ადგილზე გასული პარტიის შემთხვევაში, ნაშთი გამოითვლება მიღებულ ხმებს გამოკლებული ერთი მანდატის მოპოვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა.
0

ავტორი: