საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტამდე პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ქვეყანაში ორი მნიშვნელოვანი თარიღის კუთხით: ეს არის 26 მაისი და ნატო-ს სამიტი. ორივეგან პრეზიდენტის ჩართულობა და როლი არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. მე არ მგონია, რომ ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი არის საარჩევნო კამპანიაში და შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებისთვის. ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის მიმართ აბსოლუტურად გაერთიანებული. ამ თარიღებამდე არ ვაპირებ პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნული განცხადების შეფასება PRESA.GE-მ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის სთხოვა:
- როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ვიდრე არ ჩაივლის 26 მაისი და ნატო-ს სამიტი, მანამდე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩართვა არასწორი იქნება, თუმცა მან არ უარყო, რომ კამპანიაში აუცილებლად ჩაერთვება. გაქვთ მოლოდინი, რომ ის დაასახელებს საკუთარ კანდიდატურას?
- რა იქნება სწორი და არასწორი, ამას ვერც საზოგადოებას უკარნახებს ვინმე და ვერც პოლიტიკოსებს, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარში დამაზიანებელი არაფერია, კანდიდატურაზე ნებისმიერ დროს შეიძლება ლაპარაკი. თუ გიორგი მარგველაშვილი თავისი მხრიდან საუბრობს, რომ ის ნატო-ს სამიტის შემდეგ იტყვის თავის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, მისი საქმეა. თუმცა, გადაწყვეტილებას სამიტამდე იტყვის თუ სამიტის შემდეგ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და მისი განცხადება, რაღაც აზრების ფრქვევას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ და საფუძვლიან მოსაზრებას.
- თქვენ ფიქრობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი?
- იქნება თუ არ იქნება, მე მოლოდინი მაქვს , თუმცა ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ.
- ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში შეთანხმების რესურსი რამდენად არსებობს და მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იქნება თუ არა გადამწყვეტი?
- არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. ვიცით, რომ არიან უმრავლესობაში ადამიანები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებსაც გარკვეული პოზიციები გააჩნიათ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რათა ავტორიტეტულმა პირებმა თავისი არგუმენტები წარმოადგინონ. ხვალ იქნება ამ საკითხზე კონსულტაციები.
- თქვენთვის თუ არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი, ან თუ ჰქონდათ კომუნიკაცია მასთან უმრავლესობის ლიდერებს?
- მისი პოზიცია უფრო მეტად მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებს მოვუსმენთ. ამის შემდეგ პოზიციები გაირკვევა და ეს არ ეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს.
- „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, თუმცა მისი პროცენტული მაჩვენებლები გაზრდილია რეგიონებში. რამდენად სარწმუნოა გამოქვეყნებული სტატისტიკა და რამდენად დამაკმაყოფილებელია ხელისუფლებისთვის ეს მონაცემები?
- უმუშევრობის დონის შემცირებაზე ისიც მეტყველებს, რომ ინვესტიციების რაოდენობაა გაზრდილი და შესაბამისად სამუშაო ადგილების რაოდენობაც. თუმცა, ეს არანაირად დამაკმაყოფიელებელი არ არის და ძალიან შორს არის მთავარი ამოცანისგან, რომელიც გულისხმობს საქართველოში სოციალური, ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციას.
0
ავტორი: